Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპეცოპერაცია პანკისსა და თბილისში


პანკისის ხეობა
პანკისის ხეობა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ 26 დეკემბრის დილით თბილისსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია საქართველოს 5 მოქალაქე - 4 პანკისის სოფლებში და ერთი თბილისში.

სპეცოპერაცია პანკისსა და თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:29 0:00
გადმოწერა

დაკავებულები არიან: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. სუს-ში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა თქვა, რომ „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“.

ნინო გიორგობიანი
ნინო გიორგობიანი

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა უზრუნველყვეს ახმედ ჩატაევის და მისი თანამზრახველების ჯერ თურქეთის ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, მათი დროებითი საცხოვრებელი მისამართიდან საქართველოს საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე, ხოლო შემდგომ დაეხმარნენ ამავე მონაკვეთით საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში. დაკავებულმა პირებმა ასევე უზრუნველყვეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების თბილისამდე ჩამოყვანა, დახმარება გაუწიეს ბინის ქირაობასა და იარაღის მოძიებაში“.

სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული და ლიკვიდირებული პირების გეგმებზეც ილაპარაკა. ნინო გიორგობიანმა თქვა, რომ ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში - უფრო კონკრეტულად კი, მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.

„საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი. იგი რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევია, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა: რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი, რომელიც სხვადსხვა ყალბი პასპორტებით საქართველოში 2010-2012 წლებში იმყოფებოდა, და ასლანბეგ სოლტახმადოვი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებული აუდიოჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ -საგამოძიებო მოქმედებებისა და 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, აღნიშნული ტერორისტული აქტები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი“.

წინააღმდეგობას რას გაუწევდა, მძინარეს, მწოლიარეს ესროლეს ლოგინშივე. კარები შეუმტვრიეს და ისე შეუვარდნენ... შეეშინდებოდა და, აბა, წინააღმდეგობას გაუწევდა?! ჩატაევს არ ვიცნობთ არც ერთი. საერთოდ თვალითაც არ გვინახია...
მედა მაჩალიკაშვილი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას სპეცრაზმელებმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას დაჭრეს. სუს-ში განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ დაჭრილის ოჯახის წევრები. თემირლანის დედა, მედა მაჩალიკაშვილი, ამბობს, რომ სპეცრაზმელებმა მის შვილს საწოლში მძინარეს ესროლეს.

მედა მაჩალიკაშვილი თავისი შვილის ახმედ ჩატაევთან კავშირსაც უარყოფს. დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ახლა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ექიმები მის მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ მიიჩნევენ.

„წინააღმდეგობას რას გაუწევდა, მძინარეს, მწოლიარეს ესროლეს ლოგინშივე. კარები შეუმტვრიეს და ისე შეუვარდნენ... შეეშინდებოდა და, აბა, წინააღმდეგობას გაუწევდა?! ჩატაევს არ ვიცნობთ არც ერთი. საერთოდ თვალითაც არ გვინახია“, - განაცხადა მედა მაჩალიკაშვილმა.

სპეცოპერაციის დეტალებზე ლაპარაკობს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია. ელენე მაჩალიკაშვილმა გვითხრა, რომ ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა:

ლოგინი რომ ალაგებელი დახვდა, თქვეს, გაიქცაო, და ყველგან ეძებდნენ. 19 წლის და 16 წლის ორი ბავშვი დილამდე დაბმული ჰყავდათ. არსად არ გვიშვებდნენ, ტელეფონები ჩამოგვართვეს. რომ ჩხრეკავდნენ, თვითონაც იძახდნენ, არაფერი არ არისო...
ლია დოიშვილი

„მაღლა ოთახში, სადაც ახალგაზრდა ბიჭი იწვა, სროლის ხმა გაისმა. ამ დროს გარეთ ჩემი შვილი და რძალიც გამოვარდნენ, შემდეგ მეც გამოვვარდი, თუმცა ისევ შიგნით შემაგდეს. მთელი ეზო სპეცრაზმელებით იყო სავსე. ისროდნენ... დაჭრილი ბიჭი თავადვე წაიყვანეს. მიზეზი არ ვიცით. ჩვენს ოჯახზე სოფელში იკითხეთ და გეტყვიან, როგორებიც ვართ“.

სპეცოპერაციის დროს კიდევ ერთი დაკავებული რამაზ მარგოშვილია. ის თბილისში აიყვანეს. მარგოშვილის ოჯახი პანკისში ცხოვრობს. როგორც დაკავებულის მეუღლე ლია დოიშვილმა თქვა, სპეცრაზმელები მათთანაც მივიდნენ.

„ლოგინი რომ ალაგებელი დახვდა, თქვეს, გაიქცაო, და ყველგან ეძებდნენ. 19 წლის და 16 წლის ორი ბავშვი დილამდე დაბმული ჰყავდათ. არსად არ გვიშვებდნენ, ტელეფონები ჩამოგვართვეს. რომ ჩხრეკავდნენ, თვითონაც იძახდნენ, არაფერი არ არისო“, - განაცხადა ლია დოიშვილმა.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. სუსში განაცხადეს, რომ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პანკისის ხეობაში ამ დროისთვის სიმშვიდეა. დასახლებაში აღარ იმყოფებიან საპოლიციო ძალები.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG