გავლენიანი ამერიკული ჟურნალი „ტაიმი“ პოლიტიკოსების, ლიდერების, აქტივისტების, მსახიობების, სპორტსმენების და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გავლენიანი ადამიანების ასეულს აქვეყნებს.
ბარაკ ობამა, რაულ კასტრო, ვლადიმირ პუტინი და კიდევ 97 სახელი ქმნის მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების ასეულს, რომელშიც პოლიტიკოსების გვერდით ფეხბურთელ კრისტიანო რონალდოს, მომღერალ ბიონსეს, მსახიობ ემა ვოტსონს, ჟურნალისტ ჩარლი როუზს, ნობელიანტ მალალას, რომის პაპს და აფრიკული სამხედრო დაჯგუფების - "ბოკო ჰარამის" ლიდერსაც იპოვით.
მართალია ამ სიაში მოხვედრა პატივად ითვლება, მაგრამ ჟურნალი „ტაიმი“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ასეულში ადამიანები მათ მიერ გამოწვეული ცვლილებების გამო ხვდებიან, მიუხედავად იმისა ცვლილება დადებითი იყო თუ უარყოფითი.
დაჯილდოვების ცერემონიალზე ჟურნალის მმართველმა რედაქტორმა ნენსი გიბსმა ამ გავლენასა და ძალაუფლებას შორის განსხვავებაზე ისაუბრა.
„ძალაუფლებას საზღვრები აქვს, ის შეზღუდულია. გავლენა საზღვრებს გარეშეა, ნებისმიერი იდეის, წამოწყების, გამოგონების გაზიარება გლობალურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი.“
„ტაიმის“ ასეულში ცნობილ ადამიანებთან ერთად შედიან ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებ ცნობილი აქტივისტებიც, რომლებმაც წითელი ხალიჩა მათ საქმიანობაზე სასაუბროდ გამოიყენეს.
ასეთია ნიგერიელი აქტივისტი ობიაგელი ეზეკვესილი, მოძრაობა „დააბრუნეთ ჩვენი გოგონები“-ის ლიდერი. მან გასულ წელს ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ მიერ გატაცებული 200 გოგოს დაბრუნების მისიაზე ისაუბრა.
„აუცილებელია მსოფლიოს შევახსენოთ, რომ გოგონები ჯერ შინ არ დაბრუნებულან. ერთი წლის წინ, მსოფლიოში თითქმის ყველამ იცოდა რომ 219 გოგო გაიტაცეს, შემდეგ კი მთელი მსოფლიო სხვა საკითხებზე გადაერთო. ამ საკითხზე ამხელა ყურადღების მიპყრობით მსოფლიოს გოგოების გადასარჩენად თავისი თავის გამოცოცხლება შეუძლია.“
ამავე სიაში იპოვით აფრიკის „ისლამურ სახელმწიფოდ“ წოდებული სამხედრო დაჯგუფების „ბოკო ჰარამის“ ლიდერსაც. მაშინ როცა სიაში მოხვედრილი ბევრი ადამიანი სოციალური თანასწორობისთვის, ქალების გაძლიერებისთვის და სიღარიბის დასამარცხებლად იბრძვის.
ერთ-ერთი ასეთი ბრაიან სტივენსონია, მისი ორგანიზაცია რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე მუშაობს. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სტივენსონმა მსგავს ინიციატივებში ცნობილი ადამიანების როლზე ისაუბრა.
„ეჭვგარეშეა რომ ამ ქვეყნის ისტორია ხელოვანებმა, ცნობილმა ადამიანებმა და გართობის ინდუსტრიაში მოღვაწე ხალხმა შექმნა, რომლებმაც სამართლიანობაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ხმა აიმაღლეს. ვფიქრობ ჩვენმა თაობამაც იგივე უნდა გააკეთოს.“
1999 წლიდან მოყოლებული ასეულში 10-ჯერ მოხვდა ცნობილი ამერიკელი ტელე-წამყვანი - ოფრა ვინფრი, 9-ჯერ პრეზიდენტი ობამა, 8-ჯერ ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.
გავლენიანი ადამიანების ასეულში მოსახვედრად კანდიდატებს გასული წლების ნომინანტები ასახელებენ, საბოლოო სიას კი ჟურნალის რედაქტორები ქმნიან. ასიდან ერთ ადამიანს კი ჟურნალის მკითხველები ონლაინ გამოკითხვით ირჩევენ.