შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი ტელეკომპანია „თრიალეთისგან“ საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით იმუქრება. ტელეკომპანიის დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და, გუბერნატორის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით, პროკურატურას მიმართავს. ყველაფერი პრემიერ-მინისტრის გუშინდელი პრესკონფერენციის დროს დაიწყო, როცა ტელეკომპანიის ჟურნალისტმა ირაკლი ღარიბაშვილს შიდა ქართლის გუბერნატორის ბიზნესინტერესების შესახებ დაუსვა კითხვა. ჟურნალისტი დაინტერესდა, ვის ევალება კონტროლი, რომ რეგიონში გუბერნატორმა საქმე აკეთოს და არა ბიზნესი, რადგან ზურაბ რუსიშვილი ფეშენებელურ სახლს იშენებს ატენის ხეობაში და ბიზნესინტერესები აქვს სასტუმროში, რომელიც ახლა შენდება. მისივე თქმით, მოსახლეობა რუსიშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებენ, გუბერნატორი სამუშაო კაბინეტიდან მხოლოდ მაშინ გამოდის, როდესაც რეგიონში მინისტრები ჩადიანო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმაირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ რუსიშვილის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ცილისწამება უწოდა და განაცხადა, ვისურვებდა, გუბერნატორმა ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ჟურნალისტს სასამართლოში უჩივლოს და ბოდიში მოახდევინოსო.
პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია ჯერ დასრულებულიც არ იყო, რომ მხარის გუბერნატორმა ჟურნალისტები ატენში მიიწვია და მშენებარე სახლის წინ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამ სახლის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ, თანამდებობაზე დანიშვნამდე, დაიწყო და დღემდე დასრულებული არ არის. რუსიშვილი ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოში ჩივილით იმუქრება. გარდა ამისა, გუბერნატორი ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს შანტაჟში ადანაშაულებს და ჟურნალისტებს იმ წერილებს აჩვენებს, რომლებიც მას ტელეკომპანიიდან სარეკლამო დროის შესყიდვის შეთავაზებით მისდიოდა. გუბერნატორმა და მუნიციპალიტეტების გამგებლებმა ტელეკომპანიისგან დროის შესყიდვაზე უარი თქვეს, რაც, რუსიშვილის აზრით, ტელევიზიის ხელმძღვანელთა უკმაყოფილების მიზეზი და მისი დისკრედიტაციის დასაწყისი გახდა.
წლების წინ მართლაც არსებობდა პრაქტიკა, როცა რეგიონის მუნიციპალიტეტები ტელეკომპანიისგან საეთერო დროს ყიდულობდნენ და „თრიალეთს“ ათასობით ლარს ბიუჯეტიდან ურიცხავდნენ. ამ პრაქტიკაზე ახალმა ხელისუფლებამ უარი თქვა.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, გვინდა კითხვა დაგისვათ, რომ როდის იყავით გულწრფელი? მაშინ, როცა რეგიონის გუბერნატორებს მოუწოდეთ ხალხთან მეტი კომუნიკაციისკენ, თუ მაშინ, როდესაც თქვენი პრესკონფერენციის დროს "თრიალეთის" ჟურნალისტის დასმულმა კითხვამ გაგაღიზიანათ? ...
ბოლო თვეების განმავლობაში ტელეკომპანია გუბერნატორის ბიზნესინტერესებისა და საქმიანობის შესახებ რეპორტაჟებს ხშირად ამზადებდა. საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ მათ გუბერნატორი, რომელიც სოფლებში არსებული პრობლემებით არ დაინტერესებულა, თვალით არ უნახავთ. ამ რეპორტაჟებზე გუბერნატორს რეაქცია არ ჰქონია და დუმილს ამჯობინებდა. იგი მხოლოდ პრემიერ-მინისტრის მოწოდების შემდეგ გავიდა კონტაქტზე მედიის წარმომადგენლებთან. ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელი რეგიონის გუბერნატორისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ბადრი ნანეტაშვილი აცხადებს, რომ რეგიონის ხელმძღვანელი ტელევიზიაზე ზეწოლას ახდენს და იგი, საქმეების შესწავლის მოთხოვნით, პროკურატურას მიმართავს.
დღეს გავრცელდა ტელეკომპანიის განცხადება და ღია წერილი პრემიერ-მინისტრის მიმართ. ტელევიზიის ჟურნალისტები მხარის გუბერნატორს ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად პირდაპირ ეთერში იწვევენ. ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში კი ვკითხულობთ:
"ბატონო პრემიერ-მინისტრო, გვინდა კითხვა დაგისვათ, რომ როდის იყავით გულწრფელი? მაშინ, როცა რეგიონის გუბერნატორებს მოუწოდეთ ხალხთან მეტი კომუნიკაციისკენ, თუ მაშინ, როდესაც თქვენი პრესკონფერენციის დროს "თრიალეთის" ჟურნალისტის დასმულმა კითხვამ გაგაღიზიანათ? მან ხომ ზუსტად ის კითხვა დასვა, რასაც ხალხი ამბობს, რომ გუბერნატორი მათ არ ხვდება და არ იცნობენ მას. თქვენ ხომ, ფაქტიურად, დაავალეთ გუბერნატორს სასამართლოში უჩივლოს ჟურნალისტს? არ არის ეს მედიაზე ზეწოლა?“
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელი პრესკონფერენციის დროს ჟურნალისტს შესთავაზა, თუ დასახელებული ფაქტებიდან არც ერთი არ დადასტურდა, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, ხოლო თუ დადასტურდა, თავად პრემიერი მოახდენს რეაგირებას. გორში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რეგიონის გუბერნატორსა და ტელეკომპანიის დამფუძნებლებს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ყველაფერი მხოლოდ პროცესის დასაწყისია.