Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აწი რუსეთთან ერთად“ - Z ბლოგერები საქართველოს აშშ-სთან ერთობლივი წვრთნების გაუქმებას ულოცავენ


Z-ბლოგერებს უხარიათ, რომ აშშ საქართველოში სამხედრო წვრთნებს აღარ ჩაატარებს. მათი მტკიცებით, ეს ხელისუფლების “დაჭკვიანების” შედეგია.

რუს სამხედრო პროპაგანდისტებს არ გამოჰპარვიათ, რომ აშშ-მა საქართველოში დაგეგმილი სამხედრო წვრთნები “განუსაზღვრელი ვადით” გადადო.

მიზეზი ხელისუფლების “ცრუ ბრალდებებია”, თითქოს აშშ და დასავლეთი აიძულებენ საქართველოს “გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ”, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის 5 ივლისის განცხადებაში.

ამ განცხადების შემდეგ Z-პროპაგანდა ისევ საქართველოს “აზრზე მოსვლასა” და “დაჭკვიანებაზე” ალაპარაკდა.

აშშ “თბილისს გაუნაწყენდა”, მაგრამ “თბილისს ალბათ ძალიანაც არ დასწყდება გული”, - დაწერა ტელეგრამში ე.წ. სამხედრო კორესპონდენტმა, ალექსანდრ კოცმა.

საქართველომ ჭკუა ისწავლა, აშშ-სთან თანამშრომლობა თავის დროზე რუსეთთან ომად დაუჯდა და არც უკრაინის მაგალითის გამეორება უნდა, - დაამატა მან.

ვაშინგტონი საქართველოს ხელისუფლებით უკმაყოფილოა და მალე მას “ღიად პრორუსულსაც” დაუძახებს, - ივარაუდა ბლოგერმა ბორის როჟინმა, რომელსაც ტელეგრამში თითქმის 900,000 გამომწერი ჰყავს.

ზოგისთვის ეს ამბავი სახუმაროც გახდა.

“იქნებ საქართველომ აწი რუსეთთან ერთად ჩაატაროს წვრთნები”, - დაწერა ერთმა. “[წვრთნების გაუქმება] ძალიანაც სასარგებლოა. საქართველოს უსაფრთხოება საგრძნობლად განმტკიცდება”, - იხუმრა მეორემ.

ეს “ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ახალი ნაბიჯია!” - მიულოცა საქართველოს “როგანდარმა”, ანტიდასავლური პროპაგანდის გამავრცელებელმა მედიასაშუალებამ.

ბოლო თვეებია, “ქართული ოცნება” Z-პროპაგანდისტებისგან ქათინაურებს ხშირად იღებს. ე.წ. აგენტების კანონის მიღებისა და დასავლეთიდან წამოსული კრიტიკის შემდეგ, პროპაგანდა ხელისუფლებას “სუვერენიტეტის დაცვისა” და “შეუპოვრობისთვის” აქებს.

“სოლიდარობა კრემლის სახელით”

წვრთნების გაუქმება გააშუქა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეკომპანია “ზვეზდამაც”.

მათ გამოაქვეყნეს ინტერვიუ მიხეილ ჟღენტთან, რომელიც პროკრემლისტური პარტიის, “სოლიდარობა მშვიდობის სახელით” თავმჯდომარეა.

მიხეილ ჟღენტმა გაიმეორა კრემლის პროპაგანდისა და “ქართული ოცნების” დაუსაბუთებელი ბრალდებები, თითქოს ვაშინგტონი ცდილობს, აომოს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ.

წვრთნების გაუქმება იმის ნიშანია, რომ ისინი ჩაფლავდნენ. “ამერიკელები საქართველოდან წასასვლელად ემზადებიან, რადგან დაინახეს, რომ ვეღარაფერს დაიჭერენ”, - თქვა ჟღენტმა.

მიხეილ ჟღენტიცა და პარტიის კიდევ ერთი წევრი, ბიზნესმენი მამუკა ფიფიაც კრემლის კონტროლირებად მედიას ხშირად სტუმრობენ. ძირითადად, იმას ამბობენ ხოლმე, რისი გაგონებაც პროპაგანდისტებს სურთ.

მაგალითად, 7 ივნისს მამუკა ფიფიამ ვლადიმირ სოლოვიოვის არხს უთხრა, რომ აშშ-ის სანქციები დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობას დაასრულებს.

როდესაც თბილისში “აგენტების კანონს” აპროტესტებდნენ, ფიფია მხარს უბამდა პროპაგანდას და “უდასტურებდა”, რომ დასავლეთი თითქოსდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს.

რაც შეეხება მიხეილ ჟღენტს, მოსალოდნელ გადატრიალებაზე ის ჯერ კიდევ 2023 წლიდან მოყოლებული საუბრობს.

საქართველოში მიმდინარე ანტისახელისუფლებო აქციებს, კრემლი “რევოლუციის მცდელობას” აქა-იქ ადრეც ეძახდა, მაგრამ წელს მისმა პროპაგანდამ “ქართული ოცნება” შეიყვარა და მას ხშირად ესარჩლება.

“ქართული ოცნებისგან“ ახლა ახალ ნაბიჯებსაც ელოდებიან.

4 ივლისს, გავლენიამა რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მიხეევმა თქვა, რომ საქართველომ რუსეთს უნდა მიბაძოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) უნდა დატოვოს.

“საქართველო მალე მომწიფდება”, - თქვა მიხეევმა მას შემდეგ, რაც PACE-ს რეზოლუციამ გააკრიტიკა ხელისუფლება “აგენტების კანონის“ მიღებისა და აქტივისტებზე თავდასხმების გამოუძიებლობის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG