ვინ არიან ვეგანები? რამდენად გავრცელებულია ვეგანობა თბილისში? რატომ გადაწყვიტეს ვეგანობა და რითი იკვებებიან ისინი?
თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ერთი პატარა კაფეა. ფანჯრის რაფაზე ქოთნის ყვავილები აწყვია. გარე კედელზე ველოსიპედზე მჯდომი პატარა ჩიტი, კივია გამოსახული. შესასვლელთან დეკორატიულად გაფორმებულ საბურავებსაც დაინახავთ, შიგნით შესული კი - მოხატულ კედლებს, ლოზუნგებს, ცხოველთა და გარემოსდაცვით პლაკატებს. ეს ვეგანური კაფეა, ანუ კაფე ადამიანებისთვის, ვინც უარს ამბობს ცხოველის ხორცის მოხმარებაზე და, ამასთან ერთად, ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის გამოყენებაზე, იქნება ეს რძე, კვერცხი, ყველი თუ სხვა.
მათი თქმით, ამით იმ ინდუსტრიას ებრძვიან, რომელიც ცხოველების ხოცვას უწყობს ხელს.
კაფე “კივიში” ლაშა და სოფო დაგვხვდნენ, ისინი აქ გახსნის დღიდან, ანუ დაახლოებით 8 თვეა, რაც მუშაობენ. ამბობენ, რომ კაფე უფრო თანამოაზრეების გაერთიანებაა და არ აქვთ მკაცრად განაწილებული პოზიციები - ზოგი მიმტანია, ზოგი იატაკს ასუფთავებს, გადაწყვეტილებას კი ჯგუფი შეთანხმებულად იღებს.
სანამ კაფე გაიხსნებოდა, არსებობდა“სარდაფი”, ნაქირავები სივრცე, სადაც ვეგანები იკრიბებოდნენ და სხვადასხვა თემაზე აზრებს უზიარებდნენ ერთმანეთს, ატარებდნენ სემინარებს, შემდეგ უკვე ერთობლივი ძალებით შექმნეს კაფე. ლაშა და სოფო თავიდან ვეგეტარიანელები იყვნენ და უკვე შემდეგ გადაწყვიტეს ვეგანობა.
სოფო იხსენებს: “თავიდან ვეგეტარიანელი გავხდი, იმიტომ რომ მეცოდებოდნენ ცხოველები. 15 წლის ვიყავი, ვეგანობაზე საერთოდ არ ვფიქრობდი, რადგან ინფორმაცია არ მქონდა. იმის შემდეგ, რაც მეგობრებმა ბევრი რამ მაჩვენეს, მივხვდი, რომ აუცილებლად ვეგანი უნდა გავმხდარიყავი.
არ ვიცოდი, საქართველოში თუ არსებობდნენ ვეგეტარიანელები და ვეგანები. პირველი ნოემბერი იყო, ვეგანების საერთაშორისო დღე, და ვეგეტარიანელების აქცია გააკეთეს და გამიხარდა, სხვებიც არიან-მეთქი, წავედი და გავიცანი ყველა. მალევე, ნახევარ თვეში, გაკეთდა სარდაფი. ივენთი იყო და მივედი”.
ეგრე გავიზარდე, რომ ხორცი არ იყო სახლში და არ აღვიქვამდი როგორც საჭმელს და არ ვჭამდი, არც სკოლაში. თავიდან საერთოდ მეგონა, რომ არავინ ჭამს ხორცს, რომ ყველა ვეგეტარიანელია და როდესაც მამამ მითხრა, რომ ხორცი ცხოველის ნაწილია და ყველა ჩვენი მეგობარი ჭამს ცხოველებს, მაგაზე ძაან “დავიგრუზე”...ირაკლი უშვერიძე
ლაშაზე კი გავლენა ცნობილმა ანიმაციურმა სერიალმა მოახდინა, რომელსაც “სიმპსონები” ჰქვია. ვეგეტარიანელობაზე ფიქრი სწორედ ამან დააწყებინა:
“დავინახე, ტელევიზორში იყო „სიმპსონები“ და ლიზა სიმპსონმა თქვა უარი ხორცზე. მაშინ დამაინტერესა ვეგეტარიანელობის თემამ, ოღონდ, რა თქმა უნდა, მაშინვე არ გავხდი ვეგეტარიანელი. ნელ-ნელა ვფიქრობდი, სხვა ხალხზე მესმოდა. მაგალითად, ბევრმა არ ვიცით, რომ ლევ ტოლსტოი იყო ვეგეტარიანელი, ეინშტეინი, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო ვეგეტარიანელი. ბევრმა ეს არ იცის. მე ნელ-ნელა ვიგებდი, რომ შესაძლებელია ისე ცხოვრება, რომ არავინ მოკვდეს და ნორმალურად ვიცხოვროთ. 4 წელია, ინფორმაცია რაც მივიღე, და გადავედი ვეგანობაზე. 2008 წლიდან ვარ ვეგეტარიანელი.”
ლაშა ამბობს, რომ საქართველოში არის რამდენიმე კაფე, სადაც ვეგეტარიანული და ვეგანური საკვები დაგხვდებათ, თუმცა, მისი თქმით, ეს კაფეები მაინც განსხვავდება “კივისგან“. აქ იდეური ვეგანები არიან:
“ვეგანობა არ არის დიეტა, რომ რაღაცას არ ჭამ. ეს არის ცხოვრების ფილოსოფია, ის, რომ კოსმეტიკას არ იყენებ, რომელსაც ტესტავენ ცხოველებზე, ძალიან ბევრ კატას, ძაღლს კლავენ იმისთვის, რომ ჩვენ წავისვათ, მაგალითად, პომადა და ეს ძალიან დიდი მსხვერპლია იმის გამო, რომ ვითომ ლამაზები ვიყოთ. ჩვენ, ანუ აქ, უმეტესი ნაწილი მარტო საჭმელზე არ ვფიქრობთ და ვფიქრობთ გლობალურად ვეგანობის განვითარებაზე, ამიტომ ეს ერთადერთი სივრცეა საქართველოში”.
როგორც ლაშამ გვითხრა, საქართველოში ვეგანები ძირითადად ახალგაზრდები არიან და რადგანაც ეს თემა ახლა აქტუალური გახდა , უფროს თაობას ეს ბავშვური გატაცება ჰგონია, თუმცა კაფეს ხშირად უცხოელებიც სტუმრობენ და ისინი მეტწილად საშუალო ასაკის ადამიანები არიან.
ერთ-ერთი ვეგანის, ირაკლი უშვერიძის, მშობლები ვეგეტარიანელები არიან და, აქედან გამომდინარე, ირაკლის 24 წლის განმავლობაში არასდროს უჭამია ხორცი. იგი თავის ამბავს გვიყვება და ამ საკითხთან დაკავშირებით თავის აზრს გვიზიარებს:
“ეგრე გავიზარდე, რომ ხორცი არ იყო სახლში და არ აღვიქვამდი როგორც საჭმელს და არ ვჭამდი, არც სკოლაში. თავიდან საერთოდ მეგონა, რომ არავინ ჭამს ხორცს, რომ ყველა ვეგეტარიანელია და როდესაც მამამ მითხრა, რომ ხორცი ცხოველის ნაწილია და ყველა ჩვენი მეგობარი ჭამს ცხოველებს, მაგაზე ძაან “დავიგრუზე”. დაახლოებით 5 წლის წინ დავიწყე ვეგანობა, ანუ საერთოდ ამოვიღე ცხოველური პროდუქტი“.
ელიზბარი კი ვეგეტარიანელია და უნდა ვეგანი გახდეს, თუმცა ჯერ ვერ ახერხებს, რადგან, როგორც თავად ამბობს, ვეგანს ხელშეწყობა სჭირდება. ამიტომ, როდესაც დამოუკიდებლად იცხოვრებს, გეგმავს რაციონი შეცვალოს. იგი ამბობს ასევე, რომ მნიშვნელოვანია გააზრებულად გადადგა ეს ნაბიჯი და გახდე ვეგანი:
“იმიტომ მინდა, რომ ჯანმრთელობის მხრივაც უკეთესია, ვიდრე ვეგეტარიანელობა, რადგან ბუნებრივად ამცირებ არაჯანსაღი ცხიმების, ნაჯერი ცხიმების მიღების ალბათობას. რა თქმა უნდა, ვეგანობა გააზრებული უნდა გქონდეს და ასე თუ ისე კარგად გათვლილი საკვები, ანუ, ბუნებრივია, უფრო მეტი მცენარეული საკვები გჭირდება იმისთვის, რომ ის საკმარისი მიიღო. საჭიროა თავიდან ბევრი ინფორმაცია, კარგად გარკვევა და გააზრებული ნაბიჯის გადადგმა”.
კაფე “კივიში” ახალგაზრდები ხვდებიან ერთმანეთს და არაფორმალურ გარემოში უზიარებენ გამოცდილებას, ცხოველთა და გარემოსდაცვით საკითხებში. ვეგანური საკვების მოყვარულთათვის რეცეპტების წიგნიც გამოსცეს, რომელიც “თავისუფალ ფასში”, ანუ ვისაც რამდენი სურს, იმ ფასად შეუძლია აიღოს. იმათთვის, ვინც ამბობს, რომ ვეგანური საკვების მეშვეობით საკმარისი ენერგეტიკული ღირებულების მიღება შეუძლებელია, ცნობილი ვეგანების მაგალითები მოჰყავთ, ვისაც, მიუხედავად ვეგანური კვების რაციონისა, ცხოვრების გემო არ შესცვლიათ.