Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ ეხმარება დაზარალებულებს


საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციასთან ერთად, დაზარალებულთა დახმარების ღონისძიებებსაც სახავენ. გადაწყდა გამოიყოს მიწის ნაკვეთი ახალი სახლების ასაშენებლად. ეროვნული ბანკი მოუწოდებს კომერციულ ბანკებს მხარდაჭერა აღმოუჩინონ იმ დაზარალებულებს, რომლებსაც სესხი აქვთ აღებული და საბანკო ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებენ. როგორ დაეხმარება მთავრობა და თბილისის მერია დაზარალებულებს?

13 ივნისის წყალდილობის დროს განადგურდა როგორც სახელმწიფოს კუთვნილი ინფრასტრუქტურა, ასევე რამდენიმე კომერციული ობიექტი, სკოლა და კერძო სახლი. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ვარაუდით, სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციას 100 მილიონი ლარი არ ეყოფა:

„ზარალი არის ძალიან დიდი. ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა იმისათვის, რომ სახლების მშენებლობისათვის 3 მილიონი ევრო გამოყოს. ჩვენ, საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია, მიწას გამოვყოფთ, სადაც სახლები აშენდება. სახელმწიფო ხაზინაში და კომერციულ ბანკებში მობილიზებულია დაახლოებით 17 მილიონი ლარი. აქედან 10 მილიონი გამოყო საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან, თუმცა ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი თანხმა. მხოლოდ ზოოპარკთან მიმართებაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაგვჭირდება“.

ფინანსთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ერთობლივი მუშაობის შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს ყველა საელჩოში გაიხსნება სპეციალური ანგარიშები...
ხათუნა ივანიშვილი

ნოდარ ხადურის თქმით, დაზარალებულთა დასახმარებლად და შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოების დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინაში გახსნილია სპეციალური ანგარიშები როგორც ეროვნულ, ასევე უცხურ ვალუტაში. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის ხათუნა ივანიშვილის თქმით, ხაზინაში ცალკე ანგარიშია გახსნილი თანხების თბილისის ბიუჯეტში გადასარიცხად. ანგარიშები გახსნილი აქვთ კომერციულ ბანკებსაც. და კიდევ:

„ფინანსთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს და ერთობლივი მუშაობის შედეგად გადაწყდა, რომ საქართველოს ყველა საელჩოში გაიხსნება სპეციალური ანგარიშები, რათა ემიგრანტებმა თუ დროებით საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ზედმეტად არ გადაიხადონ იქაური ბანკების მომსახურების საკომისიო თანხა. შეგროვებული ფული საელჩოებიდან პირდაპირ გადაირიცხება საქართველოს ხაზინაში“, უთხრა ხათუნა ივანიშვილმა რადიო თავისუფლებას.

გარდა სპეციალური ანგარიშების გახსნისა, კომერციული ბანკები თავიანთი თანხებითაც ეხმარებიან მთავრობას სტიქიური უბედურების შედეგების აღმოფხვრაში. მეტიც, ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით, კომერციული ბანკები ასევე განიხილავენ იმ დაზარალებულებისათვის შეღავათების დაწესების შესაძლებლობას, რომლებსაც კრედიტები აქვთ აღებული და სესხის დაფარვა უჭირთ.

„მერიიდან მოწოდებული ინფორმაციით, სულ 113 ოჯახია. დაახლოებით 90-თან უკვე გვქონდა კონტაქტი. ახლა ვადგენთ იმას, თუ რა ტიპისა და ოდენობის სესხებია. მეტი წილი სამომხმარებლო სესხებია, რომლებიც შვიდი ბანკის მიერაა გაცემული. მთავარი ისაა, რომ პრინციპული შეთანხმება მიღწეულია იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულებს სერიოზული შეღავათები გაეწევათ. ბევრ შემთხვევაში მოხდება ჩამოწერა. ჯარიმებზე და ასეთ რამეზე საერთოდ არაა ლაპარაკი“, უთხრა ზურაბ გვასალიამ რადიო თავისუფლებას.

არის ტერიტორია, სადაც შესაძლებელია დარჩეს საცხოვრებელი ზონა, მაგრამ არის ტერიტორია, სადაც შეუძლებელია შენობების არსებობა. მაგალითად, წყნეთის ხევში რთული იქნება საცხოვრებელი ზონის დატოვება...
ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მსოფლიო ბანკთან, გერმანიის, შვეიცარიის, შვედეთის, თურქეთის მთავრობებთან იმისთვის, რომ მიიღოს როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარება. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, სულ მალე საქართველოში ჩამოვლენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, მათ შორის, გეოლოგები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ვერეს ხეობას და ზოგადად თბილისში არსებულ ვითარებას. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ლექვინაძის თქმით, უცხოელი სპეციალისტები დაეხმარებიან მერიას ზარალის ანაზღაურების ფორმების განსაზღვრაშიც:

„არის ტერიტორია, სადაც შესაძლებელია დარჩეს საცხოვრებელი ზონა, მაგრამ არის ტერიტორია, სადაც შეუძლებელია შენობების არსებობა. მაგალითად, წყნეთის ხევში რთული იქნება საცხოვრებელი ზონის დატოვება, თუმცა დაზუსტებით რამის თქმა ძნელია, ვიდრე სათანადო სამუშაოები არ ჩატარდება“.

ირაკლი ლექვინაძის თქმით, აზიის განვითარების ბანკი მზადაა 11 მილიონი დოლარით დაეხმაროს თბილისის მერიას, თუმცა თანხის გარდა საქართველო ასევე იღებს სხვადასხვა სახის, მათ შორის, ტექნიკურ დახმარებასაც. არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ანა ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მონიტორინგი დაწესდეს როგორც ტრაგედიის მიზეზებისა და მასშტატების გამოძიების პროცესზე, ასევე შედეგების აღმოფხვრისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვაზე.

„კარი იქნება, თუ შეიქმნება სამთავრობო კომისიები. არის სფეროები, რომელთა მონიტორინგი მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, თუმცა იმ ნაწილში, სადაც შესაძლებელია შეფასდეს სამართლებრივი ექსპერტიზის მქონე ადამიანების და ჯგუფების მხრიდან ხარჯების გამჭვირვალობა, მიზანშეწონილობა, საჭიროება და ასე შემდეგ,ყველა ამ პროცესში ვიქნებით ჩართული“, უთხრა ანა ნაცვლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG