Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

პრეზიდენტის არჩევნების შეფასებები ზუგდიდში


ზუგდიდი
ზუგდიდი
ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტის არჩევნებს დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე არ დაფიქსირებულა ისეთი დარღვევები, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.

ამასთან, საოლქო კომისიაში აღნიშნავენ, რომ, გასულ წელთან შედარებით, ამომრჩეველი წელს ნაკლებად აქტიური იყო, კერძოდ კი, 27 ოქტომბერს უბნებზე 11%-ით ნაკლები მოქალაქე მივიდა, ვიდრე შარშან.

ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზუგდიდშიც ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა პრეზიდენტობის სამ კანდიდატზე გადანაწილდა:

„გამარჯვებულმა კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო 46,81%, დავით ბაქრაძემ - 40,95%, მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ კი - 8,57%“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზაზა ხვიტიამ, საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა.

მისი ცნობით, საარჩევნო უბნებზე სულ 7 საჩივარი დაიწერა და ყველა პროცედურულ დარღვევებს ეხება.

27 ოქტომბრის არჩევნებს დადებითად აფასებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც კენჭისყრის დღეს უბნების მონიტორინგს აწარმოებდნენ.

გვქონდა უბნები, სადაც კომისიის თავმჯდომარემაც კი არ იცოდა საკუთარი უფლებამოსილება, - არაფერს ვამბობ კომისიის წევრებზე. იყო არაორგანიზებულობა. ზოგიერთ უბანზე ადმიანები ისე გამოდიოდნენ და ისე ტოვებდნენ საკუთარ უფლება-მოვალეობას, რომ ჩანაწერთა წიგნში არ ხდებოდა ამის აღნიშვნა...
მალხაზ ჭკადუა
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის მალხაზ ჭკადუას განცხადებით, საქართველოში აქამდე ჩატარებული არჩევნებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას სწორედ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნები იმსახურებს.

მიუხედავად ამ შეფასებისა, ორგანიზაციაში, რომელიც ზუგდიდში კენჭისყრის პროცესის მონიტორინგს 12 დამკვირვებლით და ერთი მობილური ჯგუფით აწარმოებდა, აცხადებენ, რომ ამ არჩევნებმა აჩვენა ის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მომავალში აუცილებლად მოუწევს:

„გვქონდა უბნები, სადაც კომისიის თავმჯდომარემაც კი არ იცოდა საკუთარი უფლებამოსილება, - არაფერს ვამბობ კომისიის წევრებზე. იყო არაორგანიზებულობა. ზოგიერთ უბანზე ადმიანები ისე გამოდიოდნენ და ისე ტოვებდნენ საკუთარ უფლება-მოვალეობას, რომ ჩანაწერთა წიგნში არ ხდებოდა ამის აღნიშვნა“.

საუბნო კომისიის შემადგენლობის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს „დემოკრატიის განვითარებისა და კვლევების ცენტრის“ წარმომადგენელი გურამ ჩიხლაძეც.

ორგანიზაცია ცესკოს მიმართავს რეკომენდაციით, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც საუბნო კიმისიის წევრებს უტარდებათ სასწავლო კურსები, მათზე დასწრება იყოს აუცილებელი და გაცდენაზე დააწესონ გარკვეული სანქციები. სხვა შემთხვევაში, გურამ ჩიხლაძის განმარტებით, ჩვენ თავიდან ვერ ავიცილებთ ისეთ პროცედურულ დარღვევებს, როგორსაც ადგილი ჰქონდა 27 ოქტომბერს:

მაშინ მანქანებით, ტრაქტორით, ავტობუსით მოჰყავდათ ხალხი და ახლა ყველა საკუთარი ნებით მივიდა. ეს არჩევნები იყო უფრო მოწესრიგებული, ვიდრე წინა წლებში...
ზურა ჟვანია
„ვერ ასწრებდნენ უბნის დროულად გახსნას ან დახურვას, აგვიანებდნენ. ოქმებს აბარებდნენ, რომლებსაც ან ბეჭდები, ან ნაკვეთები არ ჰქონდა. არ იცოდნენ კარგად, რა შეიძლება ჩაითვალოს აგიტაციად“.

კენჭისყრის დღეს მოქალაქეთა დაბალ აქტივობას გურამ ჩიხლაძე აფასებს როგორც ერთ-ერთ ჩვეულებრივ დემოკრატიულ მოვლენას, რადგან გასულ წელს მოქალაქეები პოლიტიკურ სუბიექტებს ორგანიზებულად და ხშირად მათი სურვილის წინააღმდეგ მიჰყავდათ საარჩევნო უბნებზე, წელს კი არჩევანის დასაფიქსირებლად მივიდა მოქალაქე, რომელსაც რეალურად ჰქონდა სურვილი არჩევნებში მონაწილეობის მიღების.

ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ორგანიზაციის ამ აზრს ემთხვევა ზუგდიდის მკვიდრის, ზურა ჟვანიას აზრიც. მან რადიო თავისუფლებას, ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული სხვა რესპონდენტების მსგავსად, უთხრა, რომ პრეზიდენტის არჩევნები ყველა წინა არჩევნებისგან სიმშვიდით განსხვავდებოდა:

„მაშინ მანქანებით, ტრაქტორით, ავტობუსით მოჰყავდათ ხალხი და ახლა ყველა საკუთარი ნებით მივიდა. ეს არჩევნები იყო უფრო მოწესრიგებული, ვიდრე წინა წლებში“.

„გასულ წელს დაძაბულობა შეიმჩნეოდა, წელს კი სიმშვიდე იყო“, - გვითხრა მთვარისა მოსიამ.

„არც ველოდი, არჩევნები ასე კარგად თუ ჩაივლიდა“, - ამბობს გული გაბუნია.
„მე საკმაოდ დიდი ასაკის ქალი ვარ და ასეთი კარგი არჩევნები ჯერ არ მახსოვს“, - ამბობს ციალა ფაცაცია.

#67 საოლქო საარჩევნო კომისიის ცნობით, ზუგდიდში რეგისტრირებული 127 937 ამომრჩევლიდან 27 ოქტომბერს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა 44 589 მოქალაქემ მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 34, 85% შეადგენს.
საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებზე შემაჯამებელი ოქმის წარდგენას კანონით დადგენილ ვადაში, კენჭისყრის დღიდან 11 დღის განმავლობაში, გეგმავს.
XS
SM
MD
LG