ერთი კვირაც არაა, რაც ქართულ ინტერნეტსივრცეში გაჩნდა საიტი www.qaliskhma.ge. საიტის იდეის ავტორებისა და ჟურნალისტების თქმით, ეს არის სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ამომრჩეველი ქალების ინფორმირებულობასა და გათვითცნობიერებას, ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში გააქტიურების თვალსაზრისით. დღითი დღე მატულობს საიტის ვიზიტორთა რიცხვი.
“შენი ხმა თავისუფლებაა” - თუკი ინტერნეტ ბრაუზერის საძიებო ველში ლათინური ასოებით ჩაწერ მისამართს www.qaliskhma.ge, სწორედ ეს მესიჯი მოგხვდება თვალში. ინფოსივრცე ქალი ამომრჩევლებისთვის - ასე უწოდებენ საიტს მისი შემქმნელები. ეს არის ამომრჩეველი ქალებისთვის პირველი ღია სივრცე, რომელმაც, საიტის იდეის ავტორის თამარ ბაგრატიას თქმით, სრულიად ახალი პერსპექტივა უნდა დაანახვოს ქალ ამომრჩეველს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათ უნდა გაააზრებინოს საარჩევნო უფლებების რეალიზაციის მნიშვნელობა, პოლიტიკურ პარტიებს კი უნდა დაანახვოს ქალი პოლიტიკოსი და ქალი ამომრჩეველი, როგორც პარტიების წარმატებისათვის აუცილებელი რესურსი. თამარ ბაგრატიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში აქტიურად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, მაგალითად, ისეთები, როგორიცაა აქციები თუ საგანმანათლებლო ღონისძიებები, მან, ქალთა პლიტიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, აუცილებლად მიიჩნია შექმნილიყო განსხვავებული, მაღალი ხარისხის ანალიტიკური სივრცე. სწორედ ასეთ სივრცედ მოიაზრებს ის ინტერნეტსაიტს „ქალის ხმა“:
“ჩვენი მთავარი მიზანია ქალების, როგორც ამომრჩევლების, გააქტიურება და ჩვენ გვინდა ქალებს ამ ვებგვერდით დავანახვოთ, რომ მათი ხმა არის მნიშვნელოვანი, მათი ხმა არის გადამწყვეტი და ქალები თუ არ მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო პროცესებში, ისინი ვერ იქნებიან ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის ნაწილი. ქალებს უნდა დავანახვოთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ეს არი მათი ერთ-ერთი მთავარი მოქალაქეობრივი უფლება”.
მე გავაკეთე ერთ-ერთი მასალა - “ქალები ეროვნული ვალუტის კუპიურებზე”. მაშინ როცა, მაგალითად, ამერიკაში ძირითადად განმანათლებელ მამებს ვხვდებით კუპიურებზე და არც ერთი ქალი არ არის, ჩვენთან 50-ლარიან კუპიურაზე თამარ მეფეა გამოსახული...დავით მაღლაფერიძე
საიტის შექმნის იდეა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მონაცემების მიხედვით, არჩევნებზე ქალი ამომრჩევლების 60%, ანუ ერთ მილიონ ქალზე მეტი, არ მივიდა. აღსანიშნავია, რომ ექსპერტების უმრავლესობა ქალთა პასიურობას ქალთა საკითხებისა და პრობლემების დეაქტუალიზაციით ხსნის, ამ დილემის სათავეს კი ისინი ისევ და ისევ პოლიტიკურ პარტიებში ხედავენ. აი, მაგალითად, საიტზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, სათაურით „რატომ არ მივიდა მილიონი ქალი არჩევნებზე“, ავტორი, მკვლევარ ქეთი მსხილაძეზე დაყრდნობით, წერს, რომ „პარტიები არ უთმობენ საკმარის დროს საქართველოში ქალი ამომრჩევლების პრობლემების ღრმა შესწავლას და გავრცელებული მოსაზრებებითა და სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ". „განვითარების კვლევისა და შეფასების ცენტრის“ გამოკვლევის მიხედვით, ოჯახში ძალადობა არც ერთი საარჩევნო სუბიექტის პროგრამაში არ არის შეტანილი. საარჩევნო პროგრამებში არც ქალთა დასაქმების ხელშეწყობის, ქალების შრომითი უფლებების დაცვის, ყველა ტიპის დისკრიმინაციის აღმოფხვრისა თუ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ინიციატივებია ასახული. გარდა ამისა, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებული არც ერთი პროგრამა არ მოიცავდა ქალთა პოლიტიკური გააქტიურების, მათი პოლიტიკური გაძლიერების თუ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ხელშემწყობ ინიციატივას.
ქალები პოლიტიკაში, არჩევნები, კვოტების ატლასი, საარჩევნო უფლებები, დახვეწე კანონი - ეს საიტის რუბრიკებია. საიტი სთავაზობს მომხმარებელს ფოტოპროექტებსა და ვიდეოპროექტებს. და, რაც მთავარია, საიტზე შეგიძლიათ წაიკითხოთ პუბლიკაციები, რომლებიც ქალთა უფლებებს, ქალთა აქტივობებს და, ზოგადად, ქალებს ეძღვნება.
ჟურნალისტი დავით მაღლაფერიძე საიტის ერთ-ერთი ავტორია. დიდი ხანია მისი ინტერესის სფეროს სწორედ ის საკითხები წარმოადგენს, რაც საიტისთვის პრიორიტეტულია და ამ თემებზე დათო წლების მანძილზე აქტიურად წერს. ამჯერად, შეიძლება ითქვას, მან მიაგნო სივრცეს, სადაც თავს მოუყრის პუბლიკაციებს და დაწერს იმ საკითხების შესახებ, რომლებიც, მისი აზრით, განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს მკითხველისათვის.
“მე გავაკეთე ერთ-ერთი მასალა - “ქალები ეროვნული ვალუტის კუპიურებზე”. მაშინ როცა, მაგალითად, ამერიკაში ძირითადად განმანათლებელ მამებს ვხვდებით კუპიურებზე და არც ერთი ქალი არ არის, ჩვენთან 50-ლარიან კუპიურაზე თამარ მეფეა გამოსახული. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო მასალა გამოვიდა - საერთოდ, რა კრიტერიუმებით ირჩევიან ადამიანები, რომლებიც ხვდებიან ფულის ერთეულებზე”, - ამბობს დავით მაღლაფერიძე.
თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები კიდევ უფრო გააქტიურდებიან და მეტს იფიქრებენ მთაში მცხოვრები ქალების საზოგადოებრივად გააქტიურებაზე, კარგი იქნება, რადგან სურვილი მათი მხრიდან, რომ იყვნენ აქტიურები, მართლა არის...მანანა ქველიაშვილი
დღესდღეობით საიტზე საქართველოს მასშტაბით 15 ჟურნალისტი მუშაობს. ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის „ქალის ხმას“, რადგან მომხმარებელს ერთნაირად შეუძლია წაიკითხოს და მოისმინოს ამბები ქალებისა არა მხოლოდ ქალაქებიდან, არამედ, მაგალითად, მაღალი მთიდანაც. შთამბეჭდავი დასათვალიერებელია ბათუმელი ფოტოკორესპონდენტის მანანა ქველიაშვილის ფოტოპროექტი „ქალები მაღალმთიანეთიდან“. ფოტოები ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორჯომშია გადაღებული. სხვადასხვა ასაკის ქალების პორტრეტებში მათი ყოველდღიური ცხოვრების ამოკითხვაა შესაძლებელი. ისინი თოხნიან, ისინი შეშას აგროვებენ, ისინი მატყლს რეცხავენ, ტკბილეულს ამზადებენ, ანუ, ტრადიციულად, სახლში, ოჯახში ტრიალებენ. ერთი შეხედვით, მათ ყოველდღიური ცხოვრება სულაც არ უტოვებს არჩევანს - მათი საქმე სახლი და ოჯახია. სწორედ ამ სტერეოტიპის დარღვევას ცდილობს საიტი „ქალის ხმა“ და ამ ქალებს, რომლებიც საოჯახო საქმეებში არიან გართულნი, ბათუმელი კორესპონდენტი უსვამს ერთ კითხვას, დადიან თუ არა ისინი არჩევნებზე. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ ყველაზე ნაკლები ქალი არჩევნებზე სწორედ ხულოს რაიონიდან მივიდა. ამიტომაც აირჩია მანანამ გადაღების ლოკაციად სოფელი ღორჯომი. როგორც მან გამოარკვია, არჩევნებში ქალების ნაკლებაქტიურობა განპირობებული იყო იმითაც, რომ სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდა, ქალები საზაფხულო საძოვრებზე სამუშაოდ იმყოფებოდნენ. იქ კი მათთვის საარჩევნო უბნები არ გახსნილა:
“ჩემი ინტერესის სფერო იყო გამერკვია, გარდა დიასახლისობისა და სხვა საქმეებისა, რა საზოგადოებრივი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. მაგალთად, გავიცანი ქალი, რომელსაც არ ჰქონდა უმაღლესი დამთავრებული, მაგრამ მას ჰქონდა სურვილი გაეკეთებინა რაიმე საინტერესო, თუმცა არ იცოდა, რა შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები კიდევ უფრო გააქტიურდებიან და მეტს იფიქრებენ მთაში მცხოვრები ქალების საზოგადოებრივად გააქტიურებაზე, კარგი იქნება, რადგან სურვილი მათი მხრიდან, რომ იყვნენ აქტიურები, მართლა არის”.
ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი მუშაობა გაიშალოს არა მხოლოდ ამომრჩეველ ქალთა გათვითცნობიერებაზე, არამედ კანდიდატ ქალებსაც დავეხმაროთ...ზურაბ ხრიკაძე
ქალების პოლიტიკური გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს რადიო თავისუფლებასთან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, გენდერული თანასწორობის კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხრიკაძე. მისი თქმით, ქალთა პოლიტიკური აქტიურობის გასაზრდელად ნებისმიერ რესურსს დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც ის ამბობს, საიტმა წარმატებული როლი უნდა შეასრულოს ქალების ხმის გასაგონად, მით უმეტეს, რომ, ზურაბ ხრიკაძის თქმით, ამ პროექტმა ქართულ ენაზე შექმნა ძალიან კარგი და აკადემიური რესურსი, რომლის გამოყენებაც შეუძლია არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს, თავად ამომრჩევლებს. ის ასევე ყურადღებას ამახვილებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, რომლებიც საარჩევნო პროცესში ქალთა ჩართულობის მაჩვენებლებს ეხება:
“2012-13 წლებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოყო დაახლოებით 180 ათას ლარი, შარშან კი, 2014 წელს, გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცესკომ გამოყო 200 ათასი ლარით მეტი. გასული წლის ბოლოს და ამ წლის დასაწყისში ცესკომ შეიმუშავა ხუთწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა და ამ გეგმაზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმა. ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი მუშაობა გაიშალოს არა მხოლოდ ამომრჩეველ ქალთა გათვითცნობიერებაზე, არამედ კანდიდატ ქალებსაც დავეხმაროთ”.
რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, საიტი ქალ ამომრჩეველს აძლევს შესაძლებლობას, საზოგადოებას გააცნოს საკუთარი მოსაზრებები. ამისათვის მათ ცალკე სივრცე ეთმობათ რუბრიკის ქვეშ „ქალის ხმა“. მზარდია საიტის მომხმარებელთა რიცხვიც. დღის განმავლობაში მათი რაოდენობა უკვე 5 000-ს აღწევს. როგორც საიტის ერთ-ერთი ავტორი, დავით მაღლაფერიძე, ამბობს, ეს იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ დღეს ქალთა საკითხები, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდა საზოგადოების ინტერესის სფეროში მოექცა.