Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ წამართვა საქსტატმა ენა (ნაწ. 1)


ავტორი: გივი გ. ქარჩავა

რამდენჯერმე გადავიფიქრე ამ წერილის დაწერა - ვიცი, რომ არცერთი მედიასაშუალება, არცერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ უფლებადამცველი ყურს არ შეიბერტყავს ჩემს და ათასობით ჩემნაირის სატკივარზე, არადა ადგილი აქვს ადამიანის უფლების უხეშ დარღვევას და დისკრიმინაციას. იმის გამოც ვყოყმანობდი, რომ ახლა სხვადასხვა ჯურისა და წამოშობის ჩასაფრებული ორგანიზაციები, რომელთაც არა პრობლემის მოგვარება, არამედ მისი გამწვავება სწადიათ, ხელზე დაიხვევენ და სათავისოდ გამოიყენებენ ამას. უამრავი სხვა ფაქტორიც მაყოვნებდა თუ მაჩერებდა, თუნდაც ის, რომ ძალიან ბევრ ტალახს მესვრიან ამ წერილის გამო, თუმცა დიდი ფიქრის შემდეგ მაინც გადავწყვიტე ჩემი უფლების დარღვევაზე და აშკარა დისკრიმინაციაზე არ გავჩუმდე, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს.

საქმე ეხება საქსტატის მიერ 2014 წლის ნოემბერში ჩატარებულ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას, სადაც მე მშობლიური ენის გრაფაში გაკეთებული ჩანაწერის გამო შემექმნა დაბრკოლებები და გავხდი ჩვეულებრივი დისკრიმინაციის ობიექტი. აღწერისას, სრულიად გაცნობიერებულმა იმაში, რომ გარდა მორალური თუ შინაგანი მოწოდებისა და ვალდებულებისა, მქონდა კანონიერი უფლება გამეკეთებინა ეს, მშობლიურ ენად მივუთითე „მეგრული.“

პრობლემები დაიწყო აქედან. აღმწერს შტაბში განუცხადეს, რომ ვერ მიიღებდნენ ჩემს არჩევანს, რადგან არ აქვთ უფლება ამ გრაფაში მეგრულის ჩაწერის. აღმწერთან რამდენიმე გასაუბრებისა და შტაბის ზედამხდველისთვის შეგონებების დაბარების შემდეგაც ვერ მივიღე პასუხი, თუ რატომ არ მქონდა მე უფლება, მშობლიური ენის გრაფაში მიმეთითებინა ის ენა, რომელსაც მივიჩნევ პირველად ენად, შესაბამისად მშობლიურ ენადაც. გადავწყვიტე, საქსტატის ვაკის რაიონის შტაბს ვსტუმრებოდი და ადგილზე აღმომეფხვრა ეს გაუგებრობა (რადგანაც, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ პრობლემა იყო აბსოლუტურად ლოკალური, ერთი ადამიანის შეხედულებებიდან გამომდინარე და არა ზოგადად საქსტატის თუ სახელმწიფოს საკითხთან დამოკიდებულების შედეგი).

მოვიპოვე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სპეციალურად 2014 წლის აღწერისთვის გამოცემული ინსტრუქცია საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის კითხვარების შევსების შესახებ, სადაც 36-ე გვერდზე გადავაწყდი საკმაოდ საინტერესო ახსნას კითხვარის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც მშობლიურ ენას ეხებოდა. კერძოდ, 154-ე პუნქტში აღნიშნულია შემდეგი: „აღენიშნება ერთ-ერთი ჩამოთვლილთაგანი, ან გრაფაში - „სხვა“, მიეთითება იმ ენის დასახელება, რომელსაც თავად გამოსაკითხი აღიარებს მშობლიურ ენად“. ხოლო, ამავე პუნქტის „ა“ ნაწილში მოცემულია დამატებითი განმარტებაც: „მშობლიურ ენად, მიეთითება იმ ენის დასახელება, რომელსაც გამოსაკითხი ჩვეულებრივ იყენებს შინამეურნეობაში“.

შესაბამისად, დაიმედებულმა იმით, რომ ხელთ მქონდა ყველაზე ძლიერი იარაღი, კანონი, რომლითაც პრობლემას მოვაგვარებდი, 18 ნოემბერს მივაშურე ვაკის შტაბს. ადგილზე დამხვდა ვაკის რაიონის კოორდინატორი, ირაკლი დიხამინჯია, ფრიად სასიამოვნო და კონსტრუქციულად განწყობილი პიროვნება, რომელმაც შეძლო და მოისმინა ჩემი პრობლემა, თუმცა მასთან საუბარი მაინც არ გამოდგა პროდუქტიული, რადგან ის ჯიუტად იმეორებდა, რომ მისი სურვილის მიუხედავადაც კი, მეგრულის ჩაწერა არ შეიძლებოდა მშობლიური ენის გრაფაში, ხოლო მიზეზად ასახელებდა სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის ერთ-ერთს ასეთს: „მეგრულის ჩაწერა იმიტომ არ შეიძლება, რომ ქართული ენა არის ჩვენი ყველას ეროვნული ენა“. წარმოგიდგენიათ? უწყება, რომელსაც მე ველაპარაკებოდი მათ მიერვე გამოცემული კანონის ენით, მპასუხობდა სადღეგრძელოთი. როცა მივხვდი, რომ ბატონ ირაკლისთვის „ეროვნულობის“ მომენტი მნიშვნელოვანი იყო, ვეცადე ოდნავ შემეცვალა საუბრის გეზი და მას პატარა ლინგვისტური ექსკურსი ჩავუტარე. ავუხსენი, რომ ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის, გერჰარდ დეეტერსის მიერ შედგენილი და საენათმეცნიერო სამყაროს მიერ საყოველთაოდ აღიარებული ლინგვისტური თეორიის შედეგად, ჯერ არსებობდა ერთი პროტოქართველური ენა, რომელსაც გამოეყო ყველა სხვა დანარჩენი, ქართული, მეგრულ-ლაზური და სვანური. ხოლო, მეორე არანაკლებად ცნობილი ქართველოლოგი, გიორგი კლიმოვი გლოტოქრონოლოგიური ანალიზის საფუძველზე წინარეფუძეენიდან პირველი გამოცალკევებული ენის, სვანურის გამოყოფას ათარიღებდა ძვ.წ. XIX საუკუნით, ხოლო ნარჩენი ლინგვისტური ერთეულის ქართულ და ზანურ ენებად დაშლას ძვ.წ. VIII საუკუნით, რაც იმას ნიშნავს, რომ მეგრული და ქართული ასაკით ტოლი ენებია, ხოლო სვანური მათზე ორივეზე უფრო ძველია მთელი 11 საუკუნით! შესაბამისად, თანამედროვე სახელმწიფოსა და საზოგადოების პირობებში არ შეიძლება ვინმეს აუკრძალო მისი მშობლიური ენის წარმოჩენა, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ეს ენა და რა მიზეზიც არ უნდა გქონდეს ამისთვის, მითუმეტეს, მიზეზი, რომელსაც ჰქვია სეპარატიზმის შიში, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. სამწუხაროდ არ გაჭრა, ბ-ნი ირაკლი იმეორებდა ერთსა და იმავეს, ოღონდ არცერთ მის პოზიციაზე არგუმენტი არ ჰქონდა...

(იხ. გაგრძელება)

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG