Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში კვლავ სტიქიის შედეგებს ებრძვიან


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში ისევ სტიქიას ებრძვიან. აქ სახლების პირველი სართულები დატბორილია, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დაიხოცა შინაური ცხოველი და ფრინველი. სტიქიის ზონაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, მაგრამ შედეგების ბოლომდე ლიკვიდაცია ჯერ ვერ ხერხდება. სახლებიდან წყლის ამოტუმბვა ხდება, იჭრება არხები, რათა წყალი ოთახებიდან და ეზოებიდან გაიწუროს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი აცხადებს, რომ ზარალი დიდია, 50-მდე სახლი დატბორილია, სადაც სპეციალური კომისია ჯერ შესვლას ვერ ახერხებს.

მოხისის დევნილთა ჩასახლებიდან ევაკუირებული ადამიანები კი საკუთარ კოტეჯებს დაუბრუნდნენ. შაბათის წყალდიდობის შემდეგ ისინი გორის ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანეს. მას შემდეგ, რაც დასახლებაში წყლის დინებამ იკლო, დევნილები სოფელში დაბრუნდნენ, სადაც განადგურებული ბაღ-ბოსტანი, გაფუჭებული ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები დახვდათ. იძულებით გადაადგილებული პირი სოფიო კობერიძე დატბორილ ნაკვეთში შესვლას და იქიდან კარტოფილის გამოტანას ვერ ახერხებს.

მოხისის დევნილთა დასახლების მცხოვრებნი აცხადებენ, რომ ეს არ არის დასახლებაში წყალდიდობის პირველი შემთხვევა. ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე უხვი ნალექის დროს, კოტეჯები და ბაღები იტბორება. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს. ისინი წყლის გამწოვი, სანიაღვრე და სადრენაჟე სისტემის გაკეთებას ითხოვენ.

გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა, რომლებიც ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ, მდინარე სურამულას კალაპოტი დაათვალიერეს. ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა გულიაშვილის თქმით, წყლის დაკლების შემდეგ გაკეთდება პროექტი და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება.

წინასწარი ინფორმაციით, რეგიონში მხოლოდ ინფრასტრუქტურული ზარალი სამასი ათას ლარს აჭარბებს. ამჟამად რეგიონის დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში ქარიშხლისგან დაზიანებულ სახურავებს აკეთებენ, მოგვიანებით კი წყალდიდობისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყება.

XS
SM
MD
LG