Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნულანდი: „ჯერ კიდევ შესაძლებელია უკრაინის ევროპული მომავლის გადარჩენა“


ვიქტორია ნულანდი უკრაინაში
ვიქტორია ნულანდი უკრაინაში
უკრაინა კვლავ რჩება მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. საპროტესტო აქციები გრძელდება, კიევის მერიასთან შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის, განცხადებებს აკეთებენ უკრაინაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლები და დასავლელი დიპლომატები. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი ამ კვირაში ორჯერ შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს და მასთან ბოლო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი მზად არის მიმართოს ზომებს უკრაინაში კრიზისის 24 საათში მოსაგვარებლად. თავის მხრივ, იანუკოვიჩმა კეთრინ ეშტონთან შეხვედრის შემდეგ დიალოგი შესთავაზა კრიზისის მოგვარებით დაინტერესებულ ყველა მხარეს, მათ შორის, ოპოზიციას.

უკრაინის პრეზიდენტს ოთხშაბათს შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდიც და ამ შეხვედრაზე დემოკრატიული საზოგადოებისათვის „სრულიად მიუღებელი“ უწოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მოქმედებას. მოგვიანებით მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვაშინგტონში სჯერათ, ჯერ კიდევ შესაძლებელია უკრაინის ევროპული მომავლის გადარჩენა.

„ჩვენ ასევე მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ გვჯერა: უკრაინისათვის არსებობს გამოსავალი, ჯერ კიდევ შესაძლებელია უკრაინის ევროპული მომავლის გადარჩენა ... ამას დასჭირდება დაუყოვნებლივი ზომები უსაფრთხოების კუთხით და ევროპასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების განახლება და სამართლიანობა და ადამიანური ღირსება უკრაინელი ხალხისათვის“, – განაცხადა ნულანდმა.
ეს, უბრალოდ, აჩვენებს, როგორ ეშინიათ ჩვენი ხელისუფლებაში. მთელი სპეცრაზმელები შეკრიბეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ყველა შენაერთი და აქ, ამ მოედანზე, გამოგზავნეს ჩვენს დასაშლელად...
ვიტალი კლიჩკო

კიევში იანუკოვიჩთან შეხვედრამდე, ვიქტორია ნულანდი საპროტესტო აქციების ეპიცენტრში მივიდა - დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც წუხელ პოლიციელებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. სიმბოლური იყო ნულანდის ჟესტი: ბუტერბროდებისა და ნამცხვრების შეთავაზება როგორც დემონსტრანტების, ისე პოლიციელებისათვის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი ასახავს დასავლეთის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს კრიზისის მოგვარებას უკრაინაში, სადაც პროტესტს იწვევს ხელისუფლების უარი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.

„მთელი ხალხი აქ თუ მოვა, შევძლებთ ჩვენი ხელისუფლების შეჩერებას. თუ ხალხი აქ მოვა, ერთიმეორის მიყოლებით, შეიძლება გავიმარჯვოთ!“ -ამბობს ლინა, საპროტესტო აქციის მონაწილე, რომელსაც კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე გამოელაპარაკა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტი.

წუხელ სამართალდამცველები დამოუკიდებლობის მოედანზე შეიჭრნენ კარვებისა და ბარიკადების ასაღებად. ამდენი სპეცრაზმელი ერთად არასდროს მინახავსო, უთხრა ოთხშაბათ დილით დემონსტრანტებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ცნობილმა მოკრივე ვიტალი კლიჩკომ.

„გასული ღამე საინტერესო იყო... არასოდეს მინახავს ამდენი სპეცრაზმელი, ცხოვრებაში არ მინახავს. ეს, უბრალოდ, აჩვენებს, როგორ ეშინიათ ჩვენი ხელისუფლებაში. მთელი სპეცრაზმელები შეკრიბეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების ყველა შენაერთი და აქ, ამ მოედანზე, გამოგზავნეს ჩვენს დასაშლელად“, - უთხრა ვიტალი კლიჩკომ დემონსტრანტებს და მათგან ხმაურიანი მხარდაჭერა მიიღო მოწოდებისას, მოვითხოვოთ პრეზიდენტის გადადგომაო.

ოთხშაბათ დილით უშიშროების ძალებმა სცადეს კონტროლის აღდგენა კიევის მერიის შენობაზე, რომელშიც 200-მდე დემონსტრანტი იმყოფება. გარკვეული ხნის შემდეგ მათ უკან დაიხიეს.

ვიტალი ზახარჩენკო
ვიტალი ზახარჩენკო
როგორც იუწყებიან, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ პირობა დადო, რომ ძალას არ მიმართავენ საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. „მსურს, ყველა დამშვიდდეს. მოედანზე შტურმი არ იქნება. არავინ დაარღვევს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, მაგრამ ჩვენ ვერ უგულებელვყოფთ სხვა მოქალაქეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს - არ უნდა შეწყდეს დედაქალაქის ნორმალური ფუნქციონირება“, - ეს სიტყვები ზახარჩენკომ ოთხშაბათს წარმოთქვა, სატელევიზიო მიმართვაში.

უკრაინის შესახებ კიდევ ბევრი ცნობა ვრცელდება. მათ შორის არის ინფორმაცია, რომ ოპოზიციურ პარტია „ბატკივშჩინის“ თავჯდომარის მოადგილე, პარლამენტარი გრიგორი ნემირია გაემგზავრა სტრასბურგში ევროპარლამენტის წევრებთან და ევროკავშირის წარმომადგენელ პოლიტიკოსებთან შესახვედრად. „ბატკივშჩინის“ ოფისის განცხადებით, ნემირიას ვიზიტი იმართება პარტიის თავმჯდომარის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს თხოვნით.
XS
SM
MD
LG