7 იანვარს სოჭის ოლიმპიური თამაშების დაწყებასთან ერთად მსოფლიოს წინაშე წარდგება მოკაშკაშე ახალი სტადიონები, ულტრათანამედროვე საბაგირო გზები და ახალდაგებული გზები. მაგრამ ამ ბრჭყვიალა ფასადის მიღმა სხვა - ბნელი - რეალობა იმალება. ადგილობრივ ხალხს სახლები და ცხოვრება ენგრევათ თავზე. სამშენებლო ბუმის პროცესში დაუნდობელი ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა მიგრანტი მუშახელი. და სოჭის უნიკალურ - ერთ დროს შეურყვნელ - ეკოსისტემას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა. უკანასკნელ სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის პირველი, და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული, ოლიმპიური თამაშების ნამდვილი ფასი ბევრად აღემატება ოფიციალურ ხარჯებს - 51 მილიარდ დოლარს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ტომ ბალმფორტმა მოინახულა სოჭი და შეეცადა მოკაშკაშე ფასადის უკან შეეხედა.
I ნაწილი
თამაშებისთვის მზადება და ადგილობრივ მოსახლეთა სირთულეები
ყველაფერი ღამით სახურავიდან კრამიტების ჩამოცვენით დაიწყო, რამდენიმე დღეში კი დმიტრი აბჟანის ოჯახის სახლი ერთ მხარეს გადაიხარა.
ამის მიზეზი იყო მეწყერი, რომელიც გამოიწვია სატვირთო მანქანების მიერ მათი სახლის ზემოთ, ფერდობზე, ნაგვის და სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრამ. ეს პროცესი ნაწილია მზადებისა სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის, რომელიც 7 თებერვალს უნდა დაიწყოს.
საქმე სასამართლოში მოხვდა და გადაწყდა, რომ აბჟანს კომპენსაცია ეკუთვნის, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. აბჟანი და მისი ოჯახი იძულებული არიან, იცხოვრონ დანგრევის პირას მისულ, დაღრეცილ და ხშირი თავბრუსხვევების გამომწვევ სახლში. 27 წლის აბჟანი მწარედ ხუმრობს, რომ მის სახლში ცხოვრება „კოსმოსში“ ყოფნას ჰგავს. ამბობს, რომ ხელისუფლებას არაერთი საჩივრით მიმართა, თუმცა უშედეგოდ.
“„საერთოდ არანაირი ქმედება არ ყოფილა. არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, ვის მივმართოთ, როგორ ვიცხოვროთ. ბავშვები იზრდებიან, მათ რაღაც მომავალი უნდა ჰქონდეთ. ახლა კი ისე გამოდის, რომ ჩვენ, - ხალხი, ვინც აქ დაიბადა და გაიზარდა, - ფაქტობრივად, უსახლკაროებად ვიქეცით," ამბობს აბჟანი.
ასეთია სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების ჩრდილოვანი მხარე. მზადება სარეკორდო თანხა - დაახლოებით 51 მილიარდი დოლარი - დაჯდა, თუმცა, ბზინვარე სტადიონების და სათხილამურო ობიექტების აგების პარალელურად, სოჭის იერსახის შეცვლამ ასობით ადგილობრივი მოქალაქის ცხოვრება თავდაყირა დააყენა - ხშირ შემთხვევაში, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ოლიმპიური თამაშებით მოგებულებს და წაგებულებს შორის არსებული უფსკრული განსაკუთრებით თვალშისაცემია გზაზე, რომელიც ზღვის სანაპიროს აკავშირებს კრასნაია პოლიანის სათხილამურო კურორტთან, სადაც ოლიმპიური თამაშების ბევრი ღონისძიება უნდა გაიმართოს. 50 კილომეტრის სიგრძის სამანქანო და სარკინიგზო მონაკვეთის გაყვანა 8 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. ჟურნალ Esquire-ის რუსულენოვანმა გამოცემამ იხუმრა კიდეც, რომ ამ ფასად მთელი გზის მოფენა შეიძლებოდა ლუი ვიტონის უძვირესი ხელჩანთებით, ხიზილალით ან ბატის ღვიძლისგან მიღებული დელიკატესით, ფუა გრათი.
გზიდან ორ კილომეტრში მდებარე სოფელი ახშტირი თამაშებისთვის მზადების დაწყების შემდეგ თეთრი მტვრით არის დაფარული. ჭები ამომშრალია, გაზი არ არის. ადგილობრივ ხალხს არ შეუძლია თავისი მოყვანილი ხურმა გაყიდოს, რადგან ხილი ცემენტის მტვრითაა დაფარული. მეტიც, კრასნაია პოლიანისკენ გზამ სოფლისთვის მიუწვდომელი გახადა ადლერის რეგიონისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. დაპირების მიუხედავად, მთავრობას არ გაუყვანია ახალ გზატკეცილთან დამაკავშირებელი გზა.
ეს დიდ პრობლემას უქმნის ვიქტორ კოლენინის მსგავს მდგომარეობაში მყოფ ხალხს. კოლენინი 65 წლის პენსიონერია, რომელიც, 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის შედეგად, შეზღუდული შესაძლებლობების პირად იქცა. კოლენინი წუხს, როგორ შეძლებს საავადმყოფოში სამკურნალოდ სიარულს და რამდენად დააზიანებს მის ფილტვებს მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი მტვერი.
კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები, 53 წლის ელენა რუნოვიჩი, ამბობს, რომ სამსახურიდან წამოვიდა, რათა თავისი ქალიშვილი სკოლაში ატაროს. სკოლამდე მისასვლელად დედა-შვილს მშენებარე ობიექტებისა და ორი გზატკეცილის გავლა უწევს.
კოლენინი, რუნოვიჩი და სოფლის სხვა მცხოვრებნი ახლახან ახშტირის ერთ-ერთ ძველ ჭასთან შეიკრიბნენ და რადიო თავისუფლებას იმ პრობლემებზე უამბეს, რომლებიც მათ ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებამ შეუქმნა.
“"დასვით კითხვა - რატომ ეძლევა ზოგიერთებს ყველაფერი, მაშინ როცა დანარჩენ მცხოვრებთ არაფერი აქვთ," ამბობს რუნოვიჩი.
“„ჩვენ ადლერის რაიონის ყველაზე სუფთა სოფელში ვცხოვრობდით. ახლა კი ის ნაგავსაყრელად აქციეს. ხელისუფლებას ეს მშვენივრად მოეხსენება, თუმცა არანაირი რეაქცია არ ყოფილა," აცხადებს ვიქტორ კოლენინი.
ბაქოს ქუჩაზე, სადაც აბჟანი ცხოვრობს, ადგილობრივ ხელისუფლებას სხვებიც სდებენ ბრალს. აბჟანების კარის მეზობელი, 85 წლის პოლინა კალაიჟანი, ცხოვრობს სახლში, რომელიც ერთ მხარესაა გადახრილი და ნელ-ნელა სულ უფრო ქვემოთ იწევს. მის გარდა ამ სახლში კიდევ 9 ნათესავი ცხოვრობს პოლინას 89 წლის ქმრის ჩათვლით. კომპენსაცია მათაც ეკუთვნით, თუმცა მისი მიღება ოჯახის ძალებს აღემატება.
„მივწერეთ პუტინს, მივწერეთ მედვედევს, მივწერეთ კრასნოდარის ადმინისტრაციას," ამბობს კალაიჟანი. "იქ გვიპასუხეს, ადგილობრივებმა მოგხედონო. ადგილობრივი ხელისუფლება კი ყურადღებას არ გვაქცევს - ამბობს, რომ არაფრით შეუძლია ჩვენი დახმარება."
მასობრივმა მშენებლობამ ქალაქში ენერგოკრიზისი გამოიწვია, შუქი ხშირად ქრება. როგორც ბლოგერი ოლგა აგალაკოვა წერს, სოჭში მთვარემ ახალი მნიშვნელობა შეიძინა.
„ეს მარტო მთვარე არ არის! ჩვენთან, იზმაილოვსკსა და სემიონოვსკში, ის სინათლის მთავარი წყაროა! ორი თვის განმავლობაში ყოველდღე თორმეტი საათით და უფრო მეტი ხნით თიშავენ დენს, ზოგჯერ ორი დღითაც!“
ბევრი მოუთმენლად ელოდება ოლიმპიური თამაშების დასრულებას, როცა ელექტროენერგიის მიწოდება გამოსწორდება და მტვერიც აღარ იქნება. მაგრამ ისინი, ვინც მატერიალური ზარალი ნახა, აბჟანის მსგავსად შიშობენ, რომ მათი პრობლემები აღარავის გაახსენდება.
„ჩვენ აქ ორი დღით არ ჩამოვსულვართ, აქ დავიბადეთ და გავიზარდეთ. მხოლოდ ჩვენ კი არა, ჩვენი პაპები და დიდი პაპებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ. ახლა კი, ჩვენდაუნებურად, უსახლკაროები ვხდებით და არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.“
„ბევრი თვალსაზრისით გვიხარია ოლიმპიური თამაშები - ეს კარგია, გაიყვანეს გზები და ასე შემდეგ. მაგრამ ადგილობრივი ხალხი არ უნდა გაანაწყენონ. თუ რაღაცას ართმევენ, სანაცვლოც მისცენ. და არა ასე: მოვიდნენ, დაანგრიეს, ხალხი უსახლკაროებად აქციეს; მერე ოლიმპიადა ჩაატარეს, აქედან გაემგზავრნენ და ყველაფერი დაივიწყეს", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში დმიტრი აბჟანი.
წყარო: რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება
II ნაწილი
ნაგავსაყრელი ჩირაღდნის ქვეშ
კრემლი პირობას დებდა, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები ისტორიაში ყველაზე ეკოლოგიური იქნებოდა. მაგრამ, ადგილობრივი მოსახლეობის თვალსაზრისით, ოლიმპიადა განსაკუთრებით ძვირად დაუჯდა რეგიონის ერთ უნიკალურ ბუნებას.
რიტა კრავჩენკოს, სოჭიდან 18 კილომეტრზე მდებარე სოფელ უჩ-დერეს მკვიდრს, ერთ დროს ძალიან უყვარდა შავ ზღვაში ცურვა, მაგრამ ამ სიამოვნებაზე საერთოდ უარი თქვა მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ, მორიგი ცურვის შემდეგ, კანზე ლაქები მოედო.
კრავჩენკო დარწმუნებულია, რომ კანის გაღიზიანება გამოიწვია წყლის დაბინძურებამ იმ ახლომდებარე გიგანტური ნაგავსაყრელიდან, რომელიც, აქტივისტების თქმით, ექვსი წლის წინ უნდა დახურულიყო.
დახურვის ნაცვლად, სოჭის ოლიმპიადისთვის საჭირო სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ნაგავსაყრელი კიდევ უფრო გაფართოვდა.
ნაგვის გორები იწვის და ბოლავს, ამ კვამლის მავნე ზემოქმედების შორსმიმავალი შედეგების თავიდან ასაცილებლად მახლობლად მცხოვრებლებმა სახლებიც კი დატოვეს. ნამწვავი და ნაგავი ნალექს ჩააქვს მდინარე ბუხტაში, რომელიც კოკა-კოლისფრად მოედინება და შავ ზღვას უერთდება.
ეს პირქუში რეალობა მკვეთრ კონტრასტშია კრემლის დაპირებებთან, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა გარემოსთვის ყველაზე უფრო ნაკლებად მავნე იქნებაო. ამ დაპირებებს, რომელთაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მანტრასავით იმეორებდნენ, ოფიციალური მედიისგან ახლაც ხშირად გაიგებთ.
მთავრობის დაპირებებს ცარიელ სიტყვებს უწოდებს ჩრდილოეთ კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის აქტივისტი იულია ნაბერეჟნაია.
„მსოფლიო საზოგადოებისათვის ლამაზად მომზადებული ეს მათი ანგარიშები უბრალო პროპაგანდა და პლაკატებია, რაც მხოლოდ ლამაზ ფასადს აჩვენებს,“ ამბობს ნაბერეჟნაია.
ვლადიმირ პუტინის საყვარელი პროექტით გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე საუბარი აქტივისტებს სახიფათოდ შემოუბრუნდათ. ერთი აქტივისტი მუდმივი შეურაცხყოფის გამო იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მეორე კი ვანდალიზმის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მიუხედავად ამისა, ისინი ფარ-ხმალს არ ყრიან. ამ აქტივისტების აზრით, კრემლი არად დაგიდევს რეგიონის მთავარ სიმდიდრეს, უნიკალურ ეკოლოგიურ გარემოს, და მისი განადგურების ხარჯზე სურს, ოლიმპიური თამაშები გამოიყენოს სოჭისთვის ძველი პოპულარობის დასაბრუნებლად და ზამთრის კურორტად მის გადასაქცევად.
სოჭმა საკურორტო ქალაქის სტატუსი 1930-იან წლებში, იოსებ სტალინის მმართველობის დროს, მოიპოვა. მას ჰქონდა მყარი რეპუტაცია ეკოლოგიურად სუფთა კურორტისა, რომლის სანატორიუმებშიც უბრალო ადამიანს შეეძლო დაესვენა და ემკურნალა. აქ, მთებში, გარეული ტახები დარბოდნენ, ზღვაში კი დელფინები დაცურავდნენ.
საბჭოთა სარეკლამო ვიდეო სოჭის შესახებ. 1973 წ.
როგორც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების სოჭის სექციის წარმომადგენელი მიხაილ პლოტნიკოვი ამბობს, ეს დრო ისტორიას ჩაბარდა.
„ჩემი აზრით, ქალაქს, როგორც კურორტს, ჯვარი უნდა დავუსვათ. ვინ წავა დასასვენებლად ასეთ ხმაურიან, აწრიალებულ და ავტომობილებით გადაჭედილ ქალაქში? ზღვაზე რომ მოხვდე, ორი საათი საცობში გიწევს ყოფნა. რა თქმა უნდა, ბევრი სანატორიუმი დარჩა, ისინი ახლაც მოქმედებს, მაგრამ ადრე მილიონობით ადამიანი მოდიოდა სოჭში და ეს არ ახდენდა ზეგავლენას გარემოზე. ახლა თითქოს ეს მილიონები აღარ არიან, მაგრამ, ამავე დროს, გარემო ძალიან სერიოზულად დაზარალდა," ამბობს პლოტნიკოვი.
რადიო თავისუფლებასთან სამთო-სათხილამურო კურორტ კრასნაია პოლიანაში საუბრისას გარემოს დამცველი ნაბერეჟნაია მიგვანიშნებს 48-კილომეტრიან გზაზე, საბაგირო გზებზე, რომლებიც სერავს მთის ფერდობებს, და გარშემო მოფენილ სასტუმროების კომპლექსებზე, რაც აშკარად მეტყველებს, რომ დაპირება, სამშენებლო პროცესს მინიმალური გავლენა მოეხდინა გარემოზე, ვერ შესრულდა.
წყარო: რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება
ადგილობრივი მოსახლეების თქმით, საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან გამოდევნილი დათვები მეზობელ სოფლებში შედიან. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების სოჭის სექციის ხელმძღვანელის ფელიქს ივანენკოს თქმით, გარემოსათვის მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია - სარეკონსტრუქციო სამუშაოებმა სოჭის ეროვნული პარკის ათი ასასამდე ჰექტარი შეიწირა.
ეკოლოგების შეფასებით, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს რუსეთში გამოცხადებული სახელმწიფო პროგრამა, სახელწოდებით „ნულოვანი ნარჩენები“. მიუხედავად არაერთი დაპირებისა, რომ 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის წინ ქალაქში ნაგავი აღარ გადაიყრებოდა და იგი გადამუშავდებოდა, დადასტურდა ქალაქის სიახლოვეს მრავალი არალეგალური ნაგავსაყრელის არსებობა.
მათ შორისაა ისეთი ადგილები, როგორიცაა, მაგალითად, უჩ-დერეს ნაგავსაყრელი, სადაც ნაგავს 2013 წელსაც ყრიდნენ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი ოფიციალურად დაიხურა 2012 წელს. სოფელ ახშტირში გარემოს დამცველებმა ნოემბერში ოფიციალურად გაასაჩივრეს დაცული წყლის ზონაში სამრეწველო ნარჩენების ჩაშვება.
ამჟამად სოჭიდან ნაგავი გააქვთ 250 კილომეტრზე მდებარე ბელორეჩენსკის ნაგავსაყრელზე. გარემოს დამცველები შიშობენ, რომ ეს ძვირადღირებული დროებითი ზომა ოლიმპიური თამაშების დასრულებისთანავე შეწყდება.
ეს ამბები, რომლებიც მკვეთრად ეწინააღმდეგება ოფიციალურ ვერსიას, ვერასოდეს გახდებოდა ცნობილი ადგილობრივი აქტივისტების გარეშე.
მათი ინფორმაციით, ისინი შევიწროებას განიცდიან: გაურკვეველი მიზეზის გამო შუა საუბრისას სატელეფონო ხაზების გათიშვით დაწყებული და პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკითა და სისხლის სამართლებრივი დევნით დამთავრებული.
ადგილობრივი გარემოსდამცველის, ვლადიმირ კიმაიევის თქმით, გაზაფხულზე პოლიციამ მისი ბინა გაჩხრიკა. ჩრდილოეთ კავკასიის გარემოსდაცვითი მონიტორინგის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ანდრეი რუდომახა 31 ოქტომბერს მოკლე ხნით დააპატიმრეს მოსამართლის წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით. რუდომახას თქმით, ეს მასზე ზეწოლის ტაქტიკა იყო.
რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთი აქტივისტი, დმიტრი შევჩენკო, მას მერე, რაც სანკტ-პეტერბურგიდან რეგიონის დედაქალაქ კრასნოდარში დაბრუნდა თვითმფრინავით, უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი საათით დააკავეს თითქოს ძებნილ ტერორისტთან მსგავსების გამო.
შევიწროებამ გარემოს დამცველებს უბიძგა, შეკავშირებულიყვნენ.
ნოემბრის ბოლოს, გამთენიისას, ნაბერეჟნაია და კიდევ ერთი სოჭელი აქტივისტი ოლგა ნოსკოვეცი, დილის მატარებლით მიემგზავრებოდნენ ტუაფსეში, სადაც გარემოსდამცველ ევგენი ვიტიშკოს სასამართლო პროცესს უნდა დასწრებოდნენ. ვიტიშკოს შეწყალების პირობების დარღვევა ედებოდა ბრალად.
ვიტიშკოს, ოლიმპიადისთვის მზადების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ კრიტიკოსსა და ჩრდილოეთ კავკასიის გარემოსდაცვითი მონიტორინგის ორგანიზაციის წამყვან წევრს, 2012 წელს პირობით მიუსაჯეს სამწლიანი პატიმრობა ვანდალიზმის ბრალდებით. საპროტესტო აქციის დროს, რომლის ორგანიზებაშიც მონაწილეობდა ის, საღებავით დააზიანეს კრასნოდარის გუბერნატორის რეზიდენციის შენობა. თუმცა ვიტიშკო ამბობს, რომ ამისთვის არ არის პასუხისმგებელი.
ფოტო: ანდრეი კოროლიოვი, რთე/რთ
კიდევ ერთი გარემოს დამცველი, სურენ ღაზარიანი, რომელსაც იგივე ბრალდება ჰქონდა წაყენებული, ქვეყნიდან გაიქცა - ჯერ ესტონეთში, შემდეგ საქართველოში. ვიტიშკო დარჩა და 21 დეკემბერს სასამართლომ მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ვიტიშკომ სასამართლოს სხდომის მიმდინარეობისას რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკური დევნა უწოდა და თქვა, უბრალოდ, ხელისუფლებას „არ სურდა ბევრი მელაყბაო“.
“„ჩემი სისტემატური საქმიანობა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ აქაურ ხელისუფლებას სურს აჩვენოს, ვინ არის ვითარების ბატონ-პატრონი და სურს ჩამაჩუმოს,“ ამბობს ვიტიშკო.
ამასობაში რეგიონის უიმედო მოსახლეები, როგორიცაა, მაგალითად, კრავჩენკო, იძულებული არიან, ნაგავსაყრელის სიახლოვეს გააგრძელონ ცხოვრება.
„ერთადერთი იმედია, რომ მეტ ნაგავს არ მოიტანენ და არ დაყრიან აქ. მაგრამ თუკი ერთ მხარეს გადაქანდება, მაშინ ის დაფარავს მდინარეს და ყველაფერი ზღვაში ჩავა. და მაშინ ყოველგვარი იმედი გაქრება,“ ამბობს კრავჩენკო.
წყარო: რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება
III ნაწილი
ექსპლუატირებულები: სოჭის მოტყუებული მიგრანტები
როცა სოჭში ოლიმპიური ბუმი დაიწყო, ქალაქს ათასობით ადამიანმა მიაშურა სამსახურის შოვნის იმედით. სამსახური შესაძლოა იშოვეს კიდეც, მაგრამ, როგორც ირკვევა, ბევრი მათგანი აღმოჩნდა თაღლითური ფირმების მახეში.
28 წლის ევგენი პოდრეზოვი ორი წლის წინ ჩავიდა სოჭში სამუშაოდ. ვალის გასასტუმრებლად ფული უნდა ეშოვა, შინ კი, დონის როსტოვში, სამსახურს ვერ პოულობდა. ახლა მას კიდევ უფრო მეტი ვალი დაუგროვდა. მიზეზი? სოჭში პოდრეზოვისთვის არავის გადაუხდია დაპირებული ხელფასი.
კერძო სამშენებლო კომპანია, რომელშიც პოდრეზოვი მუშაობდა, მოულოდნელად იქნა ლიკვიდირებული. „აორთქლდა“ ადამიანიც, რომელიც კომპანიის გენერალური დირექტორის სახელით გამოდიოდა.
პოდრეზოვის ბედი ეწია ამ სამშენებლო კომპანიაში დასაქმებულ ყველა, 110-მდე კაცს. მათთვის 3,5 მლნ რუბლი (106 ათასამდე დოლარი) უნდა გადაეხადათ.
სოჭში სამუშაოდ ორენბურგიდან ჩასული რომან კუზნეცოვი ისეთ სასოწარკვეთამდე მივიდა, რომ ოქტომბერში პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
სოჭში მოტყუებულ და სასოწარკვეთილ მიგრანტ მუშებზე მსგავსი ამბები ჩვეულებრივი რამაა. ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისათვის გამოყოფილი უზარმაზარი თანხები და ობიექტების ჩასაბარებლად მკაცრად განსაზღვრული ვადები, როგორც ჩანს, მშვენივრად გამოიყენეს სახელდახელოდ შექმნილმა კომპანიებმა მიგრანტი მუშების ხარჯზე.
რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან და მეზობელი ქვეყნებიდან სოჭში ჩასული ათიათასობით ადამიანი გახდა თაღლითებისა და კორუფციის მსხვერპლი.
მსხვერპლის ნაწილი რუსები არიან, როგორც ზემოხსენებული პოდრეზოვი და კუზნეცოვი, თუმცა ბევრია უცხოელი მიგრანტი და მათი ნაწილი - გარდა იმისა, რომ ხელფასი თვალით არ უნახავს - რუსეთიდან დეპორტირებულ იქნა სამუშაოს შესრულების შემდეგ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაცია და კანონის“ სოჭის ფილიალის დირექტორის, სემიონ სიმონოვის თქმით, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანიები თავიდან იშორებენ მუშებს. „ჯერ ერთი, ხელფასს არ უხდიან, მეორეც - აძევებენ, მათზე ზეწოლას ახდენენ, რომ თვითონვე წავიდნენ. მაშინაც კი, როცა აქვთ დოკუმენტები, როცა ყველაფერი წესრიგშია - ხალხი იძულებულია წავიდეს,“ ამბობს სემიონოვი.
ორგანიზაციას, რომელიც ივლისიდან მუშაობს შუააზიელი მიგრანტების პრობლემებზე, ათასობით ადამიანი მიაწყდა იურიდიული დახმარების თხოვნით.
მაგრამ ადვოკატმა ალექსანდრ პოპკოვმა იცის, რამდენად ძნელია სამართლებრივი ბრძოლა თაღლითურ კომპანიებთან. ისინი შუამავალ კომპანიებს იყენებენ, როგორც "მატრიოშკების უსასრულო რიგს".
48 წლის ბახშილო ბოზოროვი უზბეკი მიგრანტია და მრავალი წელია, რუსეთში მუშაობს. ის შარშან გაზაფხულზე ჩავიდა სოჭში. ორი თვე იყო დასაქმებული ოლიმპიურ სოფელში სასტუმროს მშენებლობაზე, მაგრამ სამსახურზე უარი თქვა მას შემდეგ, რაც დამსაქმებელმა - მოსკოვში დაფუძნებულმა კერძო კომპანიამ - დაპირებული ხელფასის მხოლოდ ნახევარი გადაუხადა.
ბოზოროვს იმედი ჰქონდა, რომ იურისტის დახმარებით შეძლებდა კუთვნილი თანხის მიღებას, მაგრამ ოლიმპიური თამაშების მოახლოების გამო სოჭიდან გამგზავრება ამჯობინა. დოკუმენტები წესრიგში აქვს, მაგრამ ეშინია, რომ პრობლემებს შეუქმნიან, ეშინია დეპორტაციის. ასეთ შემთხვევაში, ხუთი წელი ვეღარ შეძლებდა რუსეთში სამუშაოდ დაბრუნებას.
სექტემბერში კრასნოდარის რეგიონულმა ხელისუფლებამ დაიწყო „არალეგალური მიგრანტების“ წინააღმდეგ კამპანია, რომელიც პოპულისტურ ნაციონალისტურ კამპანიას დაემთხვა. ადგილობრივი მოსახლეობის თანახმად, პოლიცია კაზაკების თანხლებით დადიოდა კარდაკარ და საბუთებს ამოწმებდა.
მიგრანტები, რომლებმაც ისტორიაში უძვირესი ოლიმპიური თამაშების ინფრასტრუქტურის შექმნაში მიიღეს მონაწილეობა, უხილავ მსხვერპლად იქცნენ - ბევრმა მათგანმა ისე დატოვა სოჭი, რომ მათთვის შრომა არ აუნაზღაურებიათ.
2013 წლის ბოლო თვეებში სოჭში ათასობით მიგრანტი დააკავეს. ბევრი მათგანი ისე იქნა დეპორტირებული, რომ ხელფასი არ აუღია.
ბოზოროვის თქმით, ის და მისი თანამემამულეები რისკს თავს არიდებენ. სოჭის დატოვებამდე ერთი დღით ადრე ესაუბრა რადიო თავისუფლებას.
„ბევრი იქნა დეპორტირებული. ჩვენთან ერთად ერთი კაცი მუშაობდა. ისიც დეპორტირებულია. გუშინწინ გაგზავნეს თვითმფრინავით. ამიტომ გვეშინია ქუჩაში გასვლის,“ თქვა უზბეკმა მიგრანტმა.
პროექტზე მუშაობდნენ
ტექსტი და რეპორტაჟები: ტომ ბალმფორტი; ფოტოები: აბას ატილაი, რთე/რთ-ის აზერბაიჯანული სამსახური; ვიდეო: ჯავანშირ აღამალიევი, რთე/რთ-ის აზერბაიჯანული სამსახური; ლიუბოვ ხიჟოვა და ნიკიტა ტატარსკი, რთე/რთ-ის რუსული სამსახური; ფოტოპროდუქცია: ლუციე სტეინცლოვა; ვიდეოპროდუქცია: პაველ ბუტორინი. რუკების მონაცემები: Mapbox.com; ტექსტური პაკეტის პროდიუსერი: გლენ კეიტსი; პროგრამული უზრუნველყოფა: იან რადლი; თარგმანი: სალომე ასათიანი, კობა ლიკლიკაძე, ბიძინა რამიშვილი, მარიამ ჭიაურელი.