საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი გავიდა. მე-15 საუკუნის შემდეგ ეს იყო პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომელიც 1918 წელს შეიქმნა.
დიდი ამბები ტრიალებდა ასი წლის წინ დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის, ყოფილი მეფისნაცვლის სასახლეში, რუსთაველის გამზირის #6-ში, მაშინდელი გოლოვინის პროსპექტზე. საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის სიცოცხლე იწყებოდა.
სწორედ აქ, 1918 წლის 26 მაისს, 5 საათსა და 10 წუთზე საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. ამ სიმბოლური ამბის გამოა, რომ ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძისათვის მოსწავლე-ახალგაზრდობის თეთრი შენობა ასოცირდება არა რუსეთის მეფისნაცვალთან, არამედ 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღესთან.
ჩემთვის ეს შენობა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან ასოცირდება
ასი წლის წინ, 26 მაისს, სწორედ აქ, ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ, მოქალაქეებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება აცნობა.
„მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: მუსულმანთა ეროვნული საბჭოს სახელით ფატალი ხან ხოისკიმ, ადგილობრივ პოლონელთა წარმომადგენელმა, ოსების წარმომადგენელმა გაგლოევმა, ჰაიდარბეგ აბაშიძემ, გერმანული ჯარების სახელით კაიზერმა, ამიერკავკასიაში მოსახლე გერმანელების სახელით ფრიკენმა. ხოლო გერმანულიდან მათი სიტყვები თარგმნა გერონტი ქიქოძემ,“ გვიამბობს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთი ასათიანი.
1. ალექსანდრე ლომთათიძე - დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე
2. ნოე ჟორდანია - მთავრობის თამჯდომარე
3. გიორგი ლასხიშვილი - განათლების მინისტრი
4. შალვა ალექსი-მესხიშვილი - იუსტიციის მინისტრი
5. ევგენი გეგეჭკორი - საგარეო საქმეთა მინისტრი
6. ნოე ხომერიკი - მიწათმოქმედების მინისტრი
7. ილია ზურაბიშვილი - მწერალი და ჟურნალისტი
დარბაზი, სადაც დამოუკიდებლობის აქტს მოეწერა ხელი და სადაც კრების შემადგენლობა შეიკრიბა, მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად აღარ გამოიყურება, მაინც ინახავს ასი წლის წინანდელ ამბებს. ეს ამბები, ამ დარბაზის გარდა, არაერთმა დოკუმენტმა და ფოტომ შემოგვინახა. მათ შორის, არქივში დაცულმა ფოტოალბომმა ნომრით „402“.
დიმიტრი სილაქაძე, ისტორიკოსი
1918 წლის შემოდგომიდან საბჭო „საქართველოს პარლამენტად“ გარდაიქმნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს, დამფუძნებელი კრების არჩევნები კი 1919 წლის თებერვალში დაიგეგმა და საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. არჩევნებზე ამომრჩეველთა 60% მივიდა. სულ არჩევნების სამი ეტაპი გაიმართა. საბოლოოდ კი დამფუძნებელ კრებაში 145 დეპუტატი შევიდა.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში შემდეგი პარტიები შევიდნენ:
- საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
- საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
- საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
- სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტიუნის“ საქართველოს ბიურო
- საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია.
- საქართველოს მიწის მესაკუთრეთა ეროვნული პარტია.
დეპუტატებს შორის ხუთი ქალი იყო
დამფუძნებელი კრების პირველი საზეიმო სხდომა უხუცესმა დეპუტატმა - სილიბისტრო ჯიბლაძემ გახსნა. მისი სიტყვა ასე სრულდებოდა:
„ხალხი, რომელსაც არ შეეშინდა ჩრდილოეთის სუსხიან ზამთრის, რომელმაც გამოიჩინა უნარი თვითმპყრობელობის სქელი და ცივი
ყინულის ქვეშ პოლიტიკური და მოქალაქეობრივი ზრდა განვითარებისა, ეს ხალხი არ დაიღუპება და არც დაღუპავს მოპოებულ თავისუფლებას“.
დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ 26 მაისი თბილისში საზეიმოდ აღნიშნეს. ამ ზეიმს და დამოუკიდებლობით მოგვრილ სიხარულს ჰქონდა თავისი საფუძველი - მე-15 საუკუნის შემდეგ, ეს იყო პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომელიც 1918 წელს შეიქმნა.
პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ სულ 97 სხდომა ჩაატარა. კრებაზე განსახილველად შევიდა 415 საკანონმდებლო აქტი. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა და გერბი. მრავალ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შორის, რაც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო, ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური გადაწყვეტილება, დიმიტრი სილაქაძის შეფასებით, სასჯელის უმაღლესი ზომის, სიკვდილით დასჯის გაუქმება იყო.
1921 წლის დასაწყისში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის განხილვაც დაიწყო. იმავე წლის 11 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ღია აგრესია წამოიწყეს. 1921 წლის 21 თებერვლის სხდომაზე, ფაქტობრივად, ბრძოლის ფონზე, როცა ქართველი იუნკრები რუსეთის არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდნენ, დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს კონსტიტუცია დაამტკიცა.
კონსტიტუციის მიღების შემდეგ დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობამ, ფაქტობრივად, მუშაობა დაასრულა.
24 თებერვალს ღამით მაშინდელი ხელისუფლება იძულებული გახდა თბილისი ევაკუაციის რეჟიმში დაეტოვებინა. მთავრობას დამფუძნებელი კრებისგან დაევალა საზღვარგარეთ გამგზავრება და იქიდან ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. 1921 წლის 27 მარტს დამფუძნებელი კრება დაშლილად გამოცხადდა.
დამოუკიდებელობის სამწლიან პერიოდში გადაღებულ ფოტოებზე ყველაზე ხშირად ამ სიმბოლურ ადგილს ამოიცნობთ - სასახლის ბაღის კიბეებს, რომელმაც უამრავი წამი გააჩერა.
კრების 145 წევრიდან 93 საბჭოთა რეპრესიის მსხვერპლი გახდა.
- 51 ადამიანი დახვრიტეს.
- 5 ციხესა და გადასახლებაში გარდაიცვალა.
- 37 დეპუტატი დააპატიმრეს ან გადაასახლეს.
- 31 დეპუტატი ემიგრაციაში წავიდა.
დამოუკიდებლობის სამწლიან პერიოდში გადაღებულ ფოტოებზე ყველაზე ხშირად ამ სიმბოლურ ადგილს ამოიცნობთ - სასახლის ბაღის კიბეებს, რომელმაც უამრავი წამი გააჩერა.
მაგრამ მაინც, რა იქნებოდა, ეს სამი წელი უფრო დიდხანს რომ გაგრძელებულიყო?