Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ჩრდილოვანი ეკონომიკა იზრდება


უმუშევრობის ზრდა, რეცესია, ბიუჯეტის შემცირება - ევროპას არყევს ფინანსური მომჭირნეობის ზომები იმ დროს, როცა მთავრობები ცდილობენ გააჯანსაღონ თავიანთი დაავადებული ეკონომიკები. თუმცა არსებობს, სულ მცირე, ერთი სფერო, სადაც ერთგვარი ბუმია. ესაა ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი ეტანება მძიმე საფინანსო პერიოდში თავის რჩენის მიზნით.

იუსუფ აჰმიჩი ბოსნიის ქალაქ ტუზლაში ცხოვრობს. იგი თავს ირჩენს აბაზანის კაფელის დაგებით, რაშიც 5 დოლარს უხდიან კვადრატულ მეტრში. მაგრამ მას მხოლოდ მაშინ აქვს სამუშაო, როდესაც სანტექნიკოსი მეგობრები დახმარებისათვის დაუძახებენ. ამ მძიმე დროში იგი თავს ვერ აძლევს იმის უფლებას, რომ დაარეგისტრიროს თავისი ბიზნესი - არ აპირებს რაიმე გადაუხადოს სახელმწიფოს მაშინ, როცა ოჯახის შენახვაც კი უჭირს.

„სახელმწიფო უსარგებლოა, მას მხოლოდ მიაქვს და უკან არაფერს აბრუნებს. არ არსებობს არანაირი სტიმული მცირე ბიზნესისათვის. ასე რომ, მე დაურეგისტრირებლად გავაგრძელებ მუშაობას. თუკი ისინი დამიჭერენ, რა უნდა ვქნა? ვერ შევცვლი ვითარებას, რომელშიც ვიმყოფები“.
გამოიყოფა ორი ჯგუფი, სადაც ყველაზე მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკაა. აღმოსავლეთ ევროპაში ესაა ბულგარეთი და რუმინეთი ...
ფრიდრიხ შნაიდერი

აჰმიჩი ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომლებიც ევროპის ეკონომიკური კრიზისის გამო ჩრდილოვან ეკონომიკაში ეძებენ თავშესაფარს. ეს არის სამყარო, სადაც ადამიანები კანონიერ საქმიანობას ეწევიან, თუმცა შემოსავლებს სახელმწიფოს უმალავენ. ევროპის საერთაშორისო „ვიზა“ ბანკის მონაცემებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ევროპაში 2007-დან 2011 წლამდე 5 პროცენტამდე გაიზარდა, რაც 2,2 ტრილიონ ევროს შეადგენს. რაც შეეხება ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებს, ავსტრიის ლინცის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ფრიდრიხ შნაიდერი შემდეგ ქვეყნებს ჩამოთვლის:

„გამოიყოფა ორი ჯგუფი, სადაც ყველაზე მაღალი ჩრდილოვანი ეკონომიკაა. აღმოსავლეთ ევროპაში ესაა ბულგარეთი და რუმინეთი, იქ არსებული უვარგისი მმართველობითი სისტემითა და კორუფციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით. ასევეა საბერძნეთში“.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში მთელი ეკონომიკური საქმიანობის 32 პროცენტი ბულგარეთში ჩრდილოვან ეკონომიკაში იყო მოქცეული, რუმინეთში კი 29 %-ს შეადგენდა ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა.
კარგი გამოსავალია ფიქსირებული გადასახადების შემცირება ოფიციალურ ეკონომიკაში და ამ სახსრების ოფიციალურ სექტორში მიმართვა ...
დალიბორ როჰაჩი

ადამიანები თავის გადასარჩენად ჩრდილოვან ეკონომიკას აფარებენ თავს, მაგრამ რაც უფრო მაღალია ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა, მით უფრო ზარალდება სახელმწიფოს შემოსავალი, რაც, თავის მხრივ, ვალების კრიზისს უწყობს ხელს. ზოგიერთ ქვეყანაში - მაგალითად, იტალიაში - სახელმწიფო ვალების კრიზისი უფრო მარტივად და სწრაფად მოგვარდებოდა, თუკი ჩრდილოვანი ეკონომიკა საგადასახადო ადმინისტრირებას დაექვემდებარებოდა. თუმცა, როგორც ლონდონში არსებული ლეგატუმის ინსტიტუტის ეკონომისტი დალიბორ როჰაჩი მიიჩნევს, ჩრდილოვანი ეკონომიკური საქმიანობის დაბეგვრას სახელმწიფოს მხრიდან დრაკონული ზომების განხორციელება დასჭირდებოდა:

„მთავრობის ამოცანა არ არის ძლიერი დამსჯელი ზომებით სცადოს ჩრდილოვან ეკონომიკაში ჩარევა, რადგან მაშინ, ყველაფერთან ერთად, საჭირო გახდება საქონლისა და მომსახურების შეძენა, რაც ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებულ ადამიანებს შემოსავალს მისცემდა. კარგი გამოსავალია ფიქსირებული გადასახადების შემცირება ოფიციალურ ეკონომიკაში და ამ სახსრების ოფიციალურ სექტორში მიმართვა“.

ეკონომისტის თქმით, ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებული ბევრი ადამიანი მოახდენდა საკუთარი საქმიანობის ლეგალიზებას, თუკი მათ ამის საშუალება მიეცემოდათ. იგულისხმება ბიზნესის სწრაფი რეგისტრაცია და შეღავათიანი კრედიტი. შესაბამისად, სანამ ასეთი რამ არ არსებობს, სურვილის მიუხედავად, არც ტუზლაში მცხოვრები იუსუფ აჰმიჩი ჩქარობს ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამოსვლას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG