Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის პერსპექტივები


დავით კირვალიძე
დავით კირვალიძე
სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ორთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა დღეს გამართულ ბრიფინგზე და სფეროს განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა. მინისტრის თქმით, სოფლის მუერნეობისა და სოფლის განვითარება ახალი ხელისუფლების პრიორიტეტია, რასაც მოწმობს 61%-ით გაზრილი ბიუჯეტი და ასევე სპეციალური ერთმილიარდიანი ფონდის დაარსება. პირველ ეტაპზე, სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაცია იგეგმება, ასევე საგაზაფხულო სამუშაოებისთვის გლეხების, ფერმერებისა და ბიზნესმენების ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივას მინისტრი კოოპერატივების შექმნაშიც ხედავს. რას ფიქრობენ ამ საკითხზე ფერმერები და ეკონომისტები?

სოფლის მუერნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პრიორიტეტები ჩამოთვალა:

”დაწყებული ირიგაციით, დრენაჟით, მიწის გერისტრაციით, ტრაქტორების სერვისებით, ნედლეულის მომარაგებით, სურსათის უვნებლობის სამსახურით, კვლევისა და კონსულტაციის ცენტრებით - ის, რაც ყველას აძლევს სათანადო მხარდაჭერას”.

დავით კირვალიძის სიტყვებით, სამინისტროს გაზრდილი ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარი საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას მოხმარდება, რადგან ამ სისტემების არარსებობა მოსავლის შემცირების უმთავრესი ფაქტორია:

”საქართველოს რეალური პოტენციალი ფიზიკურად არსებული არხებით გააჩნია, რომ მორწყას 280 ათასიდან 300 ათას ჰექტრამდე. წელს, სამწუხაროდ, წყლის მიწოდება მხოლოდ 24 ათას ჰექტარზე მოხერხდა”.
სოფლის მეურნეობის მუშაკები, ფერმერები ხშირად სარგებლობდნენ ბანკის სესხებით. ეს იყო ძალიან მაღალპროცენტიანი. ჩვენ გვექნება 7 - მაქსიმუმ 8 -პროცენტიანი ...
დავით კირვალიძე

სოფლის მეურნეობის მინისტრის სიტყვებით, მომავალ წელს სარწყავის პოტენციალი გასამმაგდება, რაც საბიუჯეტო თანხებით მოხერხდება. ამას დაემატება მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარი და, აგრეთვე, დიდი ალბათობით, ჰოლანდიის მთავრობის გრანტის სახით თანადაფინანსება, რომლის ოდენობაც 60 მილიონი ევრო იქნება (თუმცა ჯერჯერობით უცნობია ამ თანხის რა ნაწილი გაიხარჯება). ეს თანხები მოხმარდება საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების რეაბილიტაციას.

მინისტრმა ისაუბრა მთავრობის მიერ დამტკიცებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის შესახებაც. ფონდის პრიორიტეტები იანვრისთვის განისაზღვრება. ამ ფონდში შევა ასევე სხვა საერთაშორისო შემოწირულობები, რაც მოხმარდება საგაზაფხულო სამუშაოებს და 60 ახალი გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 24 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფონდიდან 0-დან 3 პროცენტამდე საინვესტიციო კრედიტები გაიცემა; გაიცემა ასევე დაბალპროცენტიანი სამომხმარებლო სესხები:

”სოფლის მეურნეობის მუშაკები, ფერმერები ხშირად სარგებლობდნენ ბანკის სესხებით. ეს იყო ძალიან მაღალპროცენტიანი. ჩვენ გვექნება 7 - მაქსიმუმ 8 -პროცენტიანი, ერთწლიანი მაქვს მხედველობაში და არა საინვესტიციო, და ეს, ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეღავათი იქნება ფერმერებისათვის”.
არა მგონია, რომ მინისტრი უფრო კარგად ხედავდეს, ვიდრე მეზობლები, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან ...
პაატა შეშელიძე

ამასთან, ცვლილებებია მოსალოდნელი სოფლის მეურნეობაში საკანონმდებლო დონეზეც. საუბარი შეეხება მომზადების ეტაპზე არსებულ კანონს კოოპერაციების შესახებ. სოფლის მუერნეობის მინისტრის სიტყვებით, კოოპერატივები საქართველოში არსებული მიწების გადანაწილების გამოა პრიორიტეტული.

”საქართველოში 1 ჰექტარზე ნაკლები მიწის ნაკვეთი შეადგენს 3 მილიონ 500 ათას ერთეულს. თქვენ წარმოგიდგენიათ რამდენი პატარა დაქუცმაცემული მიწის ნაკვეთია გაბნეული საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომელთა მოვლა ძალიან ძნელია? ამას სჭირდება კონსოლიდირება, ეტაპობრივი გაერთიანება, რათა წარმოება წავიდეს უფრო კომერციული თვალსაზრისით”.

მინისტრის სიტყვებით, კახეთში,მაგალითად, შესაძლებელია შეიქმნას მევენახეების კოოპერატივი, რომლის საკუთრებაშიც იქნება ყურძნის გადამამუშავებელი ქარხანაც და ფერმერებისთვის მოყვანილი პროდუქციის ჩაბარების პრობლემა მოიხსნება. მინისტრისავე სიტყვებით, კოოპერატივების შექმნა ნებაყოფლობითი პროცესი იქნება. თუმცა კოოპერატივების თემაზე საუბრისას ”ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ ”რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი”:
აქნობამდე ყურძნის რეალიზაცია ჭირდა და ახლა, ამ ახალი მთავრობის პირობებში, რანაირად იქნება? თუ რუსეთის გზები გაიხსნა, მაშინ, მე მგონი, ღვინის ფასიც მოიმატებს და ყურძნისაც ...
გურამ ბერიკაშვილი

”თუ პერსპექტივა აქვს კოოპერაციას, ამას თვითონაც დაინახავდნენ მეურნეობები და შეეცდებოდნენ ამის გაკეთებას. არა მგონია, რომ მინისტრი უფრო კარგად ხედავდეს, ვიდრე მეზობლები, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან. რაც მთავარია, თუ ამ შემთხვევაში საუბარია იურიდიულ კოოპერაციაზე, მაგალითად, კოლმეურნეობის ტიპის მეურნეობის შექმნაზე ან კოოპერატივის ან სხვა რაიმე იურიდიული სტრუქტურის შექმნაზე, მაშინ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჩვეულებრივი სადაბეგვრო რეჟიმის საკითხია, ანუ როგორც სხვა ნებისმიერ შპს-ზე, ამაზეც გავრცელდება ჩვეულებრივი სადაბეგვრო რეჟიმი და ამიტომ უნდა ვიფიქროთ, ეს კარგია, მიმზიდველია თუ არა”.

პაატა შეშელიძე კოოპერატივებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მოყვანილი პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრების არსებობა. ამ აზრს იზიარებს ფერმერი და, ამავე დროს, ”გურჯაანის ნაყინის” დირექტორი გურამ ბერიკაშვილი. მისი ხედვით, გასაღების ბაზრების არარსებობის პირობებში კოოპერატივებს აზრი არ ექნება:

”აქნობამდე ყურძნის რეალიზაცია ჭირდა და ახლა, ამ ახალი მთავრობის პირობებში, რანაირად იქნება? თუ რუსეთის გზები გაიხსნა, მაშინ, მე მგონი, ღვინის ფასიც მოიმატებს და ყურძნისაც. თუ ასეთი პირობები იქნება, მაშინ, ალბათ, ხალხიც მოჰკიდებს ხელს ამ საქმეს”.

თავად სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის ბაზრის თემა ქართული ხილის, ბოსტნეულისა და ციტრუსისთვის აქტიურად განიხილება. უკვე მოსკოვშია მანდარინით დატვირთული ერთი კონტეინერი. დავით კირვალიძის სიტყვებით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს ყველა რაიონში გაიხსნება საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიც, რასაც ბიუჯეტიდან გამოყოფილი 7 მილიონი ლარი მოხმარდება. ცენტრების თანამშრომლების ფუნქცია იქნება გლეხებისთვის საჭირო კითხვებზე პასუხის გაცემა და სამინისტროს ინფორმირება მათი საჭიროებების შესახებ.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG