Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

33-ე თბილისობა ახალი რეალობის ფონზე – გაკონტროლდება თუ არა მერიის ბიუჯეტი?


6-7 ოქტომბერს თბილისი დედაქალაქის ტრადიციულ დღესასწაულს, თბილისობას, უკვე 33-ედ აღნიშნავს. ძირითადი სადღესასწაულო ღონისძიებები, წინა წლების მსგავსად, წელსაც თბილისის ძველ უბნებში ტარდება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ყიდვა კი ქალაქის გარეუბნებშია შესაძლებელი. თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც 6 ოქტომბერს თბილისის სტუმრებთან ერთად მეიდანზე დადგმულ საწნახელში ყურძნის დაწურვის ტრადიციულ რიტუალში მიიღო მონაწილეობა, განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები და ახალი პოლიტიკური რეალობა დედაქალაქის მერიის გეგმებზე არ იმოქმედებს და მერია ჩვეულებრივ განაგრძობს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა თუ სხვა პროგრამების განხორციელებას. არჩევნებში გამარჯვებულ ”ქართულ ოცნებაში” კი აცხადებენ, რომ ყველა დახარჯული თეთრი გაკონტროლდება.

ტრადიციული საწნახელი, ავტოშოუ, ძველი ქართული სპორტული თამაშობები, ბაზიერთა შოუ, ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გასეირნება ტივით, ხილის, ჩაის და ღვინის ფესტივალები, ლიტერატურულ პრემია ”გალას” დაჯილდოების ცერემონია - ეს ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც თბილისობის დღესასწაულისთვის დედაქალაქის მერიამ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაგეგმა. 6 ოქტომბერს მეიდანზე მისულმა თბილისის მერმა ჯერ თბილისის მეგობარი ქალაქებიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად საწნახელში ყურძენი დაწურა, თბილისელებს დღესასწაული მიულოცა და თქვა, რომ ქალაქის მთავრობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას:

”თბილისობა ყველა თბილისელის დღესასწაულია და მშვიდობა და განვითარება მინდა ვუსურვო ჩვენს ქალაქს, ემოციების დაწყნარება, ყველაფერი ძველის დავიწყება და ცხოვრების გაგრძელება. მერია მუშაობს ისე, როგორც მუშაობდა აქამდე. ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრამა, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ვახორციელებდით და ამას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, თვითმმართველობა სხვა შტოა ხელისუფლების, პარლამენტი კი სხვა და ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.”
ქალაქში რაც კეთდება, კეთდება იმიტომ, რომ გასაკეთებელია და არა იმიტომ, რომ ის არჩევნებს უკავშირდება. ასე რომ, ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ...
დავით ავალიანი

არჩევნები და პოლიტიკა თბილისის დღესასწაულთან არაფერ კავშირშია, - გვეუბნება ძველი თბილისის გამგებელი დავით ავალიანიც:
”ქალაქში რაც კეთდება, კეთდება იმიტომ, რომ გასაკეთებელია და არა იმიტომ, რომ ის არჩევნებს უკავშირდება. ასე რომ, ჩვეულ რიტმში ვაგრძელებთ.”

საწნახელთან დამონტაჟებულია სცენა, სადაც ფოლკლორული ანსამბლები საკუთარ შემოქმედებას წარმოადგენენ. ცოტა მოშორებით, მეტეხის ხიდთან, ავტოშოუ იმართება, სადაც იშვიათი ავტომობილებია გამოფენილი. ხიდქვეშ ტივი მიცურავს. ეს ღონისძიებები, როგორც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ნეკა სეფისკვერაძე ამბობს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე იგეგმება ხოლმე და ყოველწლიურად რაღაც ახალი ემატება.

როგორ დაიხარჯება დღეიდან დედაქალაქის ბიუჯეტი და გააკონტროლებს თუ არა მას ქალაქის საკრებულო? - ვეკითხებით კოალიცია ”ქართულ ოცნებაში” შემავალი „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს საკრებულოში ზურაბ აბაშიძეს. ის ამბობს, რომ ამიერიდან ყველა თეთრი გაკონტროლდება:

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე
”ჩვენ გვინდა და ვაპირებთ, რომ საკრებულოში აბსოლუტურად შეიცვალოს ვითარება და აღარ იყოს ისე, რომ მერი, როგორც უნდოდა, ისე განკარგავდა თანხებს და ვისაც უნდოდა, ისე ნიშნავდა ყველას, საკრებულოს წევრები კი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველაფერზე ხელს წევდნენ. ჩვენ რეალურ თვითმმართველობას შევქმნით და გავაკონტროლებთ ყველა თეთრს. დღეს ყალიბდება ახალი მთავრობა და საჩქარო არაფერი გვაქვს, ნელ-ნელა ყველა საკითხით დავინტერესდებით.”

როგორც ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი ამბობს, თვითმმართველობა ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა. მიმდინარე წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია და, შესაბამისად, წლის ბოლომდე ბიუჯეტში არსებული თანხები გეგმის მიხედვით დაიხარჯება, თუ ახალი პარლამენტი ბიუჯეტში რაიმე ცვლილებას არ შეიტანს:

”გარდა საკუთარი შემოსავლებისა, თბილისის ბიუჯეტში ასევე არის საკმაოდ სოლიდური ოდენობის ტრანსფერი, რომელიც სპეციალურ პროექტებზე იხარჯებოდა, რომლის დამტკიცების პრეროგატივაც აქვს ცენტრალურ ბიუჯეტს, ანუ პარლამენტს, და მომავალ წელს რა თანხას განსაზღვრავს ამისათვის, ეს სხვა საკითხია, მაგრამ დღეს რაც საკუთარი შემოსავლები აქვს მერიას, ის მას კანონით ეკუთვნის და თავად ხარჯავს - ქონების გადასახადი და სხვა მოსაკრებლები. თუ საკრებულომ ან ახლად შეკრებილმა პარლამენტმა რაიმე ცვლილება არ შეიტანა ბიუჯეტში, მაშინ ჩვეულებრივ გაგრძელდება უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვა.”

”მართალია, თბილისელი არ ვარ, მაგრამ 40 წელია ამ ქალაქში ვცხოვრობ და ამ დღესასწაულსაც სულ აღვნიშნავო”, - გვეუბნება ტაქსის მძღოლი გიორგი თოიძე. ამბობს, რომ დღისით იმუშავებს, საღამოს კი მეგობრებთან ერთად თბილისობას აღნიშნავს: ”რაღაც მგონია, რომ უფრო განსხვავებულად, მეტი იმედით შევხვდებით. ყველაზე საყვარელი ქალაქია, თუმცა მგონია, რომ ადრე უფრო სხვანაირი სითბო იყო, ყველა იღიმებოდა...”
ასეთი ლეგენდაც არსებობს, რომ დავით აღმაშენებელი ბრძოლის წინ მტაცებელ ფრინველებს თვალებში უყურებდა - რაღაც დადებით, ვაჟკაცურ, საბრძოლო ენერგიას იღებდა... ვახტანგ გორგასლის მთავარი ლეგენდაც ამ ფრინველთანაა დაკავშირებული. გვინდოდა რაღაცნაირად ამ ლეგენდის გაცოცხლება...
ალექსანდრე კვანტალიანი

აბანოთუბანში ბაზიერებს მონადირე ფრინველების გამოფენა მოუწყვიათ.
ბაზიერთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე კვანტალიანი იხსენებს, რომ პირველად თბილისობის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებებში ე.წ. ბაზიერთა შოუს ჩართვის წინადადებით მერიას 2005 წელს მიმართა. მან და მისმა მეგობრებმა ლეგენდის გაცოცხლება თბილისობაზე სცადეს:

”ასეთი ლეგენდაც არსებობს, რომ დავით აღმაშენებელი ბრძოლის წინ მტაცებელ ფრინველებს თვალებში უყურებდა - რაღაც დადებით, ვაჟკაცურ, საბრძოლო ენერგიას იღებდა... ვახტანგ გორგასლის მთავარი ლეგენდაც ამ ფრინველთანაა დაკავშირებული. საერთოდ, ცნობილია, რომ ჩვენი მეფეები შესანიშნავი ბაზიერები იყვნენ. გვინდოდა რაღაცნაირად ამ ლეგენდის გაცოცხლება და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ კარგი იქნებოდა, თუ თბილისობის დღესასწაულის დროს ერთ-ერთ ღონისძიებად ბაზიერთა შოუც დაემატებოდა.”

თბილისობის საზეიმო ღონისძიებები 7 ოქტომბერს გაგრძელდება და საღამოს ლიტერატურული პრემია ”გალას” დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG