Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჟანსკი და სტენტი უკრაინის მოვლენებზე


ვაშინგტონში დაფუძნებული კენანის ინსტიტუტის დირექტორი მეთიუ როჟანსკი უკრაინის საპარლამენტო არჩევნებს დასავლეთის გამარჯვებად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ 2013 წლის დეკემბერში დაწყებული ბრძოლის დასასრულებლად ქვეყანაში ურიცხვი საქმეა.

„მთავარი გამოწვევაა იდენტობის, ეროვნული იდეის განსაზღვრა. პრობლემებია რეფორმების გზაზე, ასევე უსაფრთხოების სიტუაციის და ომის მიმდინარეობის გამო. არანაკლებ წინააღმდეგობრივია გამარჯვებული, წარმატებული და ძალიან პოპულარული პრეზიდენტის ფაქტორი, რადგან უკრაინაში მორალური დამოკიდებულება ოლიგარქებისადმი მაინც ირონიით და ერთგვარი ზიზღით არის გაჯერებული.“

ცნობილი ამერიკელი ექსპერტი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი ანჯელა სტენტი დარწმუნებულია, რომ არჩევნების შემდეგ უკრაინაში ბოლო 22 წლის მანძილზე ყველაზე დემოკრატიული მთავრობაა.

„რადაში დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვეს. პრეზიდენტისა და პრემიერისთვის ეს რეალური შანსია გაატარონ საღი ეკონომიკური რეფორმები და აღმოფხვრან კორუფცია. წინ რთული პერიოდია. საერთაშორისო დახმარების მიღება სავარაუდოდ გართულდება, რადგან ქვეყნის ერთი ნაწილი ოკუპირებულია. რეფორმები თუ არ გატარდა, ექვს თვეში დასავლეთი დაფიქრდება თუ რამდენად მიზანშეწონილია უკრაინის ხელშეწყობა.“

კრემლის რეაქცია უკრაინაში ჩადენილ ქმედებებსა და სანქციებზე უცვლელია. ეკონომიკური ვითარება რუსეთში დღითიდღე უარესდება, მოსკოვი კი არ რეაგირებს დასავლეთის შეშფოთებაზე-აცხადებს ჯორჯთაუნის პროფესორი.

„ვალდაის კლუბში პრეზიდენტ პუტინის მოხსენებაში მოვისმინე, რომ დასავლეთია პასუხისმგებელი მსოფლიოში მიმდინარე ყველა პრობლემაზე. ვფიქრობ, ეს არის დაშინების ფორმა და შეხსენება, რომ რუსეთი არაფერს შეცვლის უკრაინის კონფლიქტში."

რუსული მხარის დამოკიდებულება უკრაინის მიმართ მაისის შემდეგ არ შეცვლილა, თუმცა არჩევნების შემდეგ ურთიერთობა, სტატუს-კვოს გათვალისწინებით, შესაძლებლია,-აღნიშნავს როჟანსკი.

„ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ პოროშენკოსთან ურთიერთობა შესაძლებელია. ამასთან, კრემლმა უკვე მიაღწია ყველაფერ სასურველს და ახლა მეთოდურად აგრძელებს მაისში დაკავებული პოზიციების გამყარებას. ფაქტია ისიც , რომ უკრაინას რუსული გაზის მიღმა სხვა გზა არ აქვს."

რაც შეეხება ამერიკაში შუალედური არჩევნების შემდეგ რუსეთისა დ უკრაინის მიმართ კონგრესის პოზიციას, ანალიტიკოსები არ ვარაუდობენ, რომ აქ ორპარტიული ერთსულოვნების კორექტირება მოხდება და განურჩევლად, თუ რომელი პარტია გააკონტროლებს მომავალ კონგრესს, ერთი მხრივ რუსეთთან, მეორე მხრივ კი უკრაინასთან მიმართებაში ვაშინგტონის პოზიცია უცვლელი და აქტიური დარჩება.


XS
SM
MD
LG