Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიბერე ხანდაზმულთა პანსიონატებში


პანსიონატი „ჩემი ოჯახი“
პანსიონატი „ჩემი ოჯახი“

ამჟამად, სახელმწიფო დაფინანსებით, სპეციალურ პანსიონატებში 350-მდე ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს. რადგან სახელმწიფოს მეტი საშუალება არა აქვს, ადგილების გათავისუფლებას კიდევ 150-მდე ხანდაზმული ელოდება. როგორ ხვდებიან ხანდაზმული ადამიანები პანსიონატებში, როგორ ცხოვრობენ ისინი, რა სახის სერვისებს სთავაზობს მათ სახელმწიფო და რამდენად არის დაცული ხანდაზმულთა უფლებები საქართველოში?

(ისმის სიმღერა) სადარდებელი ბევრი აქვთ, მაგრამ მაინც მღერიან... გლდანში, გიორგი წმინდის დასახლებაში მდებარე ხანდაზმულთა პანსიონატში - სახელად „ჩემი ოჯახი“ - ამჟამად შვიდი ქალი ცხოვრობს... მათ ერთ დროს ყველაფერი ჰქონდათ: პროფესია, საყვარელი საქმე, სახლი, ოჯახი, მეგობრები, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგონებად იქცა. მათ უმრავლესობას შვილები და შვილიშვილებიც ჰყავს, მაგრამ სახლში ხანდაზმულთა ადგილი არ გამოინახა - ზოგს საკუთარ ჭერქვეშ სხვა მიზეზით არ დაედგომებოდა, ზოგს კი ამჟამად აღარც სახლი აქვს. რეალობა საკმაოდ მწარეა, მაგრამ ხანდაზმულები მაინც ცდილობენ, რომ ფარ-ხმალი არ დაყარონ და ცხოვრებაზე არ გაბრაზდნენ:

სიბერე ხანდაზმულთა პანსიონატებში
please wait

No media source currently available

0:00 0:09:00 0:00
გადმოწერა

ლუარა: ვიცოდი, რომ გაიხსნა (პანსიონატი) და წამოვედი პირდაპირ, სამსახურში აღარ ვმუშაობდი და... მერჩივნა, რომ ხალხში ვყოფილიყავი... ძალიან კარგ ხალხში მოვხვდი და ძალიან ბედნიერი ვარ./ თამარი: კარგადა ვართ ერთმანეთში, გვიყვარს ერთმანეთი სულ ყველას, ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიყოფთ... ცუდად თუ გახდება ღამე რომელიმე, მაშინვე წამოვხტებით - აბა რა გინდა და... მაია (ახალაძე) გადაყოლილია ყველაზე... გავდივართ ხოლმე ეზოში და ვსაუბრობთ... ლოტოც გვაქვს და ყველაფერი და ხანდახან ვთამაშობთ... ჩემ ტოლებში რატომ მირჩევნია, იცით?! სახლში შენ შვილებს არ ცალიათ შენთვის.../ ნათელა: კარგი გოგოები არიან აქ ყველანი, მხოლოდ გასათხოვარი გვყავს ორი გოგო და კარგი კაცები გვინდა სიძეთა (იცინიან)...

სოციალურად დაუცველ შვიდ ხანდაზმულ ქალს - თამარს, ლუარას, სამ ნათელას, გილიკოსა და ნაზიკოს პანსიონატ „ჩემი ოჯახის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მათი მესაიდუმლე მაია ახალაძე უვლის. მას ამ საქმეში მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ეტაპზე მას პანსიონატში ხუთი ადამიანი ეხმარება, მათ შორის: მზარეული, ღამის ექთანი და მზრუნველი:

„ჩვენს მომსახურებაში შედის 24-საათიანი მეთვალყურეობა-სერვისი, სამჯერადი სრულფასოვანი კვება: საუზმე, სამ კომპონენტიანი სადილი, ვახშამი... პირველადი სამედიცინო დახმარება შედის...მერე თუ გადასაყვანია საავადმყოფოში და თუ ამბულატორიაა საჭირო, ესენი 218-ე დაზღვევით სარგებლობენ და აბსოლუტურად ყველაფერს უკეთებენ უფასოდ და მე ვარ ძალიან კმაყოფილი“.

„ჩემი ოჯახი“ ერთ-ერთია საქართველოში დღეს არსებულ საოჯახო ტიპის13 პანსიონატს შორის, რომლებსაც, სახელმწიფოს დაფინანსებით, არასამთავრობო სექტორი მართავს. გარდა ამისა, სახელმწიფოს თავადაც აქვს ორი დიდი ზომის ხანდაზმულთა პანსიონატი - თბილისსა და ქუთაისში. სოციალურად დაუცველთათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 ათასზე ნაკლებია, სახელმწიფო დაფინანსება სრულია და ყოველდღიურად 16 ლარს შეადგენს, ხოლო უფრო მაღალი ქულების შემთხვევებში, დღიური თანადაფინანსება სამ ან ხუთ ლარს შეადგენს. ქვეყანაში ფუნქციონირებს ასევე კერძო პანსიონატები, სადაც მომსახურება დღეში 16-დან 50 ლარამდე მერყეობს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, ამჟამად საქართველოში მცხოვრები 700 ათასი ხანდაზმული ადამიანიდან, სახელმწიფოს დაფინანსებით, პანსიონატებში 350-მდე ხანდაზმული ცხოვრობს, თუმცა თავის რიგს კიდევ 150-მდე ხანდაზმული ელოდება. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლის ამირან დათეშიძის თქმით, სახელმწიფოს ხარჯზე პანსიონატებში მოსახვედრად უპირატესობა ენიჭებათ ხანდაზმულებს, რომლებსაც არ ჰყავთ შრომისუნარიანი მეუღლე ან შვილი. თუმცა არის სხვა მიზეზებიც:

„ძირითადი მიზეზია ეკონომიკური მძიმე მდგომარეობა, უსახლკარობა, სიდუხჭირე. არის შემთხვევები ოჯახში ძალადობის, როდესაც ხანდაზმულებს არაფრის საშუალებას არ აძლევენ... და ასევე, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ჩვენთან ხვდებიან გადაუდებელი შემთხვევების გამო, რაშიც იგულისხმება სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთან შეუთავსებელ პირობებში არსებობა - მაგალითად, როცა ქუჩაში ხვდება ხანდაზმული. ამ დროს შემოდის ჩვენთან შეტყობინება, ჩვენთან მოქმედი სპეციალიზებული კომისია ასეთ შემთხვევებს შეისწავლის და გადაუდებელი წესით ხდება ხანდაზმულის განთავსება ასეთი ტიპის დაწესებულებებში“.

ვიდრე ხანდაზმული ადამიანი პანსიონატში მოხვდება, ჯანდაცვის სამინისტრო თითოეულ შემთხვევას შეისწავლის და შვილებს მშობლების მიმართ არსებულ ვალდებულებებსაც შეახსენებს. თუმცა ხშირად ეს აბსოლუტურად უშედეგოა, რადგან ზოგიერთი შვილი ასეთ ვალდებულებებს საერთოდ არ აღიარებს. შვილების უმადურობასა და ადამიანების წარმოუდგენელ არაადამიანობაზე ბევრი რამ სმენია მაია ახალაძესაც. როგორც ის გვეუბნება, პანსიონატში წლების განმავლობაში მცხოვრებ ხანდაზმულთა უმრავლესობის ქონება შთამომავლობამ მიითვისა და მათ საპენსიო ბარათებიც კი ჩამორთმეული აქვთ. ხდება ისეც, რომ მაიას ხანდაზმულების დასაფლავებაც უწევს:

მაია ახალაძე
მაია ახალაძე

„როდესაც ხანდაზმულები ასეთ დაწესებულებაში ირიცხებიან, სოციალურად დაუცველთა ბაზაში აღარ არიან. შესაბამისად, როდესაც სოციალურად დაუცველად აღარ ითვლება, მას სახელმწიფო უკვე აღარ ეხმარება გარდაცვალების შემთხვევაში, ვგულისხმობ - მიწის მოზომვას, სასახლეს და ასე შემდეგ, რაც გაპატიოსნებას სჭირდება... და ამ ყველაფერს ვაკეთებ ჩემი სახსრებით. თუკი მოხუცს დაბარებული აქვს, რომ სადღაც არის მისი სასაფლაო და იქ მიგესვლება და გაიჭრება... თუ არადა, აქ არის სასაფლაო და ვაკეთებ იმას, რაც უნდა გავაკეთო...“

შთამომავალთა უმადურობის დამადასტურებელი ფაქტების ფონზე, ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ საქართველოში კიდევ დიდხანს ჩაითვლება სირცხვილად მოხუცი მშობლების გამწესება პანსიონატებსა თუ მოვლის ცენტრებში. შესაბამისად, ეს მიდგომა ბარიერებს უქმნის იმ ხანდაზმულებს, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ ასეთ დაწესებულებათა სერვისები - თუნდაც იმიტომ, რომ მარტოსულად და უფუნქციოდ არ იგრძნონ თავი. თუმცა შვილები მშობლებს ხშირად გაუსაძლის პირობებში ამყოფებენ და არსად უშვებენ, საზოგადოებისგან გაკიცხვის შიშით. სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს რადიო თავისუფლებასთან აღმასრულებელი დირექტორი კოალიციისა „შინმოვლა საქართველოში“ - უჩა ვახანია:

„ჩვენ 20 წლის განმავლობაში უფასოდ ვაწვდიდით სერვისს ბინაზე უცხოური დონორების დაფინანსებით და ხშირად იყო ხოლმე, რომ გვიჭირდა პაციენტების მოძიება - მიდიხარ, ხედავ, რომ ადამიანი არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ გეუბნება: არა, ბაბუ, მე ძალიან კარგად მივლიან ჩემი შვილიშვილები. ეს არის ოჯახის ღირსების საქმე ტრადიციულად და ეს რჩება ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში... ცდილობენ, რომ პრობლემა გარეთ არ გამოვიდეს. არადა, ახალი რეალობა გვაიძულებს, რომ რაღაცნაირად მომზადებული დავხვდეთ ამას და მათ შორის - დაწესებულებებითაც კი... ხანდაზმულობა, წესით, როგორც შემოდგომა და ზამთარი ცხოვრებისა, უნდა იყოს ყველაზე ბედნიერი - როდესაც უკვე შენი მონაგარით და შენი ნაშრომით სიამოვნებ და ასრულებ იმ ციკლს, რომელსაც ცხოვრება ჰქვია“.

ექსპერტებისთვის ცხადია, რომ დღეს საქართველოში ხანდაზმულთა უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. პრობლემა ძალიან ბევრია და უზარმაზარი განსხვავებაა ევროპის პრაქტიკასთან შედარებით. დიდი პრობლემაა ისიც, რომ ხანდაზმული ადამიანები ვერ განკარგავენ ცხოვრების მანძილზე დაგროვილ ქონებას. იმის გამო, რომ ეს ქონება შთამომავლობას უნდა დაუტოვონ, ხანდაზმულები ხშირად აზრადაც კი არ გაივლებენ, რომ, ვთქვათ, 4-ოთახიანი ბინა 3-ოთახიანში გადაცვალონ და იმ ერთი ოთახის ფული მაინც მოიხმარონ თავიანთი ინტერესებისთვის - უზრუნველად გაატარონ სიბერე და ღირსეულად მოუარონ საკუთარ თავს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG