Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის დაუბრუნდება უკანონოდ წართმეული ქონება?


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

მთავარ პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტი „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი“ დანაშაულების გამოსაძიებლად ემზადება. უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე დასრულდა ათობით ათასი საჩივრის კლასიფიკაციის ეტაპი და „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“ აქტიურ მუშაობას უახლოეს მომავალში დაგეგმილი პრეზენტაციის შემდეგ შეუდგება. წინასწარი ინფორმაციით, დეპარტამენტი იმუშავებს სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის იქნება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაც. რა შესაძლებლობები არსებობს „სამართლიანობის აღდგენის“ გაჭიანურებული პროცესის დასაწყებად?

მთავარი პროკურატურის განმარტებით, ახალი დეპარტამენტი იმუშავებს: „მოქალაქეების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის, იძულების, აგრეთვე ქონების იძულებით დათმობის“ სავარაუდო ფაქტებზე. დეპარტამენტი არა მხოლოდ გამოიძიებს სავარაუდო დანაშაულის ფაქტებს, არამედ ასევე უზრუნველყოფს „გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და, საქმის სასამართლოში წარმართვის შემთხვევაში, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას“.

მთავარ პროკურატურაში დეტალებს ჯერ ისევ არ აკონკრეტებენ, მაგრამ, როგორც 10 თებერვალს უთხრეს რადიო თავისუფლებას, ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა პრეზენტაციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში - სავარაუდოდ, თებერვალში-გაიმართება და რომელშიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მიიღებს მონაწილეობას. აქვე გავიხსენოთ, რომ გასული წლის ბოლოს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პრემიერი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ დაახლოებით დროის ამავე მონაკვეთში მოხდებოდა "სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულების" გეგმის პრეზენტაცია. იმ დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროკურატურამ შეისწავლა განაცხადები, რაც უკავშირდება უკანონოდ ჩამორთმეულ უძრავ ქონებასა თუ ბიზნესს და ასევე იმ ადამიანების საქმეებს, რომლებიც თავს რეპრესირებულად მიიჩნევენ და თვლიან, რომ უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს.

ეკონომიკური სუბიექტების გააქტიურება, მათ ხელში აქტივების დაბრუნება და გარკვეული ზღვრის გავლა, რომლის მერე ყველამ იცის, რომ სრული სამართლიანობის განცდით მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში...
არჩილ ბაკურაძე

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, რომელიც 30-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, აქტიურად იკვლევს მოქალაქეთა შელახული სამართლებრივი უფლებების აღდგენის შესაძლებლობებსა და სახელმწიფოს როლს ამ პროცესში. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა – მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის, საკუთრების უფლებებისა და ეკონომიკური მმართველობის ჯგუფის კოორდინატორმა – არჩილ ბაკურაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს აუცილებელია არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემისა და ზოგადად დემოკრატიის განვითარებისთვის, არამედ ასევე ეკონომიკის გაჯანსაღებისთვისაც:

„მეტ-ნაკლებად ვიცნობ ჩვენი ეკონომიკის განვითარების პოტენციალსა და შემაფერხებელ ფაქტორებს და ვიცი, რომ საკუთრების უფლებების გარემოს გაუმჯობესება, ეკონომიკური სუბიექტების გააქტიურება, მათ ხელში აქტივების დაბრუნება და გარკვეული ზღვრის გავლა, რომლის მერე ყველამ იცის, რომ სრული სამართლიანობის განცდით მონაწილეობს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, ეს პროცესი უაღრესად დადებითი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის“.

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ხელმძღვანელის არჩილ ბაკურაძისთვის ჯერ ცნობილი არ არის, თუ რა მასშტაბის დაფინანსება შეიძლება მოითხოვოს ამ პროცესმა და ასეთ მაჩვენებლებზე ჯერ არც მთავარი პროკურატურა ლაპარაკობს. თუმცა, როგორცექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 28 იანვარს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, მაჩვენებელი თითქმის უკვე გამოთვლილია და პროცესი, ამჟამინდელი პრემიერის დაპირების თანახმად, თებერვალში დაიწყება. ამავე ინტერვიუში ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი „ძალიან გაჭიანურდა“:

ამ შემთხვევაში სახელმწიფოს კი არ ვედავებით, არამედ კერძო კომპანიასთან გვაქვს დავა – დავით კეზერაშვილთან და მის კომპანიასთან - და მისგან ვითხოვთ ამ უკანონო გარიგების ბათილად ცნობას. ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არავითარი ხარჯი არ ექნება ჩვენთან მიმართებაში...
ზაალ იაკობიძე

„მე მესმის საზოგადოების კარგად, რომ ძალიან დაგვიანდა... მაგრამ ეს არ დაგვიანებულა ვიღაცის სუბიექტური მიზეზების გამო - ან რომ ვიღაცას ეს მიავიწყდა, ან ვიღაცას ეს არ სურდა. ამისთვის იყო ფინანსები მოსაძიებელი, იყო შესაბამისი სტრუქტურები შესაქმნელი და ა.შ. თუმცა ეს პროცესი შეჩერებული არ იყო, მიდიოდა მდორედ – ძალიან ბევრმა მოახერხა, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა არის იმ განცდისა და მოლოდინის პროცესში, რომ ეს ყველაფერი მოხდეს... და, აი, ვნახოთ, თებერვალში დაიწყება... ამას სჭირდება შესატყვისი თანხები. როგორც ვიცი, მინიმუმ ერთ მილიარდზეა საუბარი, რაც ჩვენთვის არცთუ ისე ცოტაა. ეს პროცესიც გავლილი აქვთ. ჩემთანაც, მახსოვს, იყო რაღაც შეკითხვები. მეც ჩემი პოზიცია დავაფიქსირე“.

იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ დაპირებული „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესი მართლაც ძალიან გაჭიანურდა, დღეს საქართველოში ბევრი ფიქრობს და მათ შორის არის „სენტა პეტროლიუმის“ მფლობელი ზაალ იაკობიძეც. უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მოთხოვნით პროკურატურაში საჩივარი მან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მალევე – კერძოდ, 2012 წლის 13 დეკემბერს - შეიტანა, თუმცა პროცესი დღემდე არ დაძრულა. სამაგიეროდ, გარკვეული პროგრესია სასამართლოს სარბიელზე, რომლის გადაწყვეტილების კვალდაკვალაც, „სან პეტროლიუმ – ჯორჯიას", იმავე „გალფს“, ქონება დაუყადაღდა. ზაალ იაკობიძე მიესალმება საგანგებო დეპარტამენტის შექმნას მთავარ პროკურატურაში, თუკი ეს მექანიზმი მართლაც სწრაფი და ეფექტიანი იქნება. იაკობიძე ამბობს, რომ ამ საქმის სამართლიანად დასრულება სახელმწიფოს არ დააზარალებს:

თუკი დადგინდა, რომ ნამდვილად მიადგა პირს ზიანი ვიღაცის კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, – ჩვენ, იურისტები, ამას „პირვანდელი მდომარეობის აღდგენას“ ვუწოდებთ, – შეიძლება იგივე ქონების დაბრუნებით მოხდეს ამ ზიანის ანაზღაურება ან კომპენსაციით...
თამარ გვარამაძე

„ამ შემთხვევაში სახელმწიფოს კი არ ვედავებით, არამედ კერძო კომპანიასთან გვაქვს დავა – დავით კეზერაშვილთან და მის კომპანიასთან - და მისგან ვითხოვთ ამ უკანონო გარიგების ბათილად ცნობას. ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს არავითარი ხარჯი არ ექნება ჩვენთან მიმართებაში, თუკი უკანონო გარიგება ბათილად იქნება ცნობილი და ქონება დაგვიბრუნდება“.

არის ასევე შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფოსთვის ძალდატანებით ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნებას ითხოვენ. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ გვარამაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, დღეს მოქმედი კანონმდებლობა ამ პროცესის წარმატებით წარმართვის საშუალებას იძლევა:

„თუკი დადგინდა, რომ ნამდვილად მიადგა პირს ზიანი ვიღაცის კანონსაწინააღმდეგო ქმედებით, – ჩვენ, იურისტები, ამას „პირვანდელი მდომარეობის აღდგენას“ ვუწოდებთ, – შეიძლება იგივე ქონების დაბრუნებით მოხდეს ამ ზიანის ანაზღაურება ან კომპენსაციით, ანუ ნივთის ნაცვლად, ვთქვათ, თანხა გადაეცეს“.

„პირვანდელი მდომარეობის აღდგენა“ შეუძლებელი ხდება იმ შემთხვევაში, როცაერთი პირის მიერ მეორესთვის უკანონოდ წართმეული ქონება სავსებით კანონიერად აქვს შეძენილი მესამე პირს. რადგანაც კეთილსინდისიერ მყიდველს სახელმწიფო ქონებას ვერ ჩამოართმევს, თამარ გვარამაძის თქმით, ერთადერთ გამოსავლად კომპენსაცია რჩება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG