Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი: მსურს ვაშინგტონი დავარწმუნო, რომ სანდო პარტნიორები ვართ


ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა. ვიზიტის პირველ ოფიციალურ დღეს, პირველ ნახევარში მან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა შეხვედრა, და სახელმწიფო მდივნის ასისტენტს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდს შეხვდა. ორშაბათს, განრიგის მიხედვით მას სამუშაო საუზმე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ჰქონდა და ქართველ ლიდერს ასევე "ფრიდომ ჰაუზში" ელოდნენ.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში კი პარლამენტის სპიკერმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, ნატოსა და ევროპის კავშირში გაწევრიანების სურვილი, რუსეთისგან მომავალი საფრთხეები და ლარის დევალვაცია მიმოიხილა. "ვაშინგტონში ჩამოსვლის ჩემი მთავარი მიზანია ამერიკელი პარტნიორები იმაში დავარწმუნო, რომ ჩვენ სანდო პარტნიორები ვართ,"-განაცხადა მან.

„ვაშინგტონში ჩამოსვლის ჩემი მთავარი მიზანია ამერიკელი პარტნიორები იმაში დავარწმუნო, რომ ჩვენ სანდო პარტნიორები ვართ.“
დავით უსუფაშვილი

საქართველოს საგარეო კურსზე და ევრო-ატლანტიკურ ორიენტაციაზე საუბრისას უსუფაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ნატოს წევრობა არა წევრი სახელმწიფოების რუსეთთან ომის დასაწყებად, არამედ ომის დასასრულებლად უნდა.

უსუფაშვილმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზეც ისაუბრა, მისი თქმით ეს კონფქლიტი 2008 წლის საქართველოს ომის გაგრძელებაა.

„ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ის, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმის, რაც საქართველოში მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ეს არის ერთი გეგმის სხვა და სხვა კომპონენტი. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საზარელი ამბების ფონზე რუსული აგრესია საქართველოს გრძელდება და რომ ეს არის ერთი პროცესი, რომელსაც ერთიანად უნდა გავუმკლავდეთ,“ თქვა უსუფაშვილმა.

„ამერიკის ხმის“ კითხვაზე უწევს თუ არა მას პარტნიორების იმაში დარწმუნება, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პოლიტიკაზე გავლენა არ აქვს, უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი მას არ უწევს, თუმცა თქვა, რომ ივანიშვილს გავლენა აქვს როგორც მოქმედ პოლიტიკურ ჯგუფზე, ისევე მთლიანად საზოგადოებაზე.“

„ბიძინა ივანიშვილს არასდროს უთქვამს, რომ ის ქვეყნიდან გაქრებოდა. მან თქვა, რომ პოლიტიკიდან აქტიურ სზოგადოებრივ ცხოვრებაში მიდის, მან არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ ჩამოაყალიბა. კი, ის აკეთებს კომენტარებს, და ეს არ არის ერთი უბრალო მოქალაქის კომენტარები. ის ინარჩუნებს მნიშვნელოვან გავლენას და ნდობას საზოგადოებაში, განსაკუთრებით იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელიც მან შექმნა.“

უსუფაშვილის თქმით, ივანიშვილს საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმრებიც ხვდებიან, რადგან ის „საქართველოში გავლენიანი მოქალაქეა.“

„ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ კლასზე და მმართველ კოალიციაზე იმაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე სხვა ნებისმიერ მოქალაქეს, ორას ან ათას მოქალაქეს ერთად აღებული, რადგან მან შექმნა პარტია, რომელიც ახლა მმართველობაშია.“

უნივერსიტეტში უსუფაშვილმა ლარის დევალვაციაზეც ისაუბრა, მისი თქმით ვალუტის გაუფასურება რეგიონში მიმდინარე მოვლენების, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების და შიდა ფაქტორების კომბინაციაა, რომლისთვისაც მთავრობა მზად არ იყო.

XS
SM
MD
LG