"კონფლიქტი უკრაინაში, ცივი ომისშემდგომი წესრიგის დაშლა" - ასე ქვია წიგნს, რომელზეც პაუელის სკოლის, ქალაქ ნიუ იორკის კოლეჯის პროფესორმა რაჯან მენონმა და კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის და განვითარების ცენტრის რუსეთის და ევრაზიის პროგრამის დირექტორმა იუჯინ რამერმა ერთობლივად იმუშავეს. წიგნის პრეზენტაცია კოლუმბიის უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც მოდერაციას ალექსანდრ ქული უწევდა.
კონფლიქტი, რომლის დასასრული, მისი დრო და შედეგი შეუძლებელია განსაზღვრო-2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მომხრეთა მიერ მაიდანზე დაწყებული ბრძოლაც იმ დროს გაუთვალისწინებელი მოვლენებით გაგრძელდა. წიგნის "კონფლიქტი უკრაინაში, ცივი ომისშემდგომი წესრიგის დაშლა" ავტორი იუჯინ რამერი ბოლო ასეთ მოვლენად მოსკოვის ცენტრში შაბათს გამთენიისას ბორის ნემცოვის მკვლელობას ასახელებს, რომელიც მისი აზრით, უკრაინაში შარშან თავისუფლებისთვის დაწყებული კონფლიქტის გაგრძელებაა.
იუჯინ რამერი: ის რაც ხდება რუსეთში, ეს არის ტრაგედია ყველანაირი საზომით. ბორის ნემცოვის მკვლელობა უნდა განვიხილოთ როგორც ამ კრიზისის შედეგი, ახალი მიმართულებით. მე ვფიქრობ ეს არ დასრულდება კიდევ ახალი ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკით, რომელიც უკვე გვახსოვს საქართველოსთან ომის შემდეგ. ეს ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. ზოგადად, ყოველთვის ძნელია განსაზღვრო მომავალი, ახლა მითუმეტეს. ამიტომაც უნდა მოვიფიქროთ და ვიმსჯელოთ რა უნდა იყოს გამოსავალი.
წიგნი, როგორც ავტორი რაჯან მენონი ამბობს, 3 ნაწილისგან შედგება. ეს არის კონფლიქტის ისტორია, პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარე და საგარეო პოლიტიკა. ავტორები უკრაინაში მაიდანის რევოლუციამდე ორი თვით ადრე იმყოფებოდნენ. ამბობენ, რომ მაშინ არანაირი ნიშანი არსებობდა, რომ დაიწყებოდა მაიდანის დემონსტრაცია, გაიქცეოდა პრეზიდენტ იანუკოვიჩი, გაჩაღდებოდა ომი.
რაჯან მენონი: უკრაინის მხრიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი არ თქმულა, თუმცა როდესაც რუსეთმა ამას უკვე აშკარა წინააღმდეგობა გაუწია, მაშინ ეს სიტუაცია არავინ გაითვალისწინა. ევროპელებმა რომელსაც ევროკავშირი წარმოადგენს და ნატო, რომელიც არის ამერიკისა და ევროპის პარტნიორობა, მთლიანად დაიბნენ. რა მოხდებოდა მაშინ რომ მაიდანზე მყოფ ხალხს ესენი უფრო მეტს შეპირებოდნენ, იქნებოდა თუ არა ასეთი ძლიერი ჩარევა რუსეთის მხრიდან.
კონფლიქტის ოთხი მხარე - შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, უკრაინა და რუსეთი-სიტუაციიდან გამოსავლის ძიების გამო პერიოდულად იკრიბებიან და ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმს აფორმებენ. თუმცა რუსეთი არის მხარე, რომელიც შეთანხმებიდან ძალიან მოკლე ხანში უკრაინაში ისევ ისვრის. რაჯან მენონი წიგნში კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკურ ასპექტებზე და უკრაინის, როგორც დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორის შესახებ საუბრობს.
რაჯან მენონი: ჩვენ შეგვიძლიათ ვისაუბროთ კონფლიქტის მოგვარების რა პოლიტიკური რეზოლუცია შეიძლება არსებობდეს. დარწმუნებული არ ვარ, რომ როდესაც დასრულდება კონფლიქტი უკრაინა სტრატეგიულად უფრო ძლიერი პარტნიორი იქნება. სანამ ღია ომი მიმდინარეობს ქვეყნის შიგნით და არ აქვს მნიშვნელობა პუტინმა თუნდაც ათასჯერ უარყოს ეს, ფაქტია რომ რუსეთი ამ ომში ძალიან ღრმად და საფუძვლიანად მონაწილეობს. საჭიროა ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა და რა არის მოსალოდნელი ამ კონტექსტში რუსეთსა და დასავლეთის უერთიერთობას შორის. ცივი ომის დასასრულის შემდეგ ჩამოყალიბდა გარკვეული საერთო ინტერესები, მაგალითისთვის რელიგიურ ექსტრემიზმთან ბრძოლა. ამის შექმნა რთული იყო, თუმცა შევძელით. მალე საარჩევნო კამპანია დაიწყება ამერიკაში და უკრაინის საკითხზე ყოველთვის დასვამენ კითხვას.
ცივი ომის დასრულების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი ქვეყნების დიდმა ნაწილმა დასავლური კურსი აიღო.
ალექსანდრ ქული: პოსტ-ცივი ომის სისტემის წარმატებული მონაგარი იყო ნატოს გაფართოება, ევროკავშირის გაფართოება, ქვეყნების სუვერენიტეტის გაძლიერება და ინტეგრაცია.შეიძლება თუ არა რომ უკრაინა გამოვიდეს ისევ ინიციატივით და განახლდეს ამაზე საუბარი, თუ კიდევ იქნება აქცენტი იმაზე, თუ როგორი აგრესიული იყო რუსეთის როლი დასავლეთთან ინტეგრაციის საკითხში.
ქულის იუჯინ რამერი პასუხობს
ისევ შედეგებზე ვისაუბროთ. ეს არის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური ევროპის, ბალკანეთის ინტეგრაცია ნატოში. საფასური, რასაც იხდის აშშ და ევროპა. შეცდომა ალბათ მაშინ დავუშვით, როდესაც არ მოხდა გაფართოების ლიმიტირება აღმოსავლეთ- ცენტრალური ევროპიდან ბალკანეთის ქვეყნებამდე. ძალიან სუსტი, თუმცა იყო ბევრი ინტერპრეტაცია ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მიპატიჟებაზე. თუმცა მიუხედავად ამისა, სწორედ ამან გადაკვეთა უხილავი ხაზი, თუმცა ძალიან ცხადი და ნათელი ხაზი, თუ წაიკითხავთ 2007 წელს მიუნხენში პუტინის გამოსვლის ტექსტის შინაარსს.
კონფლიქტი უკრაინაში, რომელიც უკვე რუსეთის ჩარევით ერთი წელია გრძელდება, ქვეყანას პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებსაც უქმნის. თუმცა ეკონომიკური რეფორმების დაწყება ისევ ომის გამო ფერხდება.