Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ნატოს გაფართოებისა და მასში საქართველოს მიღების მოწოდებით გამოდის


მევლუდ ჩავუშოღლუ
მევლუდ ჩავუშოღლუ

თურქეთის ქალაქ ანთალიაში 14 მაისს დასრულდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა და დასრულდა ალიანსის გაფართოებისა და, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ყველა გულშემატკივრისთვის სასიამოვნო განცხადებით. მინისტერიალის მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ალიანსს მოუწოდა, 2016 წლის ვარშავის სამიტზე ნატოს გაფართოება გამოცხადდეს და ალიანსის რიგებში ახალი წევრები, მათ შორის, საქართველოც მიიღონ.

„თურქეთი ნატოს გაფართოების მომხრეა. ჩვენ დღეს ოთხი კანდიდატი ქვეყანა გვყავს - ესენია ჩერნიგორია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია და საქართველო. და ჩვენ გვსურს 2016 წლის სამიტმა მიზნად დაისახოს ალიანსის გაფართოება“, - განაცხადა მევლუდ ჩავუშოღლუმ ნატოს მინისტერიალის დასკვნით პრესკონფერენციაზე, ანთალიაში.

ალიანსის ერთ-ერთი წამყვანი, ხოლო უსაფრთხოების შეცვლილი ვითარების პირობებში, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უწოდა, ნატოს საკვანძო ქვეყნის ასეთი პოზიცია მომდევნო სამიტის წინ ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა - არასაკმარისი.

ალიანსში გადაწყვეტილებებს ერთსულოვნად, ყველა ქვეყნის თანხმობით, ღებულობენ, ამიტომ საჭიროა, ვარშავის სამიტისთვის ნატოს 28-ვე სახელმწიფო შეთანხმდეს შემდგომ გაფართოებასა და მასში ოთხი ახალი წევრის, მათ შორის, საქართველოს მიღებაზე.

ეს მესიჯი, რაც ჩვენ ბევრჯერ გაგვიგზავნია, ისაა, რომ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, ვაპირებთ განვახორციელოთ უელსის სამიტზე შეთანხმებული არსებითი პაკეტი. ეს მოიცავს წვრთნას, საქართველოში საწვრთნელი ცენტრის შექმნას...
იენს სტოლტენბერგი

ალიანსში ჯერჯერობით ვერ ამბობენ, გახდება თუ არა მომდევნო სამიტი გაფართოების სამიტი. ეს საკითხი არ მდგარა 13-14 მაისს ანთალიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში. თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევე ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსთან, როგორც ალიანსის მტკიცე და მნიშვნელოვან პარტნიორთან, თანამშრომლობის აუცილებლობას. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, რა მესიჯი გაატანა საქართველოში მინისტრ ბერუჩაშვილს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა შემდეგი განაცხადა:

"ეს მესიჯი, რაც ჩვენ ბევრჯერ გაგვიგზავნია, ისაა, რომ გავაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, ვაპირებთ განვახორციელოთ უელსის სამიტზე შეთანხმებული არსებითი პაკეტი. ეს მოიცავს წვრთნას, საქართველოში საწვრთნელი ცენტრის შექმნას და ეს შეეხება ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ინტეგრაციის მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვცნობთ რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილ ხელშეკრულებებს, რადგან ეს რეგიონები, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, საქართველოს ნაწილს წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ საქართველოს ვეკიდებით როგორც მტკიცე და მნიშვნელოვან პარტნიორს და ვაგრძელებთ მასთან მჭიდრო თანამშრომლობას".

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც, ავღანეთის ნატოს მოკავშირეთა ახალ მისიაში ჩართული ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაში მონაწილეობის გარდა, 17-მდე ორმხრივი შეხვედრა გამართა და, როგორც თავად უთხრა რადიო თავისუფლებას, ყველა კოლეგა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი უცვლელია. ამასთანავე, ბერუჩაშვილმა ნატოს წარმომადგენლები გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ დაპირებები, არამედ მკაფიო საგზაო რუკა და მძლავრი სიგნალი ალიანსში გაწევრიანების თაობაზე - დაახლოებით იმის მსგავსი, რაც ანთალიაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ წარმოთქვა და რითაც დასრულდა კიდეც ნატოს ორდღიანი ანთალიის მინისტერიალი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG