Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამასგან უსაფრთხოების უფრო მკაცრ სტრატეგიას მოითხოვენ


ზბიგნევ ბზეჟინსკი და ბრენტ სკოუკროფტი
ზბიგნევ ბზეჟინსკი და ბრენტ სკოუკროფტი

ამერიკის კონგრესის წევრები და ყოფილი მაღალჩინოსნები შეერთებული შტატებისგან ეროვნული უსაფრთხოების უფრო მკაცრ სტრატეგიას მოითხოვენ.

ზოგიერთი ექსპერტი აღმოსავლეთ ევროპაში ამერიკის ჯარების განლაგების მომხრეა.

ჩვენ უნდა შევქმნათ სტრატეგია, რომელიც ბიუჯეტით იქნება გამყარებული და არა ბიუჯეტით შეზღუდული.
ჯონ მაკკეინი, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე

პრეზიდენტ ობამას მიერ კონგრესის წინაშე წლის შემაჯამებელი სიტყვის შემდეგ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა უსაფრთხოების გამოწვევებზე და ამერიკის რეაქციებზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, უსაფრთხოებისთვის მეტი რესურსების გამოყოფას ითხოვს:

„ჩვენ უნდა შევქმნათ სტრატეგია, რომელიც ბიუჯეტით იქნება გამყარებული და არა ბიუჯეტით შეზღუდული. ჩვენი სტრატეგია მოსალოდნელი საფრთხეების სწორ შეფასებაზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას, ბიუჯეტი კი მათთან გასამკლავებელ რესურსებს უნდა გამოყოფდეს,“ განაცხადა სენატორმა კომიტეტის სხდომაზე.

ამავე კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ზბიგნევ ბზეჟინსკიმ შეერთებულ შტატებს ბალტიისპირეთში შეიარაღებული ძალების განლაგებისკენ მოუწოდა.

შემაკავებელ პოლიტიკას მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, აუცილებელია რომ შეკავებას ჰქონდეს კბილები.
ზბიგნევ ბზეჟინსკი, თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში

მისი თქმით ამით დასავლეთი რუსეთის მიერ ბალტიისპირეთის ანექსიას აიცილებს თავიდან: „შემაკავებელ პოლიტიკას მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, აუცილებელია რომ შეკავებას ჰქონდეს კბილები, რათა მან, ვინც მსგავს ქმედებებს გეგმავს დაინახოს, რომ წინააღმდეგობას წააწყდება. ამიტომაც მე ჯარების განლაგების იდეით გამოვდივარ.“

ბზეჟინსკის თქმით უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ მისსავე ტერიტორიაზე მიმდინარე ომის იგნორირება არ შეიძლება და უკრაინამ სამხედრო მხარდაჭერა უნდა მიიღოს.

„ეკონომიკური სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის საზოგადოებაში განწყობას შექმნის, რომლითაც პუტინი პოპულარობას დაკარგავს. რაც შეეხება მოკლე ვადიან პერსპექტივას ჩვენ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, როგორიცაა უკრაინის იარაღით მომარაგება, რათა რუსეთმა დაინახოს, რომ მსგავსი სამხედრო ქმედებები ძვირი დაუჯდება,“ თქვა მან.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრაში ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი ამბობს, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერაში ამერიკა და ევროპა სოლიდარულები უნდა იყვნენ და მისი ტერიტორიის აღდგენაზე უნდა იფიქრონ:

“შეერთებული შტატები და ევროპა უკრაინაში არ ომობენ, ჩვენ ვცდილობთ ევროპა სოლიდალური იყოს და უკრაინამ მისთვის სასიცოცხლოდ საჭირო საბიუჯეტო დახმარება მიიღოს. ახლა უნდა ვიფიქროთ როგორ დავეხმარებით უკრაინას დონეცკის და მისი დაკარგული ნაწილების დაბრუნებაში, სადაც ჯერ კიდევ იბრძვიან სეპარატისტები, რომლებსაც სავარაუდოდ რუსული ჯარები ეხმარება“

როცა ამერიკის მოქმედი და ყოფილი სენატორები უსაფრთხოების გამოწვევებზე და ამერიკის რეაქციებზე მსჯელობდნენ, დავოსის ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით პეტრო პოროშენკო გამოდიოდა. უკრაინის პრეზიდენტი ხმამაღლა ადანაშაულებდა რუსეთს მისი ქვეყნის ოკუპაციაში და უკრაინიდან 9 000-ზე მეტი რუსი სამხედროს და 500-ზე მეტი ტანკის და მძიმე ტექნიკის გაყვანას მოითხოვდა.

XS
SM
MD
LG