Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO-ს ევროპის რეგიონული დირექტორი - „ძალადობას არ აქვს გამართლება! უნდა გვქონდეს ნულოვანი შემწყნარებლობა!“


7 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გამართული ბრიფინგის მთავარი თემა იყო ძალადობის შემთხვევების ზრდა COVID-19-ის პანდემიის ფონზე.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ღრმად შეშფოთებულია ცნობებით ბევრი ქვეყნიდან, მათ შორის: ბელგიიდან, ბულგარეთიდან, საფრანგეთიდან, ირლანდიიდან, რუსეთის ფედერაციიდან, ესპანეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა, ძალადობის შემთხვევების ზრდის შესახებ, მათ შორის, ცნობებით ქალებისა და კაცების მიმართ პარტნიორის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე ინფორმაციით, აგრეთვე ცნობებით ბავშვთა მიმართ ძალადობაზე. ეს ზრდა უკავშირდება COVID-19-ის გამო გატარებულ შეზღუდვებს“, - აცხადებს WHO-ს ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე.

მანვე აღნიშნა, რომ გასული წლის აპრილთან შედარებით, მიმდინარე წლის აპრილში ქალთა მიმართ ძალადობა გაზრდილია 60%-ით. ძალადობის პრევენციისთვის განკუთვნილი ცხელი ხაზების გამოყენება კი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროგნოზით, თუკი საკარანტინო იზოლაციის ზომები გაგრძელდება ექვსი თვე, უნდა ველოდოთ გენდერზე დაფუძნებული ძალადობის დამატებით 31 მილიონზე მეტ შემთხვევას მსოფლიოში. ცნობილია, რომ ძალადობის შემთხვევების მხოლოდ ნაწილი აღირიცხება და ნაწილი უხილავი რჩება.

ჰანს კლუგე მიმართავს მთავრობებს, საზოგადოებებს, ძალადობის მსხვერპლებს:

„დღეს მაქვს სამი გზავნილი. პირველი არის მთავრობებისა დაა ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის და ეს არ უნდა იყოს განხილული, როგორც არჩევანი, არამედ ეს უნდა მიიღოთ, როგორც მორალური ვალდებულება - ეს არის ძალადობის საპასუხო სერვისებისა და რესურსების უზრუნველყოფა და ცხელი ხაზებისა და ინტერნეტსერვისების გაფართოება. მეორე გზავნილი არის საზოგადოებებისთვის: ძალადობა არ არის პირადი საქმე. დაუკავშირდი და დაეხმარე მეზობლებს, ნაცნობებს, ოჯახებს და მეგობრებს. თუკი დაინახავ რამეს, თქვი კიდეც! მესამე გზავნილი არის მათთვის, ვინც ძალადობას განიცდის: შენ მიმართ ძალადობა არასდროს არის შენი ბრალი! არასდროს! შენი სახლი უნდა იყოს უსაფრთხო შენთვის. დაუკავშირდი უსაფრთხოდ ოჯახს, მეგობრებს, თავშესაფრებს ან საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც გულთან ახლოს მიიტანენ შენს უსაფრთხოებასა და დაცულობას. ძალადობას არ აქვს გამართლება! უნდა გვქონდეს ნულოვანი შემწყნარებლობა ძალაუფლების არასათანადოდ გამოყენების მიმართ - იქნება ეს ფიზიკური, სექსუალური, ემოციური, უგულებელმყოფელი თუ ფინანსური ძალადობა“.

ძალადობის მიმართ მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს შორის ჰანს კლუგემ დაასახელა: ხანდაზმული ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, იძულებით გადაადგილებულები ან ლტოლვილები, კონფლიქტურ ზონებში მცხოვრები ადამიანები.

„პანდემიამდე ოთხიდან ერთ ქალს და სამიდან ერთ ბავშვს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობა. ეს არის მიუღებელი!

მტკიცებულებები გვაჩვენებს, რომ ადამიანებს შორის ძალადობა იზრდება ნებისმიერი სახის საგანგებო ვითარების დროს“, - აცხადებს კლუგე.

XS
SM
MD
LG