უნგრეთის მთავრობამ შეიმუშავა და პარლამენტს გადაუგზავნა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში შესაძლებელია ფუნქციონირება შეაჩეროს ქვეყანაში მოქმედმა, უცხოეთთან კავშირების მქონე ათობით საგანმანათლებლო დაწესებულებამ. მათ შორის არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აკადემიურ სივრცედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. საგანმანათლებლო წრეებში უნგრეთის მთავრობის ქმედება შეაფასეს, როგორც შეტევა აკადემიურ სივრცესა და აკადემიურ თავისუფლებაზე. 130-მდე ქვეყნის წარმომადგენელ 1000-ზე მეტ სტუდენტს შორის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში დღეს 27 ქართველი სტუდენტი სწავლობს.
ბუდაპეშტში მდებარე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მოქმედმა და ყოფილმა სტუდენტებმა, ასევე პროფესორებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა 28 მარტს მიიღეს წერილი, რომელშიც რექტორი მაიკლ იგნატიევი მათ უნივერსიტეტის დაცვისკენ მოუწოდებს: „მოგიწოდებთ დაუკავშირდეთ პარლამენტის წევრებს, თქვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორ ინსტიტუტებს, უნივერსიტეტებს, ასევე უნგრეთსა და მთელ მსოფლიოში მყოფ პატივცემულ კოლეგებს და უთხრათ მათ, რომ საფრთხე ემუქრება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის თავისუფლებას, უნივერსიტეტისა, რომელიც ამაყობს იმით, რომ ის უნგრეთის უნივერსიტეტია და რომელიც სტუდენტებს უზრუნველყოფს როგორც აშშ-ში, ისე უნგრეთში აკრედიტებული დიპლომებით, უნივერსიტეტისა, რომელიც კერძო და დამოუკიდებელია და მიუხედავად იმისა, რომ ქველმოქმედებით დაარსდა, დღემდე ინარჩუნებს აკადემიურ თავისუფლებას“, - ეს ამონარიდია მაიკლ იგნატიევის წერილიდან. მასში უნგრეთის მთავრობის ახალი კანონპროექტი შეფასებულია, როგორც შეტევა იმ სასიცოცხლო ფუნდამენტზე, რომელიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში ბოლო ორი ათეული წელია იქმნება.
ჩვენი დოქტორანტები უნგრეთის უნივერსიტეტებში კითხულობენ ლექციებს, ასევე ბევრი უნგრელი დოქტორანტი სწავლობს ჩვენს უნივერსიტეტში, გვაქვს ბიბლიოთეკა, რომლითაც უნგრეთის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც სარგებლობენ. მათემატიკური მეცნიერებების მიმართულებით ვთანამშრომლობთ უნგრეთის სამეცნიერო აკადემიასთან. ასე ბევრი შემიძლია მოვყვე იმაზე, რამდენად შერწყმულია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი უნგრეთის სამეცნიერო აკადემიასთან...ევა ფოდოვი
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, იგივე სეუ, როგორც მას საქართველოში იცნობენ და უნდა ითქვას, რომ ის ქართველ სტუდენტებში გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს, 1991 წელს დაარსდა უნგრული წარმომავლობის ამერიკელი ბიზნესმაგნატისა და ქველმოქმედის, ჯორჯ სოროსის, დაფინანსებით. როგორც უნივერსიტეტის მოკლე ისტორიულ გზამკვლევში ვკითხულობთ, ამ საგანმანათლებლო დაწესებულებას მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა რეგიონში, რომელიც კომუნისტური წარსულისგან გათავისუფლების გზას დაადგა. სწორედ ამ ეტაპზე იყო გარდაუვალი ავტორიტარული საფრთხეებისგან თავისუფალი საზოგადოების შექმნა, საზოგადოებისა, რომელშიც არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ მომავალი პოლიტიკოსები, იურისტები და უფლებადამცველები, სოციოლოგები და პოლიტიკის მკვლევრები უნდა დაბადებულიყვნენ.
სეუ-ს დაარსებიდან 25 წლის შემდეგ ბუდაპეშტში, რომელსაც ხშირად „ევროპის გულად“ მოიხსენიებენ, ღიად საუბრობენ აკადემიურ სივრცეში მთავრობის პირდაპირი ჩარევის მცდელობაზე. ასეთ მცდელობას ცხადყოფს კანონპროექტი, რომელიც უნგრეთის მთავრობამ მიმდინარე კვირის დასაწყისში განსახილველად გადაუგზავნა პარლამენტს. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფესორმა ევა ფოდოვმა გვითხრა, რომ კანონპროექტის მიხედვით, უნგრეთმა შეერთებულ შტატებთან უნდა დადოს შეთანხმება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კამპუსი რეგისტრირებული უნდა იყოს შეერთებულ შტატებში, რომ ის ვეღარ ატარებს იმ სახელს, რომლიც ახლა აქვს და, გარდა ამისა, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწევთ ხელახლა მიიღონ აკადემიური საქმიანობისათვის საჭირო ლიცენზია. ევა ფოდოვის თქმით, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი კანონპროექტით განსაზღვრულ ამ პირობებს ვერ შეასრულებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ვეღარ გააგრძელებს საგანმანათლებლო სტატუსით ფუნქციონირებას ბუდაპეშტში.
კანონმდებლობის შემუშავების ინიციატორად მიჩნეულია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, მემარჯვენე ნაციონალ-კონსერვატიული პარტიის ლიდერი ვიქტორ ორბანი, რომელმაც ოქსფორდის უნივერსიტეტში (პემბროკის კოლეჯში) განათლება სწორედ ჯორჯ სოროსის ფონდის სტიპენდიით მიიღო. ორბანის სახელს უკავშირდება ევროპაში მიგრანტებთან მიმართებით მკაცრი პოლიტიკის შემუშავება - დამცავი ზღუდეების აგება უნგრეთის საზღვარზე. ორბანს ევროსკეპტიკოსადაც მიიჩნევენ და ამას ადასტურებს მისი უარყოფითი დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ, რომელიც ევროკავშირმა შეიმუშავა მიგრანტთა კრიზისის მოსაგვარებლად. სწორედ ვიქტორ ორბანი არის ავტორი შემდეგი სიტყვებისა: „ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ევროპული ღირებულებები და ევროპული იდენტობა დაახლოებით იმ ხარისხით, როგორც ცოცხალი ბაყაყი წყლით სავსე ქვაბში ჩავარდნისას მშვიდად იგდებს თავს სიკვდილის საფრთხეში“.
ორბანის ინიციატივით, გასული წლის ოქტომბერში უნგრეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის მთავარი შეკითხვა შეეხებოდა იმას, ეთანხმებიან თუ არა უნგრეთის მოქალაქეები მიგრანტების მისაღებად კვოტების შემოღებას. საარჩევნო უბნებზე მისულთა 95 %-მა უარყოფითი პასუხი გასცა დასმულ შეკითხვას, მაგრამ იმის გამო, რომ რეფერენდუმში ელექტორატის სულ 45-მდე პროცენტი მონაწილეობდა, უნგრეთის საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმი ბათილად ცნო, მაშინ როცა ორბანმა„ბრწყინვალე“ უწოდა შედეგს, რომელიც, მისივე თქმით, კონსტიტუციაშიც უნდა აისახოს. უნგრეთის პოპულისტი ლიდერის სადავო ინიციატივებსა და განცხადებებს ხშირად ახსენებენ დისკუსიებში, რომლებიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მიმდინარე კვირაში უნგრეთის კონსერვატიულ გამოცემა „Figyelő-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ უნგრეთის კონსერვატიული მთავრობა საფრთხედ აღიქვამს გენდერის პოლიტიკის სწავლებას, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მიმართულებად მიიჩნევა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში.
დღეს უნივერსიტეტის ბაზაზე ნაციონალიზმის, ეკონომიკის, მედიის, სამართლის, ბიზნესის, სოციოლოგიის, სოციალური ანთროპოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კიდევ რამდენიმე სხვა სფეროს მიმართულებით მოქმედებს 36 სამაგისტრო და 12 სადოქტორო პროგრამა, რომელთა ნაწილი აკრედიტებულია შეერთებულ შტატებში, ნაწილი კი - უნგრეთში. უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად აღიარებულია ის გარემოება, რომ 1400-მდე სტუდენტს შორის თავს იყრის 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი. მათ შორის ბევრი ქართველია. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სტატისტიკის თანახმად, დაარსებიდან დღემდე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში სასწავლო კურსი გაიარა 416-მა ქართველმა სტუდენტმა. მათ შორის მაგისტრის ხარისხი მიიღო 333-მა, სადოქტორო ხარისხი - 22-მა, ხოლო საბაკალავრო საფეხური წარმატებით დაასრულა 49 სტუდენტმა. ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის არიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. ეს უკანასკნელი ბუდაპეშტში 1995-1996 წლებში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობდა: „მგონია, რომ ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი პირველი 10-15 წლის განმავლობაში იყო განსაკუთრებული შესაძლებლობა ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გამოსული სტუდენტებისთვის, ახალგაზრდებისთვის, რომ აბსოლუტურად უფასოდ მიეღოთ ცოდნა, რომელსაც საკუთარ ქვეყნებში ვერ მიიღებდნენ. მე ვსწავლობდი ფაკულტეტზე, რომლის ანალოგი მაშინ საქართველოში არ არსებობდა. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ: წიგნი, მეთოდი, ბიბლიოთეკა - ეს ყველაფერი 1995 წლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, რომელიც დავამთავრე, იყო აბსოლუტურად კოსმოსური სივრცე, რომელზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. ანალოგიური უნივერსიტეტები არსებობდა დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, მაგრამ ისინი არ იყო ხელმისაწვდომი ჩვენთვის“, - გვითხრა თინა ხიდაშელმა, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ყოფილმა სტუდენტმა, და იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს. მისი აზრით, საფრთხე უფრო მეტად დგას უნგრეთის, როგორც სახელმწიფოს, წინაშე და არა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის წინაშე: „ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი გადარჩება. ის იქნება და იარსებებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ძალიან ბევრ კარგ ახალგაზრდას ექნება საშუალება ამ პრივილეგიით ისარგებლოს და იყოს ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. საფრთხე, რომლის შექმნასაც უნგრეთის დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, თავად მისთვის არის მთავარი საფრთხე და მთავარი გამოწვევაც, იმიტომ რომ, როდესაც ქვეყანაში იწყება ბრძოლა აკადემიური თავისუფლების წინააღმდეგ, ის არასოდეს არ მთავრდება ხოლმე განსაკუთრებული წარმატებით. მე არ ვისურვებდი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის, უნგრეთის, ხელისუფლება დაპირისპირებოდა იმ ახალგაზრდებისა და სტუდენტების უზარმაზარ არმიას, რომლებიც ახლა სწავლობენ უნივერსიტეტში და საფრთხის განცდა აქვთ, და ასევე ყოფილი სტუდენტების იმ მრავალათასიან არმიას, რომელიც ერთადერთი გამონაკლისის, პრემიერ-მინისტრის, ბატონი ვიქტორ ორბანის გარდა, რომელმაც თავადაც სოროსის ფონდის დაფინანსებით მიიღო განათლება, სოლიდარულია უნივერსიტეტის მიმართ“.
სოლიდარობის გამომხატველ განცხადებებს ნახავთ სოციალურ ქსელებშიც. აქტიურობს, მაგალითად, სალომე კანდელაკი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი - ერთ-ერთი იმ 27 ქართველ სტუდენტს შორის, რომელიც ახლა სწავლობს სეუ-ში. სალომეს ბუდაპეშტში დავუკავშირდით, როგორც თვითონ ამბობს, სტუდენტებისთვის ყველაზე რთულ დროს. ახლა მათ გამოცდები აქვთ, თუმცა მან მაინც მოახერხა აეხსნა, რა ღირებულება აქვს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის, კონკრეტულად კი ქართველი სტუდენტებისთვის. მან ხაზი გაუსვა ერთ მნიშვნელოვან დეტალს: „საქართველოში ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება აკადემიური წერის კულტურას, მაგალითად, საბაკალავრო ნაშრომზე მუშაობის დროს თითქმის არავინ არ იცოდა, როგორი იყო სტრუქტურა, რა თეორიები და მეთოდოლოგია უნდა გამოგეყენებინა და ა.შ. ამ შემთხვევაში აქ პრობლემა არ გექმნება. თავიდანვე, როგორც კი ჩამოდიხარ, გიტარდება აკადემიური წერის კურსები, გადიხარ კვლევის მეთოდებს საბაზისო დონეზე. ამას მოჰყვება სტატისტიკა, სწავლობ მრავალ სხვადასხვა მეთოდებს, მაგალითად, შედარებით ანალიზს, ასევე ინტერვიურებას, მონაცემთა ანალიზს და ა.შ. ასევე, ჩვენი პროფესორების აკადემიური ნაშრომები საკმაოდ მაღალი ხარისხის არის. ეს ვალდებულებაც არის პროფესორებისთვის, რომ ყოველწლიურად რაღაც შექმნან, რაღაც დაწერონ. სხვანაირად ამ აკადემიაში ვერ გაძლებ და არც შეგინარჩუნებენ, თუ რაიმე ღირებული არ შექმენი“, - ამბობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.
აკადემიური პროგრამების აკრედიტაციას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორი ევა ფოდოვიც, თუმცა ხაზგასმით შენიშნავს, რომ აკრედიტაციას არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული. ფოდოვის თქმით, უნივერსიტეტი არ ეწინააღმდეგება აშშ-ისა და უნგრეთის მთავრობების ორმხრივ შეთანხმებას, თუმცა აუცილებლად მიაჩნია, შეთანხმებამ არ შეზღუდოს აკადემიური დამოუკიდებლობა. სეუ-ს პრორექტორმა ჩვენთან საუბარში ხაზი გაუსვა იმას, რომ უნივერსიტეტი არ წარმოადგენს მხოლოდ უცხოეთში აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას და რომ ის უნგრეთის აკადემიური სივრცის განუყოფელი ნაწილია: „ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს უნგრეთის აკადემიურ სივრცეებთან და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. გვაქვს ბევრი გაცვლითი პროგრამა და ურთიერთანამშრომლობაზე დაფუძნებული შეთანხმებები. ჩვენი დოქტორანტები უნგრეთის უნივერსიტეტებში კითხულობენ ლექციებს, ასევე ბევრი უნგრელი დოქტორანტი სწავლობს ჩვენს უნივერსიტეტში, გვაქვს ბიბლიოთეკა, რომლითაც უნგრეთის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც სარგებლობენ. მათემატიკური მეცნიერებების მიმართულებით ვთანამშრომლობთ უნგრეთის სამეცნიერო აკადემიასთან. ასე ბევრი შემიძლია მოვყვე იმაზე, რამდენად შერწყმულია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი უნგრეთის სამეცნიერო აკადემიასთან“, - ამბობს ევა ფოდოვი.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს სოლიდარობა გამოუცხადა დასავლეთის რამდენიმე აკადემიურმა დაწესებულებამ და ასევე აშშ-ის საელჩომ უნგრეთში. განიხილებოდა შეთავაზებები უნივერსიტეტის სხვა ქვეყანაში გადატანის შესახებაც, თუმცა რექტორიც და სტუდენტებიც ერთხმად და მყარად იცავენ პოზიციას, რომ სეუ-ს ადგილი სწორედ ბუდაპეშტშია.