Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში საომრად წასული რუსი პატიმრის კავშირი სამოქალაქო პირების მკვლელობასა და გაუპატიურების მცდელობასთან


2022 წლის ნოემბერში რუსმა ჯარისკაცებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქში ორი მამაკაცი გაიტაცეს და წაიყვანეს ტყეში, სადაც მათ თავში ესროლეს და მოკლეს ან მომაკვდავები დატოვეს.

უკრაინელი პროკურორების თქმით, 32 წლის მიკოლა ხომნიკოვისა და 40 წლის სერჰი ჰოლუბენკოს მკვლელობა ერთ-ერთია ათეულობით მსგავს შემთხვევას შორის. რუსეთის ჯარებმა მარტო ზაპოროჟიეში არასაბრძოლო ვითარებებში ათეულობით სამოქალაქო პირი მოკლეს.

ამ საქმეების გამოძიება რთულია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ შესწევს ძალა, გამოძიება აწარმოოს რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მაგრამ რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ტელეპროექტმა „ნასტოიაშჩეე ვრემიამ“ მოიპოვა შიდა რუსული სამხედრო ჩანაწერები, რომლებიც ამჟღავნებს მანამდე უცნობ დეტალებს ორი მამაკაცის მკვლელობის შესახებ, რომლებიც, უკრაინელი პროკურორების თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ და კავშირი არ ჰქონდათ უკრაინელ სამხედროებთან.

ამ ჩანაწერებს შორისაა შიდა რუსული სამხედრო ანგარიში და ხმოვანი შეტყობინებები რუსი ოფიცრის ტელეგრამის ანგარიშიდან. ჟურნალისტებმა შეიტყვეს, რომ სავარაუდო მკვლელი იმ ათიათასობით რუს პატიმარს შორის იყო, რომლებიც კრემლმა უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა ფრონტზე.

„ნასტოიაშჩეე ვარემია“ და რადიო თავისუფლების საგამოძიებო ჯგუფი „სისტემა“ იტყობინებიან, რომ ეჭვმიტანილს, სამხედრო მძღოლს, ბატრაზ სლანოვს, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა 2022 წლის 24 თებერვალს. რამდენიმე თვეში ის უკვე უკრაინაში იბრძოდა.

ხომნიკოვისა და ჰოლუბენკოს მკვლელობათა შიდა რუსული სამხედრო ანგარიში აგრეთვე შეიცავს დეტალებს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ სლანოვმა ასევე სცადა ორი მსხვერპლის ნათესავი ქალის გაუპატიურება.

ლუდმილა ვერემიიმ, სოფლის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ნოვომიხაილოვკაში, სადაც ორი მსხვერპლი ცხოვრობდა, თქვა, რომ რუსმა სამხედროებმა სხვა ადგილობრივი მოსახლეებიც დახოცეს.

„ჩვენ რამდენიმე შემთხვევა ვიცით. მაგალითად, ნოვომიხაილოვკის მცხოვრებს ესროლეს კომენდანტის საათის შემდეგ სოფელში გადაადგილებისას“, - თქვა ვერემიიმ. „ჩვენ ასევე ვიცით ჩვენი თემის ორი მცხოვრების დაღუპვის შესახებ, რომლებიც ტყვედ იმყოფებოდნენ სარდაფებში და შემდეგ ისინი სავარაუდოდ გაათავისუფლეს. მაგრამ დილით მინდორში იპოვეს მათი გვამები. მათაც თავში ჰქონდათ ნატყვიარები“.

„სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობ, დეოკუპაციის შემდეგ კიდევ უფრო მეტ ასეთ შემთხვევას გავიგებთ“, - დასძინა ვერემიიმ.

ცუდი ინციდენტი

2022 წლის 25 ნოემბერს რუსეთის 58-ე საერთო საჯარისო არმიის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა სერგეი მედვედევმა ტელეგრამის ანგარიშიდან ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა თავის მოადგილეს, ვიტალი შოპაგას და დაავალა, სასწრაფოდ ეცნობებინა მისთვის „ცუდი ინციდენტის“ შესახებ.

უკრაინულმა დაზვერვამ წვდომა მოიპოვა მედვედევის ტელეგრამის ანგარიშზე და მისი შინაარსი გაუზიარა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, რომელმაც დამოუკიდებლად შეძლო მათი ავთენტიკურობის დადასტურება.

მეორე დღეს შოპაგამ მედვედევს გაუგზავნა დოკუმენტი სათაურით „ანგარიში 503-ე მოტომსროლელი დივიზიის ოფიცრების მიერ ორი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის შესახებ“.

ანგარიშში აღწერილია, თუ როგორ მოინახულეს სლანოვმა, რომელიც დივიზიის მძღოლი იყო, და რამდენიმე სხვა რუსმა ჯარისკაცმა ერთი კვირით ადრე სოფელ ნოვომიხაილოვკაში მცხოვრები იმ ადგილობრივი მოსახლეების სახლები, რომლებზეც იყო ეჭვი, რომ ისინი უკრაინის არმიისთვის ინფორმაციას აგროვებდნენ. ანგარიშის თანახმად, რუსებმა სოფელი მას შემდეგ დატოვეს, რაც ვერ აღმოაჩინეს ეჭვების დამადასტურებელი მტკიცებულება.

რამდენიმე დღის შემდეგ სლანოვმა, რომელიც იმავე რუს ჯარისკაცებთან ერთად დათვრა შინ დაყენებული ღვინით, გადაწყვიტა, სოფლის ორი მოსახლის „ვნებიანად“ დაკითხვა, - წერდა შოპაგა მოხსენებაში მედვედევს, რომლის ამოსაცნობი სახელია ერმაკი.

სლანოვი მივიდა ხომნიკოვისა და ჰოლუბენკოს სახლებში, ჩასხა ისინი მანქანაში და ორი კაცი ნაცნობთან ერთად წაიყვანა სოფლის ტყიან რაიონში. ამის შემდეგ სლანოვმა „ორივეს თავში ესროლა იმის გამო, რომ მათ უარი თქვეს აღიარებაზე“, - ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენების მიხედვით, ორი მსხვერპლი მოკლეს 2022 წლის 23 ნოემბრის დილას, რის შემდეგაც სლანოვმა და მისმა ნაცნობმა, ასევე სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა, სახლიდან გამოიყვანეს ჰოლუბენკოს ცოლი, რომელიც ხომნიკოვის დაცაა, და სცადეს, მისგან იძულებით მიეღოთ აღიარება, რომ ის უკრაინელ სამხედროებს აწვდიდა ინფორმაციას ამ ტერიტორიაზე რუსული ძალების შესახებ.

როცა ქალი მიჰყავდა, სლანოვმა მოულოდნელად გააჩერა მანქანა და დაკავებულს უბრძანა, მასთან ორალური სექსი ჰქონოდა, ნათქვამია მოხსენებაში. მას შემდეგ, რაც ქალი არ დათანხმდა, სლანოვმა გონება დაკარგა.

სლანოვი საბოლოოდ დაბრუნდა თავის ქვედანაყოფში და ორი დღის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ის დააკავეს.

სოფლის საბჭოს წარმომადგენლის, ვერემიის, და ზაპორიჟიეს საოლქო პროკურატურის სამხედრო დანაშაულების გამოძიების განყოფილების უფროსის, მიკიტა კოვალევსკის თქმით, არც ხომნიკოვი და არც ჰოლუბენკო არ იყვნენ უკრაინის არმიის ინფორმატორები.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ გაიტაცა ორი მშვიდობიანი მოქალაქე საკუთარი სახლებიდან და ისინი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლა“, განუცხადა კოვალევსკიმ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.

ვერემიიმ ხომნიკოვი და ჰოლუბენკო „ტიპურ სოფლის ბიჭებად“ დაახასიათა.

რუსი დაქირავებული პატიმარი

34 წლის სლანოვი მსახურობდა „შტორმის“ სახელით ცნობილ ქვედანაყოფში, რომლის რიგებში შედიან რუსი პატიმრები, რომლებიც სასჯელის მოსახდელად უკრაინაში საბრძოლველად ჩაირიცხნენ.

„ნასტოიაშჩეე ვრემიამ“ შეისწავლა ჩანაწერები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ მონაცემთა ბაზიდან და დაადგინა, რომ სლანოვს რუსეთში მრავალი ნასამართლობა ჰქონდა, მათ შორის იყო ქურდობის ორი და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის მრავალი შემთხვევა, რამაც გამოიწვია ავარიები და სხვათა დაშავება.

მისი სასჯელი მოიცავდა ციხეში თავისუფლების აღკვეთას: სულ ახლახან, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე ორი დღით ადრე, მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 4 წლით შეუჩერდა მართვის მოწმობა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანაწერებში.

მაგრამ განაჩენის გამოტანიდან რამდენიმე თვის შემდეგ ის რუსეთის არმიაში იყო, როგორც დივიზიის მძღოლი, მიუხედავად იმისა, რომ ნასვამ მდგომარეობაში და სახიფათოდ მართვისთვის იყო ნასამართლევი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში სლანოვის შესახებ უახლესი ჩანაწერი 2023 წლის 16 იანვარს არის შესრულებული. საქმე ეხება ორი მშვიდობიანი მოქალაქის დაკავებასა და შემდგომ მათ მკვლელობას. ჩანაწერში, რომელშიც დაზარალებულთა ვინაობა არ არის ნახსენები, სისხლის სამართლის ბრალდებად მითითებულია „ორი ან მეტი ადამიანის მკვლელობა“.

„ნასტოიაშჩეე ვრემია“ შეეცადა დაჰკავშირებოდა მედვედევს და მის მოადგილეს, შოპაგას, რათა კომენტარი ეთხოვა ნოვომიხაილოვკაში ორი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის თაობაზე.

შოპაგამ WhatsApp-ის საშუალებით გაგზავნილ შეკითხვას ასე უპასუხა: „თქვენ შეგეშალათ“.

როდესაც „ნასტოიაშჩეე ვარემიამ“ შოპაგას გადაუგზავნა მედვედევთან მისი საუბრის აუდიოჩანაწერის ნაწყვეტი, მან თავისი WhatsApp-ის ანგარიშის დეაქტივაცია მოახდინა.

გენერალი მედვედევი არ გამოეპასუხა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.

XS
SM
MD
LG