Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოში პრემიებზე უარი თქვეს


თბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს თანამდებობის პირებმა პრემიებზე უარი თქვეს. ეს გადაწყვეტილება დღეს საკრებულოში ახალი მოწვევის სხდომაზე მიიღეს. დაიწერა განცხადება, რომელსაც საკრებულოს დეპუტატებმა ხელი მოაწერეს.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიებთან დაკავშირებით ყველანი ერთ აზრზე იყვნენ, ხმაური და შეხლა-შემოხლა გამოიწვია საკითხმა, უნდა ასახულიყო თუ არა ეს გადაწყვეტილება რეგლამენტში. საკრებულოს წევრების ნაწილი აცხადებდა, რომ ამით გადაწყვეტილება იურიდიულად უფრო წონადი იქნებოდა, ნაწილმა კი მსგავსი პროცედურა ზედმეტად მიიჩნია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ კატეგორიულად მოითხოვა პრემიების საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა ჩაეტარებინათ.

ჩვენდა გასაოცრად, ყველაზე მეტი ვნებათაღელვა გამოიწვია საკითხმა, პრემიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჩაიწეროს თუ არა რეგლამენტში, ანუ სამართლებრივად დავადასტუროთ თუ არა, რომ ჩვენ უარს ვამბობთ პრემიების აღებაზე...
ირაკლი აბესაძე

„რეგლამენტზე ვმსჯელობთ და პირველივე დღე დავიწყოთ იმით, რომ არ დავაყენოთ კენჭისყრაზე საკითხი, მგონი, სწორი არ იქნება. გთხოვთ, რა განცხადებაც არ უნდა მივიღოთ, აუცილებლად დადგეს საკითხი დღის წესრიგში. ეს არის ჩვენი მოთხოვნა!“

იგივე განაცხადა ამავე პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი აბესაძემაც:

„ჩვენდა გასაოცრად, ყველაზე მეტი ვნებათაღელვა გამოიწვია საკითხმა, პრემიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჩაიწეროს თუ არა რეგლამენტში, ანუ სამართლებრივად დავადასტუროთ თუ არა, რომ ჩვენ უარს ვამბობთ პრემიების აღებაზე. მხოლოდ და მხოლოდ განცხადების გაკეთება და მასზე ხელის მოწერა, რასაც იურიდიული ძალა არ გააჩნია, რა თქმა უნდა, შემზღუდავი არ იქნება, რომ მომავალში სხვა გადაწყვეტილება მიიღონ. ეს ნამდვილად იწვევს ეჭვს მათ გულწრფელობაში და შესაძლებლობას ტოვებს, მომავალში პრემიები მაინც გაიცეს“.

საკრებულოს წევრებს შორის შელაპარაკება სიტყვიერ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდა. ერთმანეთს ალეკო ელისაშვილი და ჯაბა სამუშია დაუპირისპირდნენ.

ჯაბა სამუშია: „უზრდელი ხარ შენ!“

ალეკო ელისაშვილი: „უზრდელს გაჩვენებ ახლა! ჩუმად მაინც იჯექი და სხვას მაინც აცადე ლაპარაკი“.

სიტუაციის განსამუხტად საკრებულოს სხვა წევრებიც ჩაერთვნენ. „ქართული ოცნების“ წამომადგენელმა ზაზა კოლელიშვილმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა;

ხელფასები გაიზრდება თუ შემცირდება, ეს ცალკე საკთხია. ჩვენ დიდი ხანია ვაყენებთ ინიციატივას, რომ საკრებულოს წევრებს პრემიები არ მიეცეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრინციპულად არ შეიძლება, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი პრემიას იღებდეს...
დავით ზურაბიშვილი

„ძალიან გთხოვთ, ერთმანეთს შეურაცხყოფას ნუ ვაყენებთ და ნუ ვიჭიმებით. არ გავიჭიმოთ! ბატონო ალეკო, ეს თქვენ გეხებათ!“

საბოლოო გადაწყვეტილებით, პრემიებზე უარის თქმასთან დაკავშირებით მხოლოდ განცხადება დაიწერა, რომელსაც დეპუტატებმა ხელი მოაწერეს. საკრებულოს თანამდებობის პირები პრემიას აღარ აიღებენ. ეს ცვლილება არ ეხებათ საკრებულოს აპარატის წევრებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საკრებულოში, დავით ზურაბიშვილი, აცხადებს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, გაიზრდება თუ არა მათი ხელფასები პრემიების დათმობის სანაცვლოდ.

„ხელფასები გაიზრდება თუ შემცირდება, ეს ცალკე საკთხია. ჩვენ დიდი ხანია ვაყენებთ ინიციატივას, რომ საკრებულოს წევრებს პრემიები არ მიეცეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრინციპულად არ შეიძლება, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი პრემიას იღებდეს. პრემია რას ნიშნავს? ვიღაცა კარგად მუშაობს და წაახალისებ, ჰო?! საკრებულოს წევრი კარგად მუშაობს თუ ცუდად, ამას ამომრჩეველი წყვეტს“.

საკრებულოს მორიგი სხდომა ორშაბათს გაიმართება. დღის წესრიგის თანახმად, სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები აირჩევიან. ასევე აირჩევენ ფრაქციისა და კომისიის თავმჯდომარეებსაც.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG