Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები ისევ ანეკდოტებს გვიამბობენ


“20 წელი. 12 თვე” - ასე ჰქვია „თიბისი ბანკის“ საიუბილეო პროექტს, რომლის შედეგი - ამავე სახელწოდების ფილმი - იხილა საზოგადოებამ 17 დეკემბერს, „თიბისი ბანკის“ დაბადების დღეზე.

ეს პროექტი 2012 წლის იანვარში დამწყები კინემატოგრაფისტებისთვის გამოცხადებული კინოკონკურსით დაიწყო. ჟიურიმ, ოთარ იოსელიანის, მიხეილ კობახიძის, გია ყანჩელის, თამარ ბართაიას შემადგენლობით, „თიბისის“ ფილმისთვის 60 ახალგაზრდა კინემატოგრაფისტი - რეჟისორი, მხატვარი, ოპერატორი, კომპოზიტორი - შეარჩია.

მსოფლიოში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ასეთი ალმანახები ხშირად კეთდება. პროექტების განხორციელებაში ცნობილი რეჟისორები არიან ხოლმე ჩართული, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი სახის პროექტები იშვიათად სრულდება წარმატებით - თითქმის ყოველთვის აკლია ერთიანობა. მაყურებელი უყურებს ერთ ნოველას და ელოდება ახალს, რომელიც არასდროსაა წინას კომენტარი. ამიტომ ნოველების გადაადგილებით ანდა რომელიმეზე, საერთოდ, უარის თქმით, ფილმის ერთიანობას არაფერი აკლდება ხოლმე. ასეა თუ ისე, ასეთი პროექტი საქართველოშიც განახორციელეს და ორიგინალურადაც წარადგინეს - პრემიერა საქართველოს ყველა კინოთეატრში ერთდროუალდ გაიმართა. მართალი გითხრათ, არ მესმის რატომ, რამ განაპირობა ეს პრეტენზია მასშტაბურობაზე. პრემიერის ორგანიზატორებმა მთელი ერთი საათი მოგვცეს იმისთვის, რომ ამ კითხვაზე პასუხი გაგვეცა: დიახ, სეანსი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო; შევგროვდით კინოთეატრ ”რუსთაველის” ერთ დარბაზთან (მეხუთე სართულის დაპყრობის შემდეგ) და ველოდებოდით, როდის გაგვიღებდნენ კარს დარბაზში შესასვლელად. რაღა დაგვრჩენოდა? - ერთმანეთს ვეკითხებოდით, რატომ ჩატარდა ასეთი სახის პრემიერა. ამ პრეტენზიულობამ და გიგანტომანიამ პირადად მე თავიდანვე უარყოფითად განმაწყო: არ მიყვარს ჩემს დროს პატივს რომ არ სცემენ ხოლმე.

თუმცა არა მგონია ჩემი დამოკიდებულება „თიბისი ბანკის“ ამ კინოპროექტის მიმართ განსხვავებული ყოფილიყო სეანსის დროზე დაწყების შემთხვევაშიც. იმ 12 ფილმიდან, რომლებიც ალმანახში გაერთიანდა, შედარებით ახლოს კინოსთან მხოლოდ 2 ნოველაა - ანა ციმინტიას ”რიგი” და ზურაბ დემეტრაშვილის ”გზაგასაყარი”. პირველი, თავისი ჟანრული ეკლექტიზმით და პრინციპული პირობითობით, საკამათოა, მაგრამ განსხვავებული. მეორეში ბევრი კლიშეა (”მეძავი ქალის” სახე, განსაკუთრებით); დიალოგები, ცოტა არ იყოს, - ხელოვნურად ”ცხოვრებისეული”, მაგრამ სახიერია და გამოსახულების, რიტმის თვალსაზრისით, საინტერესო. დანარჩენ ნოველებს ან დრამატურგია აქვთ გაუმართავი, ან მეტისმეტად სარეკლამო-კლიპური ესთეტიკით გამოირჩევიან, ან უბრალო ანეკდოტურობით, ზედაპირულობით. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, ქართული ახალგაზრდული კინოს სენი გახდა - ახალგაზრდები ჰყვებიან ისტორიებს, რომელთა უმრავლესობა განზოგადებას არ ექვემდებარება, ამიტომ საეჭვოა, ააღელვოს მაყურებელი (ყოველ შემთხვევაში, იმ დარბაზში, რომელშიც მე მოვხვდი, სადაც, ჩემი ვარაუდით, კინემატოგრაფისტები ისხდნენ, ნოველებს შორის ტაში არავის დაუკრავს. რაღაც წარმოუდგენელი მოწყენილობა იგრძნობოდა). ვიღაცამ, შესაძლებელია, ფანტაზია დაუფასოს ავტორებს, ვიღაცამ ისტორია მიიჩნიოს საინტერესოდ, ვიღაცას მსახიობების თამაში მოეწონოს (ანა ურუშაძის ”ერთ კაცს ვუყვარდი”, მაგალითად), მაგრამ, საეჭვოა, ამ ფილმებით კინოსა და მაყურებელს შორის კონტაქტი დამყარდეს - მით უმეტეს, რომ ჩაფიქრების საშუალებას მაყურებელს არ აძლევს თავად ალმანახის ფორმატი: მთავრდება ერთი ნოველა და გადავდივართ მეორეზე.

უცნაურია, მაგრამ 12 ნოველაში, რომელთა ავტორებს, წესით, წელიწადის თვეების სახეები უნდა შეექმნათ, გარემო, დრო, ატმოსფერო ძალიან იშვიათად იგრძნობა. თუმცა, ალბათ, არც ესაა მთავარი. მთავარია ის, რომ ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებს თითქოს ბევრი არაფერი აწუხებთ; ამ 12 ფილმით ნამდვილად არ შეგექმნებათ შთაბეჭდილება 2012 წლის საქართველოზე. ანუ კინო ვერ აღბეჭდავს დროს და ვერ გამოხატავს ისტორიას. კინო კი სხვა არაფერია, თუ არა აღბეჭდილი დრო და სივრცე.

„თიბისიმ“ ამ პროექტისთვის სოლიდური თანხა გაიღო. ახალგაზრდები სულ ჩივიან, არა გვაქვს ფული, თორემ იდეების მეტი რა გვაქვსო. „თიბისის“ ამ ფილმმა დაამტკიცა, რომ სწორედ იდეების დეფიციტია ქართულ კინოსამყაროში. ფული როცა ჩნდება, იდეები მაინც არ ჩანს. ამიტომაც ვიხილეთ არა მოკლემეტრაჟიანი ფილმები, არამედ, უმეტეს შემთხვევაში, კინოანეკდოტები - სხვათა შორის, თითქმის ერთნაირად გადაღებული; ფილმები, სადაც ტიპაჟებიც კი ერთნაირია: ერთგვარი მოდა მკვიდრდება ქერა, ცისფერთვალება, ”კარგ შამპუნში დაბანილ” ქართველზე, რომელიც უხერხულობის გრძნობას ქმნის მაყურებელში - განსაკუთრებით მაშინ, როცა სოციალურად დაუცველ ფენას განასახიერებს. 60 კინემატოგრაფისტის უმრავლესობა ერთნაირად იღებს კინოს - რეკლამის და სატელევიზიო კინოს სტილში. ჰოდა, არაფერი ანგრევს მთლიანობას ისე, როგორც ერთნაირობა.

არაფერია ისე დამღუპველი, როგორც ერთნაირობა.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG