Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა უმცირესობის კითხვებს უპასუხა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
18 მარტს საქართველოს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ეწვია და საპარლამენტო უმცირესობის კითხვებს უპასუხა. ქვეყანაში შექმნილი კრიმინოგენური ვითარება ამნისტიის შემდეგ, საკადრო პოლიტიკა და ნეპოტიზმი, გათავისუფლებული პოლიტპატიმრები, საფრთხეები სამცხე-ჯავახეთში, ბარბარე რაფალიანცის გახმაურებული მკვლელობის საქმე -საპარლამენტო ოპოზიციას შს მინისტრისთვის არაერთი მწვავე შეკითხვა ჰქონდა მომზადებული. შეხვედრამ დაახლოებით ორ საათს გასტანა.

18 მარტს პარლამენტის უმცირესობასთან შეხვედრაზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი მინისტრობის ოთხთვიანი პერიოდი მიმოიხილა და თქვა, რომ, მიუხედავად განხორციელებული საყოველთაო ამნისტიისა, საქართველოში კრიმინოგენური ვითარება არ გაუარესებულა.

გიორგი ბარამიძე, რომელმაც კითხვა-პასუხი გახსნა, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესების საფრთხეს შეეხო. მან IRI-ის ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევა დაიმოწმა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობაში გაჩნდა აზრი, რომ ეს საფრთხე შესაძლოა არსებობდეს. ამ აზრის გასამყარებლად ბარამიძეს არც 18 მარტს დილით მომხდარი ტაქსის მძღოლის მკვლელობის ფაქტი დავიწყებია. ბარამიძის კრიტიკა შინაგან საქმეთა სამინისტროში კადრების უკონკურსოდ აყვანის საკითხსაც შეეხო.
ღარიბაშვილმა თქვა, რომ ამ კითხვაზე ახალ ხელისუფლებას აქვს პასუხი, ახსნა მოეძებნება ხალხის განწყობასაც. მან კონკრეტული სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა და თქვა, რომ განსაკუთრებული საქართველოში არაფერი ხდება:

”ქვეყანაში მართლაც უპრეცედენტო ამნისტია განხორციელდა, რის შედეგადაც დაახლოებით 8 000 ადამიანი გამოვიდა გარეთ. ამას დაემატა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული დაახლოებით 2000-ზე მეტი პატიმარი, მათ შორის მძიმე დანაშაულისათვის გასამართლებული პირებიც. ეს, ცხადია, არის იმის მიზეზი, რომ ასეთი ნეგატიური ფონი შეიქმნა საზოგადოებაში და ამას ემატება თქვენ მიერ გამიზნულად გაკეთებული განცხადებები, რომ კიდევ უფრო დაძაბოთ საზოგადოება და აჩვენოთ, რომ რაღაც საშინელება ხდება. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და როდესაც არ გაქვთ რეალური ფაქტები, ძალიან გთხოვთ, რომ მათ გარეშე, ასე უსაფუძვლოდ მოსახლეობას კიდევ ნუ დავძაბავთ”.
პავლე კუბლაშვილი
პავლე კუბლაშვილი

უმცირესობას აინტერესებდა თენგიზ გუნავას საქმეზე მინისტრის მოსაზრება. ეს კითხვა ღარიბაშვილს პავლე კუბლაშვილმა დაუსვა:

”თქვენ, როგორც შს მინისტრმა, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ თენგიზ გუნავასათვის იარაღის და ნარკოტიკის ჩადების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე ბოლომდე მისულიყო? თქვენ რა კვალიფიკაციას მისცემდით ამ საქმეს? რა არის ეს - უკანონო ჩხრეკა, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია თუ უკანონო დაკავება და უფლებამოსილების გადამეტება, თუ ყველა ერთად? ამას ისიც ემატება, რომ ამის მერე, რაც იარაღისა და ნარკოტიკის გამო მისი ბრალეულობა არ დადასტურდა, საიდანღაც გაჩნდა ახალი ბრალდება ბენზინის ტალონებთან დაკავშირებით. ეს რაღაა?”

ღარიბაშვილმა შეკითხვას უპასუხა, თუმცა მისი განმარტება უმცირესობისათვის არ აღმოჩნდა ნათელი:

”ოფიციალური ვერსიით, მას ჰქონდა იარაღი და ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ მოგვიანებით გენინსპექციის გამოძიებამ დაადგინა, რომ არ დადასტურდა მას იარაღი ჩაუდეს თუ არ ჩაუდეს. თუ სხვა კითხვები გაქვთ, გამომძიებელ ორგანოს მიმართეთ”.

”ესე იგი გამოდის, რომ ადამიანს უკანონო იარაღი ჰქონდა და თუ არ ჩაუდეს იარაღი და მას ჰქონდა, მაშინ ის დასაჭერია”, - იყო პავლე კუბლაშვილის რეპლიკა.

მე ვადასტურებ, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და, მათ შორის, ჩახალიანის შემთხვევაშიც ჩემი და პარლამენტის პოზიცია ერთმანეთს არ ემთხვეოდა. თუმცა პარლამენტს ცოტა დრო ჰქონდა და დაჩქარებული წესით ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო...
ირაკლი ღარიბაშვილი

უმცირესობის კიდევ ერთი წევრი, ირმა ნადირაშვილი, ნეპოტიზმის საკითხით დაინტერესდა და ირაკლი ღარიბაშვილს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული მისი ნათესავებისა და მათი მეგობრების სია წარუდგინა და განმარტება მოსთხოვა:

”მაგალითად, შს მინისტრის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის და, თამარ თამაზაშვილი, დაინიშნა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად; მისი მეუღლე, ვასიკო აბულაშვილი, დაინიშნა კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლისწყაროს სერვისცენტრში აღრიცხვის სამსახურის უფროსად და ა.შ..."


ღარიბაშვილმა ნადირაშვილს რამდენჯერმე მოუწოდა, რომ შეეწყვიტა ამ სიის ჩაკითხვა, შემდეგ კი თქვა, რომ ეს საკითხი არ არის საინტერესო და, სამაგიეროდ, ღარიბაშვილმა უმცირესობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ასევე საჯარო სამსახურებში დასაქმებული ნათესავები შეახსენა.

უმცირესობა დაინტერესდა, როგორ აფასებს შს მინისტრი ციხიდან ისეთი ადამიანების გამოშვებას, როგორიც ვაჰაგნ ჩახალიანია, და იზიარებს თუ არა მინისტრი აზრს, რომ მათ გამოშვებას შესაძლოა გარკვეული საფრთხე ახლდეს კონკრეტულად სამცხრე-ჯავახეთის რეგიონში. შეკითხვას მინისტრმა ასე უპასუხა:

”მე ვადასტურებ, რომ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და, მათ შორის, ჩახალიანის შემთხვევაშიც ჩემი და პარლამენტის პოზიცია ერთმანეთს არ ემთხვეოდა. თუმცა პარლამენტს ცოტა დრო ჰქონდა და დაჩქარებული წესით ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. რაც შეეხება რეგიონში არსებულ ვითარებას, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ იქ არაფერი საშიში არ ხდება”.

პოლიტპატიმრების სიას დაუბრუნდა დავით საყვარელიძე და შს მინისტრს ჰკითხა, თუ ის ნაჩქარევ პროცესად აფასებს ამ ადამიანების გამოშვებას, ხომ არ გადაიხედება კვლავაც ამ 200-მდე ადამიანის საქმეები.
ამაზე ღარიბაშვილის პასუხი იყო, რომ საქმეები შესასწავლია.
კიდევ ერთი საკითხი, რომლის გარშემოც შს მინისტრი და უმცირესობა ყველაზე ხანგრძლივად კამათობდა, იყო ლუკა კურტანიძის თანამდებობაზე დატოვების საკითხი.

გიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე
”როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია, რომ პოლიციის აკადემიაში გყავს ადამიანი, რომელიც ამბობს, ოპოზიციას გავატყავებო, და ეს ადამიანი აკმაყოფილებს კრიტერიუმს, რომ იყოს მომავალი პოლიციელების აღმზრდელი?“ - იკითხა გიორგი ბარამიძემ.

ღარიბაშვილმა პასუხად მიუგო, რომ ის არ იწონებს ზოგადად ლუკა კურტანიძის ცნობილ გამონათქვამებს და ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტზეც არ არის კარგი აზრის, თუმცა, მისი თქმით, ის აკადემიაში სპორტს კურირებს და არავითარი შეხება არა აქვს პოლიციასთან.

უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი დაინტერესდა მინისტრის პოზიციით ნარკოდანაშულთან მიმართებით. მან იკითხა, რამდენად ეთანხმება ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნარკოტიკი კვლავ გაჩნდა ქართულ ბაზარზე. ღარიბაშვილმა ოპოზცია აქაც დაამშვიდა და თქვა, რომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკი საქართველოში არ შემოდის. რაც შეეხება ნარკოკანონმდებლობას, შს მინისტრის განცხადებით, ის დეკრიმინალიზაციის მომხრე არ არის და საკუთარ პოზიციას კიდევ არაერთხელ დააფიქსირებს.
შს მინისტრს უმცირესობამ პასუხი მოსთხოვა ასევე ბარბარე რაფალიანცის მკვლელობასთან დაკავშირებით, კერძოდ, რატომ ვერ დასრულდა ამ დრომდე გამოძიება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქმე არ არის მარტივი, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს და, მისი თქმით, საქმე უახლოეს მომავალში გაიხსნება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG