Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინეიჯერის თავის ტვინი ჩამოყალიბებას გვიან ასრულებს


„თავის ტვინი ყველაზე ბოლო ორგანოა, რომელიც სიმწიფეს აღწევს და მისი ჩამოყალიბება დაახლოებით 24-26 წლამდე გრძელდება“- ფრანცის ჯენსენი

ამერიკელი ექიმი, ნევროლოგიის პროფესორი ფრანცის ჯენსენი ადამიანის თავის ტვინს თითქმის მთელი თავისი პროფესიული კარიერის მანძილზე სწავლობდა. თუმცა, ამბობს, რომ თავისი შვილების, ორი ბიჭის თინეიჯერობის პერიოდის სირთულეებისთვის მზად მაინც არ იყო. ფრანცისს ყოველთვის აინტერესებდა, თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ მოზარდები, თუნდაც ჭკვიანი და პასუხისმგებლობის მქონე თინეიჯერები, ხშირად იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებენ და მაღალი რისკის ქცევას ამჯობინებენ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მან თითქმის ათწლიანი კვლევა მიუძღვნა.

ნეირომეცნიერის მიერ გამოტანილი დასკვნები, რომელთა ძირითადი ნაწილი მის ახალ წიგნშია გაერთიანებული, მოზარდების შესახებ არსებულ ბევრ მითს აქარწყლებს და მშობლების, ფსიქოლოგების, თუ თინეიჯერებთან მომუშავე მასწავლებლებისთვის შესაძლოა ძალიან საინტერესო და გამოსადეგი იყოს. წიგნის სრული ინგლისური დასახელებაა "The Teenage Brain: A Neuroscientist’s Survival Guide to Raising Adolescents and Young Adults," By Frances Jensen.

ბევრი ფიქრობს, რომ სქესობრივ მომწიფებასთან ერთად, როცა თინეიჯერის სხეული საბოლოოდ ჩამოყალიბდება და ის ზრდასრული ადამიანივით გამოიყურება, თავის ტვინიც მოზრდილისას ემსგავსება. ფრანცისის თქმით, ეს ასე არ არის: თავის ტვინი ყველაზე ბოლო ორგანოა, რომელიც სიმწიფეს აღწევს და მისი ჩამოყალიბება დაახლოებით 24-26 წლამდე გრძელდება“.

ნეირომეცნიერი ფრანცის ჯენსენი
ნეირომეცნიერი ფრანცის ჯენსენი

​მეცნიერის აზრით, თინეიჯერობის დასასრულს, ანუ 19 წლის ასაკში ქიმიურად და სტრუქტურულად თავის ტვინის საბოლოო ჩამოყალიბების მხოლოდ 80 პროცენტია დასრულებული. პარადოქსი მისი თქმით, შემდეგში მდგომარეობს: იმის მიუხედავად, რომ მოზარდებს ცილების და სხვა ქიმიური შემადგენლობის გამო ათვისების უნარი ზრდასრულებზე ბევრად უფრო განვითარებული აქვთ, მათ თავის ტვინში სხვადასხვა უბნებს შორის კავშირი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და არც შუბლის წილის ნაწილია სრულად განვითარებული.

ეს უკანასკნელი სიტუაციის გააზრებაზე, ანალიზზე, თუ ლოგიკური გადაწყვეტილების მიღების უნარზე, იმპულსების კონტროლზე, გულისხმიერებაზე და სხვა ისეთ უნარებზე მოქმედებს, რომელიც საბოლოო ჯამში თინეიჯერის საქციელზე უშუალო გავლენას ახდენს. ფრანცის ჯენსენი ამბობს, რომ შედეგად საქმე გვაქვს ძალიან აქტიურ და ათვისების უნარის მქონე თავის ტვინთან, რომელსაც ისეთი მძღოლი მართავს, რომელსაც მუხრუჭებზე ხელი ჯერ ბოლომდე არ მიუწვდება“.

სხვა მრავალ საკითხთან ერთად, მეცნიერი ყურადღებას თინეიჯერის თავის ტვინის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს. მისი თქმით, ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ალკოჰოლურ სასმელებს გაცილებით დიდი ზიანი მოაქვს ჩამოყალიბების პროცესში მყოფი მოზარდის თავის ტვინზე, ვიდრე ზრდასრული ადამიანისაზე. სტატისტიკურად, ფრანცისის მტკიცებით, ეს ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტზეც აისახება და ის შეიძლება ძალიან დაბალ მონაცემზე ჩამოვარდეს.

ზუსტად არ ვიცით, თუ რა იწვევს თინეიჯერებში ინტელექტის კოეფიციენტის ზრდას და შემცირებას, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები, როგორიცაა მაგალითად, მარიხუანის ხშირი მოწევა პირდაპირ კავშირშია ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტის შემცირებასთან - ამბობს მეცნიერი და დასძენს, რომ რაც უფრო ბევრს ეწევიან განსაკუთრებით 13-დან 17 წლამდე ასაკში, მით უფრო დაბალია აღნიშნული კოეფიციენტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც თავს უკვე ზრდასრულ ასაკში იჩენს.

წიგნში საუბარია მოზარდების ძილის განსხვავებულ ციკლზეც. მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ გვიან დაძინება და მეორე დღეს გვიან გაღვიძება მათ სიზარმაცეს მიეწერება. ესეც კიდევ ერთი არასწორი შეხედულებაა - ამბობს ფრანცისი და განმარტავს, რომ თინეიჯერების ბიოლოგიური საათი სრულიად სხვაგვარად არის დაპროგრამებული. უბრალოდ, მათი ძილის ციკლი ზრდასრულ ადამიანთან შედარებით, 2-3 საათით გვიან იწყება და შესაბამისად, დაახლოებით დილის 11 საათამდე გრძელდება. მეცნიერის თქმით, ახალგაზრდებს თავის ტვინის ჯანმრთელი განვითარებისთვის 8-9 საათი ძილი სჭირდებათ და მათი დილის 6 საათზე გაღვიძება იგივეა, რაც უფროსები გამთენიამდე, 3 საათზე გააღვიძო.

ეცადეთ მათთან მუდმივ კავშირში იყოთ და მოინდომეთ, რომ ჩვეულებრივზე მეტად მომთმენები გახდეთ - ასეთ რჩევას აძლევს ფრანცის ჯენსენი თინეიჯერებთან ახლო კონტაქტში მყოფ ადამიანებს. მისი თქმით, ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან სწორედ თინეიჯერობის პერიოდში იჩენს ხშირად თავს ისეთი სერიოზული ფსიქიკური პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა და მრავალი სხვა.

XS
SM
MD
LG