საქართველოს პარლამენტთან უკვე 12 დღეა, რაც საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეებს პირველი დღიდან ჰქონდათ სამი ძირითადი მოთხოვნა:
- გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.
- გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომელიც სამართალდამცველებმა 20 ივნისს, საპროტესტო აქციის დარბევის პროცესში და შემდეგ დააკავეს.
- არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.
ამ მოთხოვნებიდან ორი უკვე დაკმაყოფილდა, თუმცა დემონსტრანტები მანამდე არ აპირებენ დაშლას, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.
პარლამენტთან შეკრებილი ხალხის აზრით, საქართველო ევროპის ნაწილია, ხოლო რუსეთი ოკუპანტია და მათ არ სურთ საბჭოთა წარსულში დაბრუნება.
წამოყენებული მოთხოვნებიდან შეუსრულებელი მხოლოდ ერთი, შს მინისტრის გადადგომა დარჩა. პარლამენტის წინ კი კვლავაც ჯიუტად იკრიბება მოსახლეობა და გიორგი გახარიას გადადგომისკენ მოუწოდებს.
რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოსათქმელად გამოსულ მოსახლეობას თან მცირეწლოვანი ბავშვებიც ახლავთ.
პროტესტს ვერც წვიმა ანელებს, მოსახლეობა კვლავაც იკრიბება პარლამენტთან. როგორც ისინი ამბობენ, აქცია მათი მეორე და უმთავრესი სამსახურია. დემონსტრანტებს ველოსიპედისტებიც შეუერთდნენ.
ახალგაზრდები პროტესტს სხვადასხვა პერფორმანსითაც გამოხატავენ. ერთ საღამოს მათ თვალი წითელი ლენტით აიკრეს და ასე მოითხოვდნენ შს მინისტრის გადადგომას.
პროტესტის ნიშნად რამდენიმე მოქალაქე შიმშილობს. ერთ-ერთი მოშიმშილე აქციის დროს ცუდად გახდა და ის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
"თავისუფლების მარში" მოეწყო რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.
აქციის მონაწილეები დგანან თვალაკრულნიც, ამით ისინი თანადგომას გამოხატავენ დაშავებული აქციის მონაწილეების მიმართ და ასევე რუსულ ოკუპაციასაც აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს 19:00-დან 23:00-მდე იკრიბებიან პარლამენტთან, რადგან მეტრო ამ დროისთვის იკეტება და როგორც ორგანიზატორები ამბობენ, არ სურთ დისკომფორტი შეექმნათ დემონსტრანტებს.
ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს სერგეი გავრილოვს.
იმ საღამოსვე დაიწყო პროტესტი. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შეღწევა სცადა, შედეგად დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ართმევდნენ ფარებსა და ჩაფხუტებს.
პარლამენტში ძალით შესვლის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აქციის მონაწილეები პოლიციელებს ქვებს, ბოთლებს და სხვა საგნებს ესროდნენ. ორივე მხრიდან დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. დაშავდნენ ჟურნალისტებიც.