Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Threads-ი, "ტვიტერის" ალტერნატივა - მოკლედ ახალი პლატფორმის შესახებ


Meta-მ ახალი სოციალური ქსელი Threads-ი აამუშავა, რომელიც Twitter-ის კონკურენტად ითვლება.
Meta-მ ახალი სოციალური ქსელი Threads-ი აამუშავა, რომელიც Twitter-ის კონკურენტად ითვლება.

Threads-ი "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "უატსაფის" მფლობელი კომპანიის, Meta-ს ახალი პლატფორმაა. აპლიკაცია იმდენად ჰგავს "ტვიტერს", რომ მას ამ სოციალური ქსელის ალტერნატივადაც მიიჩნევენ.

გამოიწერე რადიო თავისუფლება Threads-ზე.

თუმცა Threads-ი რომ "ტვიტერისთვის" კონკურენციის გასაწევად შეიქმნა, არავინ მალავს. სოცალური მედიის პლატფორმების ამ ორ წამყვან კომპანიას, "ტვიტერსა" და Meta-ს, ერთმანეთთან კონკურენციის დიდი გამოცდილება აქვთ. სხვადასხვა სოციალურ ქსელში მათი მფლობელების პირდაპირ შეჯიბრებასაც კი შეხვდებით. ცოტა ხნის წინ მარკ ზაკერბერგმა და ილონ მასკმა ნახევრად ხუმრობით ერთმანეთი რინგზეც კი გამოიწვიეს.

დავუბრუნდეთ ახალ სოციალურ ქსელს, რას გვთავაზობს Threads-ი და შეუძლია თუ არა "ტვიტერის" ჩანაცვლება

მას შემდეგ, რაც "ტვიტერი" მილიარდერმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა შეიძინა, პლატფორმაზე ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის, დაშვებული თუ დაუშვებელი შინაარსის პოსტების შეფასების პოლიტიკა.

გასულ წელს მასკმა განაცხადა, რომ "ტვიტერზე" წვდომას აღუდგენდა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელსაც ანგარიში 6 იანვარს, ვაშინგტონში კაპიტოლიუმთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დაუბლოკეს, თუმცა რამდენიმე დღეში "ტვიტერმა" განცხადება გაავრცელა, რომ ტრამპის ანგარიში აღარ აღდგება.

ცვლილებები შეეხო სოციალური ქსელის სხვა ფუნქციებსაც, მაგალითად, მასკმა ფასიანი გახადა - ვერიფიკაციის ნიშანი და "ტვიტების" ჩასწორების შესაძლებლობა.

ცვლილებების პარალელურად გაჩნდა ცნობები, თუ როგორ ტოვებდა "ტვიტერს" ბევრი მომხმარებელი. ბოლო 2 წლის განმავლობაში გამოჩნდა მისი სხვა ალტერნატივებიც, მაგალითად, Mastodon-ი. თუმცა ვერცერთმა ახალმა წამოწყებამ ვერ მოახერხა "ტვიტერის" მნიშვნელოვნად შესუსტება.

Meta, რომელსაც "ფეისბუკზე", "ინსტაგრამსა" და "უატსაპზე' მილიარდობით მომხმარებელი ჰყავს, "ტვიტერისთვის" ბევრად სახიფათო კონკურენტია. Threads-ის გამოშვებიდან რამდენიმე დღეში აპლიკაციას უკვე 10 მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

ამასთან, Meta-ს არაერთხელ აუღია მაგალითი სხვა სოციალური ქსელების მიერ შექმნილი წარმატებული პროექტებისგან და საკუთარი პლატფორმისთვის გამოუყენებია. მაგალითად, "სთორების" ფუნქცია თავდაპირველად Snapchat-მა შექმნა, Reel–ები იმეორებს პოპულარული ვიდეოპლატფორმის, TikTok-ის ფორმებს.

როგორ მუშაობს Threads-ი?

Threads-ზე დარეგისტრირებისთვის აუცილებელია გქონდეთ Instagram-ის პროფილი და მისცეთ აპლიკაციას უფლება გამოიყენოს თქვენი მონაცემები პლატფორმაზე შესასვლელად. "ინსტაგრამიდანვე" გადმოიტანს თქვენს სახელს, გვარს, აღწერას და პროფილის ფოტოს. ასევე შესაძლებლობა გაქვთ გაჰყვეთ თქვენს ყველა მეგობარს ინსტაგრამიდან.

ფუნქციურად პლატფორმა ძალიან ჰგავს "ტვიტერს" - შეგიძლიათ პოსტების მოწონება, კომენტარის დატოვება, იქვე ან "ინსტაგრამზე" გადაზიარება.

რატომ არ არის Threads-ი ხელმისაწვდომი ევროკავშირის ქვეყნებში?

ახალი პლატფორმა Meta-მ App store-ზე 4 ივლისს განათავსა. გადმოწერა კი 6 ივლისიდან არის შესაძლებელი. თუმცა ევროკავშირის ქვეყნებში აპლიკაცია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. მიზეზად ევროკავშირის პირად მონაცემთა დაცვის გარკეულ რეგულაციებთან შეუსაბამობას ასახელებენ. Meta-ს წარმომადგენლები კი სხვადასხვა წყაროსთან საუბარში აცხადებენ, რომ მიზეზი ევროკავშირის "ციფრული ბაზრის კანონის" მცირედი ბუნდოვანებაა. სწორედ ამიტომ ჯერჯერობით თავი შეიკავეს ევროკავშირის ტერიტორიაზე აპლიკაციის გავრცელებისგან.

როგორ უნდა იპოვოთ რადიო თავისუფლება Threads-ზე?

Threads-ის გადმოწერისა და პროფილის გააქტიურების შემდეგ შეგიძლიათ გამოიწეროთ რადიო თავისუფლების არხი.



კომენტარებში კი გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ახალი პლატფორმის შესახებ.

XS
SM
MD
LG