Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხელი კვირის მთავარი მოვლენები


მეწყერი დარიალის ხეობაში
მეწყერი დარიალის ხეობაში

კვირის მთავარი თემა სტიქია იყო - იგულისხმება როგორც მაღლი სიცხე, ასევე კვირის ბოლოს დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერი. ტემპერატურის მატების კვალდაკვალ საქართველოს ტყეებში ხანძრების შემთხვევებიც გაიზარდა. გარდა ამისა, შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური გახდა განათლებისა და ბაღა-ბაღების საკითხი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დღეში მეხანძრეებს 40-50 გამოძახება აქვთ. დაბა კიკეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, დაუდევრობით გაჩენილმა ცეცხლმა 10 ჰექტარის ფართობზე გაანადგურა ნარგავები. ხანძრის ადგილას მისასვლელად და ცეცხლის ჩასაქრობად მაშველებს გარკვეულ მონაკვეთზე ტყის გაჩეხაც დასჭირდათ.

20 აგვისტოს, ღამით, ორი ადამიანი დაიკარგა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო. დარიალჰესის მშენებლობაზე მომუშავეები, სავარაუდოდ, ჰესის ტექნიკურ გვირაბში ჩარჩნენ. მოგვიანებით ერთ-ერთის ცხედარი თერგმა გამორიყა. გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქეა. სტიქიური უბედურების შედეგად, ასევე ჩაიხერგა რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და სამი დღით მწყობრიდან გამოიყვანა ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენი, რომლითაც სომხეთი ბუნებრივი აირით მარაგდებოდა. უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე მეწყერი მეორედ ჩამოწვა. 2014 წლის 17 მაისს სტიქიურმა უბედურებამ ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ადგილი, სადაც ეს ჰესები შენდება, არასწორადაა შერჩეული წინასწარი კვლევების დროს, ანუ გარემოს ზემოქმედების შეფასება ჩატარდა არასწორად...
ირაკლი მაჭარაშვილი

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ლარსი-ჰესის სათავე ნაგებობა და დარიალ-ჰესის სადერივაციო გვირაბის პორტალი განთავსებულია მდინარეების დევდორაკისა (იმავე ამალის) და თერგის შესართავთან, რაც საფრთხეს უქმნის როგორც ჰესების მშენებლობა-მუშაობას, ასევე იქ დასაქმებულ პერსონალს:

„ადგილი, სადაც ეს ჰესები შენდება, არასწორადაა შერჩეული წინასწარი კვლევების დროს, ანუ გარემოს ზემოქმედების შეფასება ჩატარდა არასწორად და, შესაბამისად, ეს ობიექტები დაიგეგმა არასწორად. იმისათვის, რომ მაქსიმალური მოგება - ანუ, თეორიულად, მაქსიმალური სიმძლავრე - მიეღოთ, გვირაბი გააკეთეს მაქსიმალურად ქვემოთ დარიალის ხეობაში და აღმოჩნდა მდინარე დევდორაკის პირდაპირ. ამიტომაც ორჯერ დაეჯახა მეწყერი სადერივაციო გვირაბის პორტალს. ასეთი რამ ყოველთვის მოხდება“.

შემოდგომა ახლოვდება და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა მაჟორიტარ დეპუტატებსა და გამგებლებს მოუწოდა თბილისში მოიძიონ ადგილები, სადაც ახალ ბაგა-ბაღებს გახსნიან. მისი განცხადებით, თბილისში შექმნილია სავალალო ვითარება: ბაღებში შეზღუდული ადგილების გამო, ათასობით ოჯახმა ვერც წელს მოახერხა საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია. საკრებულოში აცხადებენ, რომ თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი 159 ბაღი მოთხოვნებს ვერ პასუხობს და მათი რაოდენობა დედაქალაქში ასით მაინც უნდა გაიზარდოს:

„დღეს თბილისის საბავშვო ბაღების ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა აბსოლუტურად შეუსაბამოა სტანდარტთან. თუ ჯგუფში უნდა იყოს 20-25 ბავშვი, არის ბაღები, სადაც 40 და მეტი ბავშვი ზის. ამას ემატება სანიტარულ-ჰიგიენური, კვებასთან დაკავშირებული აღმზრდელობითი სტანდარტები, რომლებიც სათანადოდ არ არის დაცული. ამას ემატება ბაღების ინფრასტრუქტურა, სათამაშო მოედნის მდგომარეობა. ყველა მხრივ ვითარება არის ძალიან მძიმე და მისახედი“.

ამ სისტემის ფარგლებში, პირველ რიგში, უმაღლესი განათლება უნდა მივცეთ პედაგოგს, ის თავიდანვე უნდა იყოს მომზადებული. ვიცით, რომ პედაგოგიკა რეგულირებადი სფეროა, თუმცა არც სტანდარტი და არც საკვალიფიკაციო ჩარჩო ამასთან მიმართებით არ არსებობდა, მხოლოდ ახლა კეთდება...
თამარ სანიკიძე

ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით 18 აგვისტოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონფერენცია ჩაატარა და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა წარმოადგინა.

როგორც განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, ცვლილებები ორ ნაწილად გაიყო და განსახორციელებლად 2014 და 2015 წლებზე გადანაწილდა. წლევანდელი ცვლილებებიდან ერთ-ერთი ზამთრის არდადეგების ხარჯზე სასწავლო წლის ხანგრძლივობის გაზრდაა. ცვლილება შეეხო ე.წ. სადამრიგებლო საათსაც. თამარ სანიკიძის განცხადებით, საწყის საფეხურზე სადამრიგებლო საათი კითხვითი უნარების განვითარებასა და წაკითხულის ანალიზს დაეთმობა. მინისტრის თქმით, სისტემურად შეიცვლება მასწავლებლების კარიერის დაწყების, მათი პედაგოგიური განვითარებისა და შემდგომ უკვე შეფასების პრაქტიკაც:

„ამ სისტემის ფარგლებში, პირველ რიგში, უმაღლესი განათლება უნდა მივცეთ პედაგოგს, ის თავიდანვე უნდა იყოს მომზადებული. ვიცით, რომ პედაგოგიკა რეგულირებადი სფეროა, თუმცა არც სტანდარტი და არც საკვალიფიკაციო ჩარჩო ამასთან მიმართებით არ არსებობდა, მხოლოდ ახლა კეთდება. უკვე მოღვაწე პედაგოგებსაც გადავამზადებთ. მათ მიეცემათ განვითარების საშუალება - შემოგვაქვს ევროპაში ფართოდ დამკვიდრებული კრედიტების დაგროვების სისტემა, რომელიც ნიშნავს, რომ მასწავლებელი თავისი ცოდნის და მიღწევების მიხედვით აგროვებს გარკვეულ კრედიტებს და ამ კრედიტების მიხედვით ის ან რჩება თავის ადგილას, ან წინ მიიწევს“.

23 აგვისტოს გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებში მონაწილე 35 500 აბიტურიენტიდან სტუდენტი 26 000-ზე მეტი გახდა, 9 000-ზე მეტი აბიტურიენტი კი კონკურსს გამოეთიშა და ჩარიცხვებში მონაწილეობა ვერ მიიღო.

20 აგვისტოს ანაკლიაში ფესტივალი „კაზანტიპი“გაიხსნა. ის ათი დღე გაგრძელდება. ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო საზოგადოებაში. განსაკუთრებით მას სასულიერო პირები ეწინააღმდეგებოდნენ.

ასევე 20 აგვისტოდან კიდევ ერთი სიახლეა: იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პირადობის ახალი მოწმობა ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 15 ლარი ეღირება.

ჩვენი ოპონენტები ამბობენ - აი, ხაჯიმბა მოვა და პირველს რასაც გააკეთებს, თქვენ ყველას გაგყრით აქედან საქართველოშიო. ტყუილია ეს...
რაულ ხაჯიმბა

24 აგვისტოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები ტარდება დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე. არჩევნებში 4 კანდიდატი იღებს მონაწილეობას. საარჩევნო მარათონის ლიდერად პარტია ”სახალხო ერთიანობის ფორუმის” ლიდერი, ჯერ ისევ დეპუტატი, რაულ ხაჯიმბა მიიჩნევა. მისი მთავარი კონკურენტი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ყოფილი უფროსი ასლან ბჟანიაა, რომელსაც ანქვაბის მხარდამჭერი პარტია „ამცახარა“ უდგას გვერდში. რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს, ესენი არიან: მერაბ ქიშმარია, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, და ლეონიდ ძიაპშბა, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომელიც ანქვაბის მოწინააღმდეგეთა რიგებში აქტიურობდა.

გალის რაიონში მცხოვრები ქართველებიდან ძალიან ცოტა მოხვდა ამომრჩეველთა სიაში და უმეტესობა ახლა აფხაზური პასპორტების ჩამორთმევას ელოდება. ამ ინიციატივით შარშან ხაჯიმბას პოლიტიკური ძალა გამოვიდა. თუმცა წინასაარჩევნოდ რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გალში მცხოვრებლებს საფრთხე არ ემუქრებათ:

„ჩვენი ოპონენტები ამბობენ - აი, ხაჯიმბა მოვა და პირველს რასაც გააკეთებს, თქვენ ყველას გაგყრით აქედან საქართველოშიო. ტყუილია ეს. არავინ აპირებს ამის გაკეთებას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გალის რაიონი ვერ დაცარიელდება - ხალხი იქ ცხოვრობს, ფულს გამოიმუშავებს“.

ამასობაში კი ევროპარლამენტარები უკრაინასთან, მოლდავეთსა და საქართველოს ექსპორტიორთა მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობენ, რაც რუსეთის მხრიდან გამოვლენილ აგრესიასა და სადამსჯელო სანქციებს უკავშირდება.

თუკი რუსეთი თავის ბაზარზე ახლად დაბრუნებულ ქართულ პროდუქციას ისევ ემბარგოს დაუწესებს, სულაც არ გაუკვირდება „მომავლის ინიციატივების“ პრეზიდენტს ლევან ალაფიშვილს:

„თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქცია ყველა საზოგადოებაში არის წარმატებული და გასაღდება კიდეც. საბოლოო ჯამში, თუნდაც იმავე რუსეთში, ხარისხიანი პროდუქცია მოთხოვნადი არის და იქნება. ემბარგოს დააწესებს?! სადაც ემბარგო ჩნდება, იქვე ალტერნატიული გზები მოიძებნება. თუნდაც ჩვენი უახლოესი მეზობლების მეშვეობით, ხარისხიანი პროდუქცია, თუკი მისი წარმოების პროცესს დავაჩქარებთ, გასაღდება. არ იქნება არანაირი პრობლემა“.

2009-დან, 2014 წლის ჩათვლით, ბაქრაძეს საჯარო მოხელის 6 დეკლარაცია აქვს შევსებული და არც ერთ მათგანში აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით ინფორმაცია მითითებული არა აქვს...
მთავარი პროკურატურა

ამ კვირაში აქტუალური თემა იყო საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საბანკო ანგარიშები. ამ საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. საუბარია თითქმის 277 ათას გირვანქა სტერლინგზე (795 ათასი ლარის ეკვივალენტი) - არადეკლარირებულ თანხაზე. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ეს თანხა ბევრად აღემატება ოჯახის წევრების ერთობლივ შემოსავალს, რაც დავით ბაქრაძის მიერ არის დაფიქსირებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციაში:

„2009-დან, 2014 წლის ჩათვლით, ბაქრაძეს საჯარო მოხელის 6 დეკლარაცია აქვს შევსებული და არც ერთ მათგანში აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით ინფორმაცია მითითებული არა აქვს“.

უშუალოდ დავით ბაქრაძის განმარტებით, ფული სავსებით კანონიერად არის მიღებული მას შემდეგ, რაც 2002 წელს მისმა სიმამრმა საკუთარი სახლი 400 ათას დოლარად მიჰყიდა შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, უცხოური ბანკის ანგარიშზე კი მისმა მეუღლემ - მაკა მეტრეველმა - თანხა, მამის თხოვნით, 7 წლის შემდეგ, ანუ 2009 წელს, შეიტანა.

კიდევ ერთი თემა, რომელიც საეჭვო ხარჯებს უკავშირდება: 19 აგვისტოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში თავისი ტანსაცმელი გაგზავნა. პიჯაკები და პალტო, გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით არის შეძენილი. ექს-პრეზიდენტის გზავნილს თან ახლდა მოკლე წერილი ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სახელზე: „გიბრუნებთ თქვენი გადაწყვეტილებისამებრ გამოყენებისათვის“. ნივთები, საბოლოოდ, პოლიციამ გადაიბარა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG