Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკიდან მოსკოვში ვირტუალური გეიპრაიდი ჩატარდა


30 ივნისს, როცა ნიუ-იორკელებმა უკვე ტრადიციად ქცეული, ხმამაღალი და ხალხმრავალი გეიპრაიდის ღონისძიება მოაწყვეს, ვირტუალური აღლუმი მოსკოვის ქუჩებშიც ჩატარდა.

ონლაინსივრცეში ვირტუალური გეიპრაიდის მოწყობის იდეა გაუჩნდა ორგანიზაციას Virtualpride.org. მან ამ იდეის ხორცშესხმისთვის მიმართა ნიუ-იორკის პრაიდის ორგანიზაციას და RUSA LGBT-ს სახელით ცნობილ ჯგუფს, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ რუსულენოვან ლგბტ თემს აერთიანებს.
მოსკოვში აღლუმი 100 წლითაა აკრძალული. რაოდენ სასაცილოც უნდა იყოს, ეს რეალური კანონია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ვერ შეგვაჩერებენ. ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, ბევრი ადამიანის დახმარებით...
ელენა გოლცმანი

თავად Virtualpride.org წარმოადგენს ნიუ-იორკში მდებარე სარეკლამო ფირმის, M&C Saatchi-ის ქმნილებას. ეს ფირმა თავს „სოციალურად აქტიურად“ მოიაზრებს და თანამედროვე ტექნოლოგიების დიდი სპექტრის გამოყენებით გამოირჩევა.

RUSA LGBT-ის დამაარსებლის, წარმოშობით კიეველი ელენა გოლცმანის თქმით, ამ პროექტის მიზანი იყო რუსეთში ბოლო პერიოდში მიღებული დისკრიმინაციული კანონებისთვის შემოქმედებითი ფორმით პასუხის გაცემა. ამ კანონებს შორის არის გეიპრაიდის აღლუმის საუკუნოვანი აკრძალვა, რომელიც მოსკოვის სასამართლომ შარშან შემოიღო:

„მოსკოვში აღლუმი 100 წლითაა აკრძალული. რაოდენ სასაცილოც უნდა იყოს, ეს რეალური კანონია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ვერ შეგვაჩერებენ. ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ, ბევრი ადამიანის დახმარებით“.

ამ იდეის განხორციელებაში ტექნოლოგიამ გადამწყვეტი ფუნქცია შეასრულა.

ნიუ-იორკის აღლუმზე გოლცმანის ჯგუფმა გამოიყენა გეოლოკაციის საგანგებო აპლიკაცია, რომელიც რეალურ დროში იყო სინქრონიზებული მოსკოვის ცენტრში დასახულ მარშრუტთან. ვირტუალური პრაიდის ვებსაიტზე გუგლის რუკების მეშვეობით ჩანდა მოსკოვის ქუჩები. აქციის მონაწილეების ნიუ-იორკში გადაადგილების პარალელურად, მოსკოვის ქუჩების რუკაზე ცისარტყელას ფერებში გადაწყვეტილი ლენტი მოძრაობდა.
ჩვენ ადამიანები ვართ, ზუსტად ისეთივე, როგორიც ჰეტეროსექსუალები. ჩვენც გვინდა ქუჩებში ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ღიად გამოჩენის უფლება გვქონდეს...
ერთ-ერთი ინტერნეტიუზერი

მოსკოვის ვირტუალურ აღლუმში მხარდამჭერებმა მონაწილეობა ასევე ვირტუალურად, ტვიტერის დახმარებით მიიღეს. ყველა შეტყობინება, რომელიც ტვიტერით გავრცელდა და შეიცავდა ჰეშტეგს „#virtualpride“, დაპროგრამებული ისე იყო, რომ ვებსაიტზე ე.წ. „პოპ-აპ მესიჯის“ ფორმით ჩნდებოდა.

მხარდამჭერი მესიჯების უმრავლესობა აშშ-დან იყო, თუმცა ვირტუალური აქცია აქტიურად აიტაცეს რუსმა ბლოგერებმაც.

მაგალითად, ტვიტერის ერთ-ერთმა მოსკოველმა მომხმარებელმა დაწერა, „ჩვენ არ გავჩუმდებით. ყოველი სიცოცხლე და ყოველი სიყვარული ფასეულიაო“.

კიდევ ერთმა ინტერნეტიუზერმა კი ასეთი განცხადება გაავრცელა: „ჩვენ ადამიანები ვართ, ზუსტად ისეთივე, როგორიც ჰეტეროსექსუალები. ჩვენც გვინდა ქუჩებში ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ღიად გამოჩენის უფლება გვქონდეს“.

ეს მესიჯი შეიცავდა მინიშნებას ფედერალურ კანონზე, რომელიც რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ 26 ივნისს მიიღო და რომელიც ე.წ. „გეიპროპაგანდის“ კრიმინალიზაციას გულისხმობს, ჯარიმების დაწესების ჩათვლით.

ზედა პალატამ ეს კანონი 137 ხმით მიიღო. თავი შეიკავა ერთმა დეპუტატმა. კანონის წინააღმდეგ არავინ წასულა.
ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კანონპროექტს ხელი 30 ივნისს მოაწერა და, მიუხედავად დასავლეთის მთავრობების და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გამოხატული შეშფოთებისა, კანონად აქცია.

თუმცა თავად პუტინი უარყოფს ამ კანონის დისკრიმინაციულობას - ჰომოსექსუალები ჩვენი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და მათი დისკრიმინაცია არანაირად არ ხდებაო, განაცხადა მან 25 ივნისს.
XS
SM
MD
LG