2017 წლის ოქტომბერში 100 წელი უსრულდება ისტორიულ მოვლენას, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია კაცობრიობის განვითარებას. საუბარია 1917 წლის 25 ოქტომბრის გადატრიალებაზე, იმავე „დიდი ოქტომბრის სოციალისტურ რევოლუციაზე“, რასაც შედეგად მოჰყვა რუსეთის იმპერიის რღვევა, სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი, რუსეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნების ხანმოკლე დამოუკიდებლობა, მასშტაბური რეპრესიები და საბჭოთა კავშირის შექმნა. რა გავლენა იქონია საქართველოზე რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვებამ და როგორ შეცვალა „წითელმა ოქტომბერმა“ კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის ბედი?
2017 წლის ოქტომბრის გადატრიალებას, რომელიც საბჭოთა ისტორიოგრაფიაში დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის სახელითაა შესული, წინ უძღოდა პირველ მსოფლიო ომში დამარცხება და თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია, რომლის შედეგად ტახტიდან გადადგა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ მეორე და შეიქმნა დროებითი მთავრობა. საქართველოში ამ უაღრესად მნიშვნელოვანმა სიახლემ იმავე დღესვე ჩამოაღწია, თუმცა ჩამოაღწია უცნაური ფორმით. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, სოციალ-დემოკრატ კარლო ჩხეიძის თხოვნით, გოგიტა ფაღავამ თბილისში გადასაცემი დეპეშის ქართული ტექსტი შეადგინა რუსული ასოებით:
„მთავრობაძე გარდაიცვალა. შეატყობინეთ ნათესავებსა და ახლობლებს".
როგორც ცნობილი ისტორიკოსი ფირუზ ქაზემზადე წერს, ამ ამბის გავრცელებისთანავე, ტფილისში, ამიერკავკასიის ადმინისტრაციულ ცენტრში, რუსული იმპერიული ხელისუფლების მთელი იერარქია დაიშალა. ჯერ პოლიცია გაუჩინარდა ქალაქის ქუჩებიდან, შემდეგ კი სახელმწიფო დაწესებულებები დაიხურა. მთელი რუსეთის მასშტაბით კი, შეიქმნა ორი მმართველი ორგანო: დროებითი მთავრობა და საბჭოები, მათ შორის უმნიშვნელოვანესი, რომელმაც პირველი დეკრეტები გამოსცა, პეტერბურგის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭო, რომელშიც ყველაზე ძლიერი ჯგუფი იყო სოციალ-დემოკრატების, ანუ მენშევიკებისა. ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, ეს მოკლე პერიოდი თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციებს შორის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო რუსეთის ისტორიისათვის:
„ყველაზე მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ პირველად სცადეს რუსეთში დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა. იყო ნამდვილი, სერიოზული მცდელობა. დემოკრატიისკენ ამ სვლის დამაგვირგვინებელი უნდა ყოფილიყო დამფუძნებელი კრების შეკრება, რომელიც დაინიშნა კიდეც, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოქტომბრის გადატრიალება თუ რევოლუცია მოხდა და ამიტომ დამფუძნებელი კრების არჩევნებს, საერთო რუსული მასშტაბით, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა“.
1917 წლის 25 ოქტომბერს უმცირესობაში მყოფმა ბოლშევიკებმა პეტროგრადში სახელმწიფო გადატრიალება განახორციელეს და დროებითი მთავრობა დაამხეს. რა იყო ეს გადატრიალება თუ რევოლუცია? ამ კითხვის პასუხად ისტორიკოსი მალხაზ მაცაბერიძე განმარტავს:
„რევოლუციის საყოველთაოდ მიღებული, ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება არ არსებობს, მაგრამ რევოლუციაში გულისხმობენ ძირეულ ცვლილებებს საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში. აი, ამ შედეგების მიხედვით თუ შევხედავთ ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლას – კი ბატონო, ეს გადატრიალება იყო, მაგრამ შემდეგ მომხდარი ცვლილებები, ცხადია, იყო რევოლუციური“.
ცვლილებების მასშტაბი კი მართლაც რევოლუციური გამოდგა. ოქტომბრის გადატრიალება არ ცნეს ამიერკავკასიის წამყვანმა პარტიებმა და სხვა ორგანიზაციებმა. საბჭოების სამხარეო ცენტრებმა დაგმეს ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება, რამდენიმე დღეში კი პეტროგრადისგან დამოუკიდებელი მთავრობა – ამიერკავკასიის კომისარიატი ჩამოყალიბდა. ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, სწორედ აქედან იღებს სათავეს საქართველოს დამოუკიდებლობა.
„კავკასიის კომისარიატი იყო დროებითი ხელისუფლება, რომელიც პეტერბურგში არსებულ ხელისუფლებას არ აღიარებდა. ასე რომ, მომხრე ვარ, ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდი 1918-1921 წლები კი არ დავწეროთ, არამედ 1917-18-1921 წლები, რადგანაც ნელი ნაბიჯებით სვლა დამოუკიდებლობისაკენ, ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მეტროპოლიისაგან 1917 წლიდან იწყება“, – უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.
საქართველოსა და სხვა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის დასათრგუნად ბოლშევიკები მოგვიანებით მოიცლიან, მანამდე კი, როგორც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ხვადაგიანი ამბობს, მიზანმიმართულად და შეუქცევადად დაიწყეს ძალაუფლების დაფარვის ზონის გაფართოება პეტერბურგიდან ყოფილი იმპერიის მთელ ტერიტორიაზე:
„პირველივე დღეებში მათ ყველას თვალსაჩინოდ აჩვენეს, რომ ისინი არ იყვნენ იმ ტიპის ხელისუფლება, რომელიც მანამდე ენახათ რუსეთის მოქალაქეებს. პირველივე დღეებში დაიწყო რეპრესიები, ტერორი, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. დაიწყეს საომარი და რევოლუციური მდგომარეობის შესაბამისი ყველა ზომის გატარება. თავისთავად, ამ პერიოდის რეპრესიების მასშტაბი არ შეედრება 30-იანი წლების ტერორის მასშტაბებს, თუმცა ეს პროცესი იყო ძალიან მტკივნეული, რადგანაც, პირველ რიგში, დაიწყეს მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების და აქტიური მოქალაქეების ჩამოშორება, რომ ამ გადატრიალების საპასუხოდ ორგანიზება არ შეძლებოდათ“.
თუმცა, ბოლშევიკების ტერორს მალე დაუპირისპირდნენ ჯერ უკმაყოფილო გლეხობა, ხოლო შემდეგ კი მეფის არმიის გენერლები. დაიწყო მასშტაბური სამოქალაქო ომი. ამ დროს პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული რუსეთი უკიდურესად დასუსტებულია, რამაც ხელი შეუწყო კიდეც რევოლუციის განხორციელებას. არადა, ბოლშევიკებს უწევდათ, ერთდროულად, როგორც საგარეო, ასევე საშინაო საფრთხეებთან გამკლავება. ისტორიკოს მალხაზ მაცაბერიძის თქმით, ბრესტის ზავით ლენინმა გერმანიას დაუთმო ტერიტორიები, მათ შორის არდაგანი, ართვინი, ყარსი და ბათუმი, მაგრამ მოიგო დრო, რაც საკმარისი აღმოჩნდა საბჭოთა ხელისუფლების გადასარჩენად.
„ლენინმა გათვალა, რომ გერმანია პირველ მსოფლიო ომში დამარცხდებოდა და, შესაბამისად, ეს იყო ამ დიდი ტერიტორიების დროებითი დათმობა, რაც მართლაც ასე მოხდა. რამდენიმე თვის შემდეგ, როცა გერმანია დამარცხდა, გააუქმა ბრესტის ზავის პირობები", – უთხრა მალხაზ მაცაბერიძემ რადიო თავისუფლებას.
რაც შეეხება სამოქალაქო ომში გამარჯვებას. მალხაზ მაცაბერიძის თქმით, თეთრგვარდიელებს იარაღითა და ფულით ეხმარებოდნენ ანტანტის ქვეყნები, რიცხოვნებითაც მეტი იყვნენ, მაგრამ, სოციალური და კულტურული თვალსაზრისით, მეტად დაშორებული იყვნენ ხალხისგან:
„თეთრგვარდიელები არანაირ სიახლესა და ცვლილებებს არ ჰპირდებოდნენ რუსეთის მოსახლეობის ძირითად ნაწილს – გლეხობას. მიწის დარიგებასაც კი არ ჰპირდებოდნენ, განსხვავებით ბოლშევიკებისგან (თუმცა ბოლშევიკებმაც არ შეასრულეს დანაპირები). ამ გადამწყვეტ ბრძოლაში გლეხები დადგნენ ბოლშევიკების მხარეს“.
ისტორიკოსთა ნაწილი სამოქალაქო ომისა და, შესაბამისად, რევოლუციის დასასრულად სამხრეთი კავკასიის დაპყრობის თარიღს – ანუ 1921 წლის გაზაფხულს მიიჩნევს.
„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ოკუპაციით დამთავრდა რუსეთის სამოქალაქო ომი... მართალია, ქართული გადმოსახედიდან ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყავით და რუსეთის სამოქალაქო ომი რატომ უნდა დასრულებულიყო საქართველოში, მაგრამ რუსული გადმოსახედიდან რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო საქართველო და ეს ნაწილები, რომლებიც შემდგომში შექმნიან საბჭოთა კავშირს, მათი კონსოლიდაცია მოახდინა საბჭოთა მთავრობამ“, – უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.
საინტერესოა რა როლი ითამაშეს ქართველმა ბოლშევიკებმა ამ პროცესში? ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის თქმით, საქართველოს დაპყრობაში ქართველების მონაწილეობის საკითხი ერთობ გაზვიადებულია:
„სამხედრო საბჭოში იყო ორჯონიკიძე და რამდენიმე კაცი, ძირითადად, პოლიტიკურ თანამდებობებზე, მაგრამ მთლიანად, რაც საქართველოში შემოვიდა ჯარი, მათი 1%-ც კი არ იყო ეთნიკურად ქართველი. ნუ, თითო-ოროლა შეგვიძლია გავიხსენოთ, ერთ-ერთი, მაგალითად, ჯავშანმატარებლის მეთაური იყო, მაგრამ, მთლიანობაში, ასზე ოდნავ მეტი თუ იქნებოდა ქართველი ბოლშევიკი, მაშინ, როცა აქ შემოვიდა რამდენიმე ათეული ათასი კაცი“.
შემოვიდნენ და მთელი სამოცდაათი წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლამდე დარჩნენ, თუმცა მანამდე რეპრესიების შედეგად გაანადგურეს მრავალი ათასი ადამიანი – მათ შორის, ინტელექტუალური და სამხედრო ელიტა, 3-4-წლიან დამოუკიდებლობას მოჰყვა ოკუპაციის შვიდი ათეული წელი და მრავალი თაობის ცნობიერების დამახინჯება. შესაბამისად, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის თქმით, შეუძლებელია 1917 წლის რევოლუციების მნიშვნელობის სათანადოდ არ შეფასება, რაც, თავის მხრივ, უნდა აღძრავდეს ღრმა კვლევისა და შესწავლის ინტერესს, თუმცა ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად ხდება.
„სამწუხაროა, რომ 1917 წლის თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციების 100 წლისთავი საქართველოში არანაირად არ აღინიშნა, მათზე არაფერი არ გაკეთებულა: არც წიგნი გამოიცა, არც ალბომი, არც გამოფენა არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგანაც ამ რევოლუციებმა წარმოუდგენლად დიდი გავლენა იქონიეს საქართველოს ბედზე, საქართველოს ისტორიაზე. ასეთი იგნორირება ისტორიისა, როგორც ჩვენთან საქართველოში ხდება, არის მაჩვენებელი ჩვენი უკულტურობისა, მაჩვენებელი იმისა, რომ ისტორიული მეხსიერება არ არსებობს და არ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რომლებიც საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – უთხრა ლაშა ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას.