შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის აგრესიაზე იმსჯელა.
„რუსული აგრესია აღმოსავლეთ ევროპაში: სად წავა რუსეთი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შემდეგ?“ ასე ერქვა დისკუსიას, რომლის სპიკერებიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რუსი ოპოზიციონერი, ჭადრაკში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი გარი კასპაროვი, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უკრაინაში - სტივენ პაიფერი და ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი სტივენ ბლანკი იყვნენ.
„შეიძლება უჩვეულო იყოს, როცა ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ამერიკის სენატის წინაშე სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავს, მაგრამ უკრაინა და საქართველო ახლა იმ ფრონტის წინა ხაზზე არიან, რომელიც შესაძლოა აქედან შორს ჩანდეს, თუმცა რუსეთის აგრესიასა და ამერიკას შორის ახლა სწორედ უკრაინა დგას,“ ამ სიტყვებით დაიწყო გამოსვლა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ამერიკას კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგებისკენ.
უკრაინის მხარდაჭერა - იარაღის მიწოდების ჩათვლით, რაც საკუთარი მომავლისთვის საბრძოლველად სჭირდებათ და მხარდაჭერა, რომ ააშენონ სიცოცხლისუნარიანი, ძლიერი, უკრაინული დემოკრატია და სახელმწიფო.მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში შეერთებული შტატების როლზე ისაუბრა ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ ვილსონმაც. ვილსონი მიიღნევს, რომ პუტინი მანამ არ გაჩერდება, სანად სერიოზულ წინააღმდეგობას არ წააწყდება:
„შეერთებული შტატების ლიდერობის გარეშე, პუტინმა შესაძლოა წარმატებას მიაღწიოს ევროპაში ახალი დამყოფი ხაზის შექმნაში...
ამერიკას შეუძლია მისი მოკავშირეები და საერთაშორისო პარტნიორები გააერთიანოს სტრატეგიის გარშემო, რომელიც არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიას, არამედ თავიდან აგვაცილებს რუხ ზონებს ევროპაშიდეიმონ ვილსონი, "ატლანტიკური საბჭო"
თქვა ვილსონმა.
თავის გამოსვლაში უკრაინისადმი მხარდაჭერაზე და კონფლიქტის საერთაშორისო მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება გარი კასპაროვმა.
„უკრაინა უნდა იქნეს დაცული, მხარდაჭერილი და შეიარაღებული. ეს ომი შეიძლება აქედან დაშორებული ჩანდეს, მაგრამ ეს არის ომი, რომელშიც შეერთებული შტატებითავისუფალი სამყაროსთან ერთად იბრძვის.“
კასპაროვმა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით ეკონომიკური სანქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ აჩერებს პუტინს, რომელსაც ის კიბოს ადარებს:
„კიბოსთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებ. კიბოს მსგავსად პუტინი და მისი ელიტა უნდა ამოჭრა. მისი იზოლირება უნდა მოხდეს. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება რუსეთი ისეთი თავისუფალი, ძლიერი და დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორზეც ბორის ნემცოვი ოცნებობდა,“ თქვა კასპაროვმა დარბაზში, რომელშიც ბორის ნემცოვის და უკრიანის კონფლიქტის ამსახველი რამდენიმე ფოტო იყო გამოფენილი.