Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვინიტაძე - წითელ არმიასთან მებრძოლი გენერალი


გთავაზობთ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ინტერვიუს, რომელიც ჩაწერილია 1968 წლის მაისში, გენერლის გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე. ამ ინტერვიუს ჩაწერისას გიორგი კვინიტაძე 95 წლის იყო. მას ესაუბრება რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის მაშინდელი დირექტორი კარლო ინასარიძე.

რადიო თავისუფლება: ბატონო გენერალო, ხომ ვერ მოგვიყვებით თქვენი ცხოვრების მთავარ მომენტებს?

როცა აკადემია დავამთავრე, მქონდა შვებულება და ჩამოვედი თბილისში. დედ-მამა უკვე არ მყავდა, ჩემი სამი და იყო თბილისში, სამივე ჩემზე უფროსი....
გიორგი კვინიტაძე

გიორგი კვინიტაძე: მე დაბადებული ვარ 1874 წელს, აგვისტოში. დაბადებული ვარ დაღესტანში, როგორც ყველა ჩემი და. მამაჩემი მსახურობდა დაღესტნის ცხენოსანთა პოლკში. მამაჩემმა 40 წელი იქ გაატარა. შემდეგ, როცა 6-7 წლის ვიყავი, თბილისში გადმოვიდა.

რადიო თავისუფლება: ბატონო გენერალო, მამათქვენმა კადეტთა კორპუსში შეგიყვანათ. თქვენ სასწავლებელი დაამთავრეთ და მონაწილეობა მიიღეთ იაპონია-რუსეთის ომში 1905 წელს. შემდეგ შეხვედით სამხედრო აკადემიაში, რომელიც დაამთავრეთ.

გიორგი კვინიტაძე: როცა აკადემია დავამთავრე, მქონდა შვებულება და ჩამოვედი თბილისში. დედ-მამა უკვე არ მყავდა, ჩემი სამი და იყო თბილისში, სამივე ჩემზე უფროსი.

რადიო თავისუფლება: ბატონო გენერალო, სად ბრძანდებოდით 1918 წლის 26 მაისს, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა და როგორ შეხვდით მას პირადად თქვენ?

გიორგი კვინიტაძე: მე ვიყავი ჯერ სამხედრო მინისტრის თანაშემწე და მთავარსარდალი კავკასიის ჯარებისა იმ რესპუბლიკაში, იმიტომ რომ, როცა მოუახლოვდნენ თათრები ყარსს, მაშინ გენერალმა ოდიშელიძემ უბრძანა სომხებს უკანდახევა. ამის შემდეგ ის გადააყენეს და დამნიშნეს მე.

მე ვიყავი თბილისში და მე ვიყავი საბჭოთა მინისტრის თანაშემწე...
გიორგი კვინიტაძე

რადიო თავისუფლება: საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ არ იყო გამოცხადებული?

გიორგი კვინიტაძე: არა. მოლაპარაკებები ჰქონდათ ჯერ ტრაპიზონში და შემდეგ ბათუმში. ის ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ბრესტ-ლიტოვსკში, ჩვენ არ გვინდოდა იმის მიღება, იმიტომ რომ არდაგანი, ბათუმი და ყარსი რუსეთმა დაუბრუნა თათრებს. ჩვენ არ მივიღეთ ეს. თურმე გერმანელებმა, რომლებსაც უნდოდათ ჩვენი შველა, მოითხოვეს, რომ ქართველების წარმომადგენელი ყოფილიყო ბრესტ-ლიტოვსკში. არ წავიდნენ ჩვენები.

რადიო თავისუფლება: როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, თქვენ მაშინ ფრონტზე ბრძანდებოდით თუ თბილისში?

გიორგი კვინიტაძე: მე ვიყავი თბილისში და მე ვიყავი საბჭოთა მინისტრის თანაშემწე.

რადიო თავისუფლება: ბატონო გენერალო, როგორ შეხვდა ქართველი ხალხი და ქართული ჯარი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას?

თუ თამარის დროს ნახავთ, თამარი ხშირად ესაუბრებოდა ყველას არა როგორც ხელმწიფე, არამედ როგორც მორჩილი მოსამსახურე თავისი ერისა. ეს შეიმჩნეოდა საქართველოში ყოველთვის, როგორც ევროპაში. ამიტომ ჩვენ უფრო ვართ მზად ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, ვიდრე რუსეთი...
გიორგი კვინიტაძე

გიორგი კვინიტაძე: როცა პარლამენტში გამოცხადდა დამოუკიდებლობის აქტი და ჩვენ მოვშორდით სომხებს და თათრებს, მათ უნდოდათ გამოცხადება თბილისში, თუმცა ჩვენ არ დავუშვით ეს. სოფლებში რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ოფიცრობაში იყო მშვენიერი აღელვება და სიხარული.

რადიო თავისუფლება: საქართველოს ახალგაზრდა არმია, რომელიც შეიქმნა დამოუკიდებლობის დროს, ასე მედგრად იბრძოდა საქართველოს მაშინდელი საზღვრების დასაცავად. რით ახსნით თქვენ ამ ფაქტს?

გიორგი კვინიტაძე: როცა წაიკითხავთ ჩემ პატარა ბროშურას, იქ ნახავთ: 15 წლის კადეტი ვიყავი, შემხვდა ერთი გლეხი. ჩვენ ერთი გზა გვქონდა. მკითხა, „სალდატი“ ხარ? ვუთხარი - არა. რატომ გაკრია „პაგონებიო“? ვუთხარი, რომ მოწაფე ვარ სამხედრო სკოლისა. უნდა დაამთავრო და მერე იქნები „სალდათიო“? მე ვუთხარი, რომ არა. ვუპასუხე, რომ წავიდოდი რუსეთში, კიდევ ორი წელიწადი ვისწავლიდი და მერე ვიქნებოდი ოფიცერი. ისევ ჩამეკითხა - მერე? მერე გავხდები გენერალი, - ვუთხარი მე. მაშ გახდი გენერალი, - მეუბნება გლეხი. მერე შენ რა? - ვკითხე მე. როგორ თუ რა, გაგვიძღვები და გავაგდებთ რუსეთსო. მამამ მითხრა, ვინ არ იყო ჩვენ წინააღმდეგ, თათრები, თურქები, მონღოლები, მაგრამ უკანასკნელად გამარჯვება ჩვენ გვრჩებოდაო. მან დაუმატა, ეს ხალხი, გლეხები, ამათ დაუჯერე არ გვიღალატებენო. საქართველო და ქართველი ხალხი თავისი ჩვეულებებით, თავისი ადათებით, სახელმწიფო მოწყობით, არის ევროპელი და არა აზიური. უნდა შევადარო, რა არის სახელწიფო მოწყობა ევროპისა და აზიისა. აზიაში და ასევე რუსეთში არასდროს არსებობდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ფედერალიზმს. საქართველოში კი ჰქონდათ ფედერალიზმი, ისევე როგორც ევროპაში. ამიტომ თავისი მოწყობით ქართველი ხალხი არის ევროპული და არა აზიური. როგორც გითხარით, რუსებს ჰქონდათ სხვაგვარად. მათ ფედერალიზმი არასდროს ჰქონდათ, ამიტომ მათში უფროსი იყო საშინელი ძალით აღჭურვილი, ჩვენში კი - არა. თუ თამარის დროს ნახავთ, თამარი ხშირად ესაუბრებოდა ყველას არა როგორც ხელმწიფე, არამედ როგორც მორჩილი მოსამსახურე თავისი ერისა. ეს შეიმჩნეოდა საქართველოში ყოველთვის, როგორც ევროპაში. ამიტომ ჩვენ უფრო ვართ მზად ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, ვიდრე რუსეთი.

ვუსურვებ მათ ისარგებლონ იმ შესაძლებლობით, რომ ჩვენ გვყავდეს ბევრი ისეთი მხედარი, რომელსაც სამხედრო მეცნიერება ეცოდინება. თუ თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო, იპოვით გზას როგორ უნდა მოახერხოთ ეს. საქართველო არსებობს. ...
გიორგი კვინიტაძე

რადიო თავისუფლება: ბატონო გენერალო, ვფიქრობთ, ასეთი დემოკრატიული სახელმწიფო ჩვენ დამოუკიდებლობის პერიოდში გვქონდა. კიდევ ერთი შეკითხვა: რას უსურვებდით ასეთი ცნობილი გენერალი და გამოცდილი ადამიანი ქართველ ხალხს და, განსაკუთრებით, ქართველ მხედრობას?

გიორგი კვინიტაძე: ვუსურვებ მათ ისარგებლონ იმ შესაძლებლობით, რომ ჩვენ გვყავდეს ბევრი ისეთი მხედარი, რომელსაც სამხედრო მეცნიერება ეცოდინება. თუ თქვენ გიყვართ თქვენი სამშობლო, იპოვით გზას როგორ უნდა მოახერხოთ ეს. საქართველო არსებობს. თითქმის ბავშვი ვიყავი, როცა ერთი გვარიშვილი მოდიოდა ჩვენთან გიტარით და იმღერა ერთი ლოცვა:

„ღმერთო, საწყალი გლეხის შვილი ვარ,

სოფლად დავდივარ ობოლი, ბედისგან განწირული.

ღმერთო, მიეცი ჩვენ ქვეყანას ბედი და ბედნიერება.

ღმერთო, მიეცი ჩვენ ქართველებს სწავლა და მეცნიერება.

ღმერთო, ჩაუდე მათ გულში ძმობა და სიყვარული,

რომ გაუწიონ ერთმანეთს ერთგული სამსახური“.

ეს ლოცვა დამრჩა ბავშვობიდან. აი, ხედავთ?! - არც დამვიწყებია.

XS
SM
MD
LG