კრემლში „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ინტეგრაციული ხელშეკრულება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისთვისაც მზადდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ხელშეკრულება მომავალი წლის დასაწყისში გაფორმდება. ვლადიმირ პუტინმა მსგავსი ხელშეკრულება თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტთან, რაულ ხაჯინბასთან, უკვე გააფორმა, რასაც აფხაზეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა. აფხაზური საზოგადოების ერთ ნაწილს კითხვები ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტის დაკარგვასთან დაკავშირებით გაუჩნდა. ოსი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი კი რუსეთთან უფრო მეტი ინტეგრაციის მომხრეა. განსაკუთრებით აქტიურობს დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი, რომლის წინასაარჩევნო პროგრამაც რუსეთთან გაერთიანებაზე იყო აგებული.
ანალიტიკოსების აზრით, ცხინვალში აფხაზეთის მსგავსი სიტუაცია არ შეიქმნება, რადგან ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტას ნაკლებად ადარდებს სუვერენიტეტი, თუმცა ოსური სამოქალაქო საზოგადოების წევრებს კითხვები მაინც უჩნდებათ და ამას ხმამაღლა აფიქსირებენ. ხელშეკრულების პროექტი დე ფაქტო რესპუბლიკაში ჯერ არავის უნახავს. ყველაზე მეტად მესამე სექტორის წარმომადგენლებს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა აღელვებთ. ადგილობრივი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბორის ჩოჩიევი ოსურ საზოგადოებას უმტკიცებს, რომ საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის პროცესის გაღრმავება სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელებს აიძულებს შემხვედრი ნაბიჯები გადადგან. ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს, თუმცა კითხვები სუვერენიტეტის დაკარგვასთან დაკავშირებით მაინც უჩნდება.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის „ედინაია ოსეტიამ“ ხმათა უმრავლესობა მიიღო. ამ პარტიის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი რუსეთთან გაერთიანებაა. ამიტომ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ოსური საზოგადოების დიდი ნაწილი რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციის მომხრეა. ამ აზრს არ იზიარებს დინა ალბოროვა. მისი თქმით, არჩევნებში ამომრჩეველთა ნახევარი გამოცხადდა და აქედან ნახევარმა ხმა ბიბილოვის პარტიას მისცა. მისი აზრით, სამხრეთ ოსეთის 25 პროცენტზე მეტისთვის სულ ერთი არ არის სუვერენიტეტის დათმობა და არჩევნების შემდეგ სულ უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე.
საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი ალან ჯუსოევი ამბობს, რომ რუსეთთან უკვე არსებობს შეთანხმება სამხედრო სფეროში, რაც გულისხმობს, რომ აგრესია სამხრეთ ოსეთის მიმართ უთანაბრდება აგრესიას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. მისთვის გაურკვეველია ამ მიმართულებით უფრო ღრმა ურთიერთობა რაღას უნდა ნიშნავდეს.
რუსეთს და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთს 80-ზე მეტი შეთანხმება და ხელშეკრულება აქვთ დადებული, რომლებიც ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს. მიმდინარეობს კანონმდებლობის დაახლოება, რუსეთი ავსებს დე ფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტს და ახორციელებს დე ფაქტო რესპუბლიკის დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენას, სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს, ამიტომ ოსური საზოგადოების ნაწილი კითხულობს, უფრო მეტი ინტეგრაცია რაღას უნდა ნიშნავდეს. მათი აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ანალიტიკოსების აზრით, 2008 წლის შემდეგ, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზები განთავსდა, ადამიანები თავს უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ, მაგრამ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ხელშეკრულების გაფორმების წინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახით, ახალი მტრის ხატის შექმნა დაიწყო.