Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა ახალაია „ციხის ბუნტის“ საქმეზე შეიწყალა


ბაჩანა ახალაია საბრალდებო სკამზე
ბაჩანა ახალაია საბრალდებო სკამზე
კვირას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ ისარგებლა მინიჭებული უფლებამოსილებით და გადაწყვიტა, შეეწყალებინა საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია. ახლა გასარკვევი ის არის, დატოვებს თუ არა ახალაია საპყრობილეს, სადაც უკვე ერთი წელია, იმყოფება.

ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი განმარტავს, რამ მიაღებინა შეწყალების გადაწყვეტილება. სააკაშვილის თქმით, საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას პრეცედენტი იმისა, რომ „კანონიერმა ქურდმა“ გაასამართლოს და ციხეში ჩასვას მაფიის წინააღმდეგ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი.

„სამარცხვინო და ანტისახელმწიფოებრივი“ საქმე

აღსანიშნავია, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს პრეზიდენტი იწყალებს „ციხის ბუნტის“ საქმეზე, რომელზეც სასამართლომ 28 ოქტომბერს გამოიტანა განაჩენი და რომლითაც ბაჩანა ახალაიასა და, მასთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარატამენტის სამ ყოფილ მაღალჩინოსანს სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ხსენებული პირები სასამართლომ დამნაშავედ სცნო პატიმრის ცემაში მაშინ, როცა ბაჩანა ახალაია სათავეში ედგა სასჯელაღსრულების სისტემას. გამოძიების თანახმად, ამ ფაქტს 2006 წელს მოჰყვა ციხის ბუნტი, რომელსაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჩაიხედოს სააკაშვილმა კონსტიტუციაში, რომლის დამცველი ის თავადაც უნდა იყოს და უნდა ყოფილიყო აქამდე. ის ე.წ. კანონიერი ქურდებიც არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და ეს არ ნიშნავს, რომ მათ მიმართ დასაშვებია ძალადობა...
ირაკლი სესიაშვილი
თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ განაჩენით უკმაყოფილოა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ახალაიას შეწყალების შესახებ კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ „ყველა ბრალდება, რომელიც პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა, უსაფუძვლო აღმოჩნდა, ხოლო ‘ბუნტის’ საქმე უბრალოდ სამარცხვინო, საშიში და ანტისახელმწიფოებრივია.“

პრეზიდენტი მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ახალაიასა და სხვათა საქმეებში ბრალდების მხარეს მოწმეებად ჰყავდა გამოძახებული ექვსი დაზარალებული „კრიმინალური ავტორიტეტი“ და სასამართლოც სწორედ ამ დაზარალებულების ჩვენებებს დაეყრდნო.

ამაში საშიშსა და ანტისახელმწიფოებრივს ვერაფერს ხედავენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პრეზიდენტს კონსტიტუციისა და მისი ფიცის ტექსტს შეახსენებენ.

„ჩაიხედოს სააკაშვილმა კონსტიტუციაში, რომლის დამცველი ის თავადაც უნდა იყოს და უნდა ყოფილიყო აქამდე. ის ე.წ. კანონიერი ქურდებიც არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და ეს არ ნიშნავს, რომ მათ მიმართ დასაშვებია ძალადობა, შეიძლება მათი მოკვლა და განადგურება“, განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა ორჯერ ისარგებლა საპრეზიდენტო უფლებამოსილებით. 29 ოქტომბერს მან შეიწყალა 250 პირი, ხოლო 3 ნოემბერს - ბაჩანა ახალაია.

გაათავისუფლებს თუ არა სააკაშვილი მერაბიშვილს?

„ციხის ბუნტი", ჯერჯერობით, ერთადერთი საქმეა, რაშიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი. სისხლის სამართლის კიდევ ორ საქმეზე, რაც სამხედრო მოსამსახურეებისა და სპეცრაზმელის წამებას, დამამცირებელსა და არაადამიანურ მოპყრობას შეეხებოდა, ბაჩანა ახალაიასა და სხვა განსასჯელების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

შეწყალების აქტით სააკაშვილი, ფაქტობრივად, იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩადენილი ჰქონდათ მის მინისტრებს და რეჟიმის ყველა იმ მსახურს, რომლებმაც ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა დაამყარეს...
ირაკლი სესიაშვილი
რაკი ორ საქმეში გამართლდა, ნიშნავს თუ არა ეს, რომ მესამე საქმეზე მსჯავრდებული ბაჩანა ახალია პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროს? ირაკლი სესიაშვილის პასუხი ამ შეკითხვაზე უარყოფითია.

„იმიტომ რომ ახალიას მიმართ სხვადასხვა საქმეებია აღძრული, მათ შორის, მას შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა და ამიტომ სააკაშვილმა შეიწყალა ისინი იმ ნაწილში, რომელშიც ისინი იქნენ ბრალდებულნი, ხოლო რომელ საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება და მათ შეფარდებული აქვთ აღმკვეთი ღონისძიება, ისინი დარჩებიან პატიმრობაში“, - აცხადებს ჩვენთან საუბარში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მიხეილ სააკაშვილმა პატიმრობაში მყოფი ივანე მერაბიშვილიც შეიწყალოს.

„შეწყალების აქტით სააკაშვილი, ფაქტობრივად, იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ჩადენილი ჰქონდათ მის მინისტრებს და რეჟიმის ყველა იმ მსახურს, რომლებმაც ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა დაამყარეს და ამ რეჟიმის შესანარჩუნებლად, სამწუხაროდ სჩადიოდნენ დანაშულებს, უგულებელყოფდნენ რა როგორც კანონებს, ისე ადამიანის უფლებებს.“

საპრეზიდენტო უფლებამოსილებას მიხეილ სააკაშვილი 17 ნოემბერს მოიხსნის - ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ასევე მალე დატოვებს თანამდებობას, უკვე რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მიმართაც არაერთი შეკითხვა აქვს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG