ავტორი: ზურაბ ვაშაკიძე
თავისუფალი დრო გამომიჩნდა და დასასვენებლად წასვლა გავბედე. არჩევანი აბასთუმანზე შევაჩერე. გრიპების შემდეგ ნამდვილად არ მაწყენდა სუფთა ჰაერი და თან რადგან ე.წ. სეზონი არ იყო, ვიმედოვნებდი რომ დასვენება ძვირი არ დაჯდებოდა.
მართლაც, დღეში 10 ლარად ვიქირავე სუფთა ოთახი სამზარეულოთი, შეშის პრობლემაც მარტივად მოვაგვარე, ბარგი დავაბინავე, სასეირნოდ გავედი და ზამთრის არდადეგებიც დაიწყო.
საოცარი ადგილია. ბუნებით განებივრებულები ხშირად ვეღარ ვამჩნევთ რა ლამაზი ქვეყანა გვაქვს. პირველი შეგრძნება, რაც გამიჩნდა, როდესაც ობსერვატორიისკენ აღმართს შევუყევი, იყო საოცარი სიმშვიდე. სულ რაღაც 4 საათში ხმაურით, მტვერით, გამონაბოლქვით, ინტერნეტით, უსარგებლო ინფორმაციით და ბევრი სხვა რამით გაბეზრებული, თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. დაღამებამდე ოთახში ვერ შევედი - სიჩუმეს ვუსმენდი. ცოტა ღუმელის დანთება გამიჭირდა, თუმცა ეს პროცესიც სასიამოვნოა. გათოშილს ერთი სული რომ გაქვს მალე დაანთო, მერე გატრუნული დაელოდო როგორ აგიზგიზდება ცეცხლი და როგორ მოგედება სითბო და ბედნიერება ერთად. აქ ყველა შეშით თბება. საწოლიც მეუცნაურა. პრუჟინებიანს რომ უძახიან, ისეთი დამხვდა, მაგრამ ემოციებით და სეირნობით დაღლილს ამ წვრილმანისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ღუმელის ღუღუნის ფონზე მშვენივრად დამეძინა. ფაქტიურად ყოველდღე ერთნაირი განრიგი მქონდა. ვცდილობდი მეტი დრო ჰაერზე გამეტარებინა და შემოვიარე ყველა შემორჩენილი ღირსშენაშნაობა თამარის ციხით დაწყებული და ობსერვატორიით დამთავრებული.
ცოტა რამ აბასთუმანის შესახებ. იგი თბილისიდან დასავლეთით ახალციხიდან 28 კილომეტრში, მდინარე ოცხეს ხეობაში, ზღვის დონიდან 1250-1450მ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ ზომიერი მშრალი ჰავაა. ფერდობზე შეფენილი ნაძვის, ფიჭვის და სოჭის კორომები უბადლო მიკროკლიმატს ქმნის. ამას დამატებული თერმული სამკურნალო წყლები განაპირობებს კურორტის უნიკალურობას.
შუა საუკუნეენში აქ საქარავნე გზები გადიოდა. მეჩვიდმეტე საუკუნიდან თურქები ბატონობდენ. 1828 წლიდან ახალციხე და შესაბამისად აბასთუმანიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშია. ახალციხის ლაზარეთის ხელმძღვანელმა გოლმბლატმა შეამჩნია, რომ აბასთუმანში დაჭრილების გამოჯანმრთელების პროცესი ბევრად სწრაფად მიმდინარეობდა, ვიდრე სხვა ადგილებში. 1865 წელს ე.წ. ქვედა აბასთუმანში სამხედრო ჰოსპიტალი აშენდა. იმდროინდელი კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი ( იმპერატორ ნიკოლოზ I- ის უმცროსი შვილი) აღტაცებული იყო კავკასიის კურორტების სამკურნალო თვისებებით და დიდ ყურადღებას აქცევდა მათ განვითარებას. მისი დავალებით თბილისის გუბერნიის კურორტებს ექიმი რემერტი ხელმძღვანელობდა. რომელიც წერდა, რომ აბასთუმანის მსგავსი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი, არა მარტო კავკასიაში, არამედ მსოფლიოში არ მოიძებნება. ამ პერიოდში აშენდა კეთილმოწყობილი აბანო სამი თერმული წყაროთი. ადგილობრივები ყვებიან ლეგენდას, რომ ამ წყაროებში ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის მებრძოლები მკურნალობდნენ.
რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ II -ის ძმა გიორგი, ტუბერკულოზით იყო დაავადებული. მიუხედავად საკმაოდ კეთილმოწყობილი და პრესტიჟული ევროპული კურორტებისა (ძირითადად დავოსზე იყო აქცენტი), ოჯახმა გადაწყვიტა მისთვის აბასთუმანში ემკურნალა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს აბასთუმანის უნიკალურ თვისებებზე. 1891 წლიდან გარდაცვალებამდე - 1899 წლამდე გიორგი რომანონოვი აქ ცხოვრობდა. ამ ფაქტმა კარდინალურად შეცვალა აბასთუმანის და მთლიანად რეგიონის ცხოვრება. გარდა დიდი თავადის თანმხლები პირებისა, მას იმპერატორის ოჯახის წევრები და თვით იმპერატორიც ხშირად სტუმრობდა. აშენდა ახალი შენობები . მათ შორის რომანოვის სასახლე. სამწუხაროდ იგი თითქმის აღარ არსებობს. ზარზმის მონასტრით შთაგონებულმა, გიორგი რომანოვმა აბასთუმანის ცენტრში მისი მსგავსი, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი ააგებინა, რომელიც დღეს მოქმედია. იგი მრავალმხრივ განსწავლული ადამიანი იყო და პირველი ასტრონომიული დაკვირვებებიც აბასთუმანში მის სახელს უკავშირდება. მთა აღობილის ფერდობზე აგებული კოშკიდან პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორ გლაზენაპთან ერთად ციურ სხეულებს აკვირდებოდა.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. 1891 წელს მხატვარი კრიჟიცკი, სპილოს ძვალზე აკეთებს ოთხ მინიატურას აბასთუმანის ხედებით, რომლებიც გამოყენებული იქნა რომანოვების სამეფო კარის იუველირ კარლ ფაბერჟეს მიერ მისი ტრადიციული სააღდგომო კვერცხის შექმნისას 1893 წელს. იგი ცნობილია როგორც ფაბერჟეს კავკასიური კვერცხი. მას ოთხი ოვალური ფანჯარა აქვს, რომელთა გაღებისას აბასთუმნის ხედები ჩანს. ამჟამად იგი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმშია განთავსებული.
სამწუხაროდ, ამჟამინდელ აბასთუმანში ბევრი ისტორიული და არა მარტო ისტორიული შენობა მხოლოდ გზამკვლევ ისრებზეა შემორჩენილი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ღმერთმა აქ ბევრი იშრომა ადამიანის სასიკეთოდ და ჩვენ კი ვზარმაცობთ. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ბუნებრივი აირი უკვე სოფლამდეა მიყვანილი. როგორც მაცხოვრებლები ამბობენ 17 მილიონი ლარია გამოყოფილი ბიუჯეტში აბასთუმანის კეთილმოწყობისთვის. ასე რომ იმედია ეს ზღაპრული ადგილი მალე დაიბრუნებს კუთვნილ სახელს და დამსვენებლებს წლის ოთხივე დროს.
ერთი ნაგაზი დამიმეგობრდა - „ბინგო“. მეპატრონეს წამოცდა 16 წლისააო. არ დავუჯერე. ამ ძაღლს სიბერის არაფერი ეტყობოდა. ყოველდღე დაახლოებით 20 კილომეტრს მარტო მე დამყვებოდა (ძუკნებისკენაც აპარებდა თვალს). დავეჭვდი და მეზობლებში გადავამოწმე. მართლაც 16 წლის გამოდგა. როგორც მახსოვს ძაღლის წლოვანების შვიდზე გამრავლდებით შესაბამის ადამიანურ ასაკს ვიღებთ. ასე რომ „ბინგო“ რომ ადამიანი ყოფილიყო 112 წლის იქნებოდა. ( თერმული აბაზანებით ნამდვილად არ სარგებლობდა).
20 დღე დავრჩი. მეგონა მომბეზრდებოდა. მოვტყუვდი. არ მინდოდა წამოსვლა. მაგრამ რას იზამ, ვალდებულებები.
გაუკეთეთ საკუთარ თავს საჩუქარი. დაისვენეთ აბასთუმანში!