Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: "უკრაინის ომში რუსული სამხედროების მონაწილეობის მტკიცებულება არსებობს"


დონეცკი, 2015 წლის თებერვალი
დონეცკი, 2015 წლის თებერვალი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა მონიტორები აცხადებენ, რომ უკრაინის ომში რუსული სამხედროების მონაწილოების მტკიცებულება არსებობს. უკრაინაში გაეროს მისიამ მეათე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 15 თებერვლიდან 15 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

რუსეთი აქამდე უარყოფს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში მისი ჯარისკაცების მონაწილეობას და აცხადებს, რომ იქ მხოლოდ მოხალისეები არიან. გასულ თვეს როცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი რუსი ჯარისკაცი დააკავა, კრემლმა ისევ უარყო, რომ ისინი რუსული ჯარის წევრები არიან.

გაეროს გენერალური მდივნის ასისტენტი ადამიანის უფლებათა საკითხებში ივან სიმონოვიჩი აცხადებს, რომ გაეროს მონიტორებს, რომლებმიც რუს ჯარისკაცებს 21 ესაუბრნენ სხვა შთაბეჭდილება დარჩათ.

„მტკიცებულებები, რომ რუსეთის არმიის მოქმედი ჯარისკაცები უკრაინაში მსახურობენ იზრდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ის ადამიანები, ვინც ჩვენ მოვინახულეთ ამავდროულად უკრაინის სისხლის სამართლის გამოძიების ობიექტები არიან და მათ ტერორიზმის ბრალი აქვთ წაყენებული. ისინი ურთულეს ვითარებაში არიან, რადგან რუსეთი ყურადღებით აკვირდება თუ რას იტყვიან ისინი,“ ამბობს სიმონოვიჩი.

მისივე თქმით არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციიდან უკრაინაში მძიმე ტექნიკა და საბრძოლო შეიარაღება შედის.

გაეროს ანგარიშის მიხედვით 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული სულ მცირე 6400 ადამიანი დაიღუპა და 16 000 დაშავდა. ამავე ანგარიშის მიხედვით 1.2. მილიონი ადამიანია იძულებით გადაადგილებული, ასობით ათასმა კი ქვეყანა დატოვა, მათმა ნაწილმა თავი რუსეთს შეაფარა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 12 თებერვალს ხელმოწერილი მინსკის შეთანხმების შემდეგ შეიარაღებული თავდასხმების და სროლების რიცხვმა იკლო, თუმცა სროლებს ისევ აქვს ადგილი და შედეგად სამოქალაქო მოსახლეობა შიშის ქვეშ აგრძელებს ცხოვრებას.

ანგარიშში ადამიანის უფლებათა ხელყოფაცაა აღწერილი. „ამერიკის ხმასთან“ საუბარში სიმონოვიჩი ამბობს, რომ შესაძლოა ორივე მხარეს ომის დანაშაულები ჰქონდეს ჩადენილი. თუმცა ამის მაგალითები სეპარატისტულ რეგიონებში უფრო მეტია.

„არსებობს ბრალდებები, რომ შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა მკვლელობებს, წამებას, ძალდატანებით შრომას, გატაცებებს და გამოსასყიდის მოთხოვნას, ფულის გამოძალვას. არსებობს ბრალდებები, რომ ორივე მხარეს ადგილი ჰქონდა ადამიანების სიკვდილით დასჯას, სეპარატისტების მხარეს ამის მტკიცებულებებიცაა, მთავრობის მხარეს კი მხოლოდ ბრალდებები, რომლებსაც ვიძიებთ,“ ამბობს სიმონოვიჩი.

ანგარიშის მიხედვით ადამიანის უფლებების შელახვა ყირიმში რუსეთის ანექსიის შემდეგ ისევ გრძელდება, მოყვანილ მაგალითებს შორისაა დაკავებები, წამება და პოლიტიკური ოპონენტების, განსაკუთრებით კი ყირიმელი თათრების შევიწროვება.

XS
SM
MD
LG