Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისი ნიუ-იორკში


გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

მიღება გაეროში, საქართველოს მისიის ელჩის კახა იმნაძის და ნიუ -იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს გენერალური კონსულის დიანა ჟღენტის სახელით გაიმართა.

მრავალჟამიერი

გაეროს შენობაში, სადაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობენ, კონფლიქტებზე რეზოლუციებს ღებულობენ და ჰუმანიტარულ პრობლემებს წყვეტენ უჩვეულოდ, ქართული მრავალჟამიერი ისმოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება საღამოს ექვს საათზე დაიწყო. ელჩებს, დიპლომატიური მისიის წარმომადგენელბს და ქართველ იმიგრანტებს გაეროს მისიის ხელძღვანელი კახა იმნაძე და გენერალური კონსული ნიუ-იორკში დიანა ჟღენტი კარებთან ხვდებოდნენ. გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი კახა იმნაძე დამოუკიდებლობის 24 წელს აფასებს.

კახა იმნაძე: ბოლო 24 წელი რათქმაუნდა ძალიან საინტერესო გზა გაიარა ქვეყანამ - უამრავი პრობლემებით თუმცა, ნელ-ნელა მივდივართ იმ სტაბილურობისკენ, რომლისკენაც ვისწრაფვოდით, და ალბათ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე გუშინდელი. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი და მოლოდინი. ჩვენც ყველა ამას ვცდილობთ. აქ რაც შეეხება ჩვენს მისიას, ის დავალება რაც ქვეყნისგან გვაქვს, ვფიქრობ რომ ამ დავალებას კარგად ვართმევთ თავს.

მიღებაზე ერთ-ერთი პირველი სტუმარი უკრაინის მისიის ხელმძღვანელი იური სერგეევი მოვიდა.

იური სერგეევი: დამოუკიდებლობა მარტივი არ არის. არსებობენ ძალები, რომელთაც არ სურთ ვიცხოვროთ ევროპულ ოჯახში, კანონების მიხედვით, და არა გაგებით. ამიტომ ჩვენი გზა სწორია და გავიმარჯვებთ. არა ომით, არამედ წარმატებებით, სამოქალაქო ინსტიტუტებით, წარმატებული ეკონომიკით. და როგორც საქართველოს ისე უკრაინას ვუსურვებ, რომ რისი მიღწევაც სურს მიაღწიოს.

საქართველო გაეროს წევრი 1992 წელს გახდა. მას შემდეგ ქვეყანაში მუდმივად კონფლიქტური სიტუაციია. მეგობარი ქვეყნების ელჩების და დიპლომატების საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული სურვილები მშვიდობას და დასავლეთთან უფრო დაახლოვებას უკავშირდება.

ვლად ლუპანი - მოლდოვის მისიის ხელმძღვანელი გაეროში: საქართველოს ვუსურვებ მოლდოვასთან ერთად რომ ევროკავშირში კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადადგას. ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ და ახლა შანსი გვაქვს რომ ახალი სახელმწიფოები ავაშენოთ. დიდი სირთულეები იყო ორივე ქვეყანაში კონფლიქტების გამო. რიგის სამიტი არის ნათელი მაგალითი იმ წარმატების რისთვისაც ვიბრძოდით.

მოტოჰიდე იოშიკავა - იაპონიის მისიის ხელმძღვანელი: მინდა ქართველ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. ეს დიადი დღე არის. კახა იმნაძე დიდებული ელჩია, ძალიან დინამიური და მინდა მას და მის მისიას მივულოცო ეს დღე.

მიღებაზე უცხოელი სტუმრების სიმრავლე იყო. მათ ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნეს.

დიანა ჟღენტი: როგორც ტრადიციულად ღონისძიებებზე კეთდება დიპლომატებისთვის, ქართული ღვინო და ქართული სამზარეულო გვაქვს და ამაღლებული განწყობა არის.

ზურაბ ნინუა, ქართველი იმიგრანტი, მეტროპოლიტენ ოპერას ბარიტონი 90-იან წლებს იხსენებს, დროს როდესაც საქართველოში ცხოვრობდა და დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა.

ზურაბ ნინუა: ალბათ ყველა ქართველისთვის საფიცარი დღე იყო ოცნებებში ვიყავით 70-80-90 წლებში. მაგრამ მერე წამოვედით აქეთ ეკონომიკური მდგომარეობის გამო. მიგრანტები ვართ, ვცდილობთ იქ მყოფებს დავეხმაროთ.

ცუცა კაპანაძე: ვისურვებდი რომ საქართველო მალე მენახოს ერთიანი და მთლიანი. საქართველოს გაუმარჯოს ერთიანს და მთლიანად.

მანანა ჩიტაური: ღმერთმა ქნას დავბრუნებულიყავით და ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად აღგვეშნიშნოს ეს დღე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები ნიუ-იორკში მომავალ კვირასაც გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG