სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ოს მოხალისე მებრძოლებს მიმართავს და მათ სახლებში დაბრუნებას სთხოვს. თიბილოვის აზრით, დონეცკსა და ლუგანსკში აქტიური საბრძოლო მოქმედებების ფაზა დასრულებულია და, შესაბამისად, ოსი მებრძოლების მისიაც დამთავრდა. თიბილოვის თქმით, მას, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, არ გაუცია ბრძანება მოხალისეების ნოვოროსიაში გაგზავნის თაობაზე, მაგრამ ახლა ის, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მოუწოდებს ყველას, რომ სახლებში დაბრუნდნენ. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი დონეცკსა და ლუგანსკში მებრძოლების ნათესავებსაც სთხოვს, რომ მის მიმართვას მხარი დაუჭირონ. ამ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის კომიტეტის ინტერნეტგამოცემა „რესი“ ავრცელებს.
რუსი ექსპერტი ევგენი კრუტიკოვი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ თიბილოვის მოწოდება დაგვიანებულიც კია, რადგან, მისი აზრით, დონეცკსა და ლუგანსკში ვითარება რთულია, იქ მყოფი უცხო პირები კი შესაძლოა არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდნენ ჩათრეულები, ამიტომ, მისი აზრით, კარგი იქნება, თუ ეს ადამიანები ტერიტორიას რეპუტაციული დანაკარგების გარეშე დატოვებენ.
აქტიური საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ რა საქმიანობას ეწევიან ოსური შეიარაღებული მოხალისეთა რაზმები დონეცკსა და ლუგანსკში, უცნობია, თუმცა თიბილოვის მოწოდებამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვა, რომ იქ მყოფ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეიარაღებულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. ერთ-ერთი შემთხვევა დონეცკის ცენტრში მოხდა. ოსური ბატალიონის მოხალისეები, ადგილობრივი ბატალიონის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად კინაღამ დაიღუპნენ. ბატალიონ „ვოსტოკის“ ერთ-ერთი მოხალისე, ზაური, იხსენებს, რომ გაურკვეველმა დაჯგუფებამ ცეცხლი გახსნა და 2 მებრძოლი დაჭრა. ამის შემდეგ ოსი მოხალისეები დააკავეს და ადგილობრივ უშიშროების სამსახურში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.
თიბილოვის მოწოდებას სხვადასხვაგვარად შეხვდნენ ცხინვალში. სოციალურ ქსელში გავრცებულ ინფორმაციას ადგილობრივი მოქალაქეების კომენტარები მოჰყვა. ცხინვალელების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოხალისეები უნდა დარჩნენ დონეცკსა და ლუგანსკში და ბრძოლა გააგრძელონ უკრაინელების წინააღმდეგ, რათა შური იძიონ 90-იანი წლების კონფლიქტისას და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოსათვის უკრაინელების მხარდაჭერის გამო. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახლა ეს მებრძოლები სახლებში უნდა დაბრუნდნენ, რადგან შეიარაღებულ ჯგუფებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილებას დაპირისპირება მოსდევს და არაერთი ადამიანი სწორედ აქტიური საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ იღუპება. ცხინვალში დღესაც აღნიშნავენ, რომ საქართველოსთან კონფლიქტების დასრულების შემდეგ შიდა გარჩევებისას უფრო მეტი ოსი ახალგაზრდა დაიღუპა, ვიდრე საომარი მოქმედებების დროს. 2008 წლის აგვისტოს ომმა კარგად გამოაჩინა, რას წარმოადგენენ კავკასიელი ეგრეთ წოდებული მოხალისეები. ბევრი მათგანი ომში რომ საშოვარზე მიდის, ეს ყველასთვის ნათელია. მათი მოქმედებების კვალი დღესაც ამჩნევია საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე ქართულ სოფლებს. მაროდიორები სახლებს ჯერ ძარცვავდნენ და შემდეგ წვავდნენ. გავლენის სფეროების, ქონებისა და მატერიალური სიმდიდრისთვის ბრძოლა ახლა არაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებშიც იარაღის გამოყენებით მიმდინარეობს.