საქართველოში „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ქვეყანაში დარჩენის ვადები და პირობები შეიცვალა. ის უცხოელები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, ამ ცვლილებამ საკმაოდ შეაწუხა. რა შეიცვალა ახალ კანონში, რა პრობლემები შეექმნათ საქართველოში მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებს, რას ფიქრობს სახელმწიფო და როგორ აფასებენ სიტუაციას ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები?
საქართველოში ჩამოსვლისა და ცხოვრების შესახებ წესები უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის პირველი სექტემბრიდან შეიცვალა. ამ წესებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონი არეგულირებს, რომლის პირველი ვარიანტიც საქართველოს პარლამენტმა 2005 წელს მიიღო, 2014 წლის პიველი სექტემბრიდან კი კანონი ახალი სახით ამოქმედდა.
ამ ცვლილებამ იმ უცხოელთა ნაწილის წუხილი გამოიწვია, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნების მოქალაქეებისა, რომლებსაც ქვეყანაში 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ სჭირდებოდათ. ძველი კანონის მიხედვით, საკმარისი იყო მათ საქართველოს საზღვარი ამ დროის განმავლობაში ერთხელ გადაეკვეთათ, რომ უკან დაბრუნებისთანავე ქვეყანაში ყოფნის 360-დღიანი ვადის ათვლა თავიდან დაწყებულიყო.
ერთ-ერთი მათგანი არტურ ბარისია, რომელიც საქართველოში 2012 წლის ოქტომბრიდან მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ის ამერიკისა და პოლონეთის მოქალაქეა. როგორც ამბობს, მისი პრობლემები მაშინ დაიწყო, როდესაც, როგორც პოლონეთის მოქალაქემ, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა მოითხოვა:
მოგვიანებით, როდესაც ეს დოკუმენტი წარვადგინე, აღმოჩნდა, რომ მას ძალა საერთოდ არ ჰქონდა, ამიტომაც შემდეგ მომთხოვეს მიმეტანა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამოწმებული ქორწინების მოწმობა. ესეც მივიტანე, მაგრამ ისევ პრობლემა შეიქმნა, რადგანაც ქორწინების მოწმობაში ჩემი მეუღლის სახელთან ერთად მეორე სახელი და ჩემი გვარიც ეწერა...არტურ ბარისი
„როდესაც ბინადრობის ნებართვა მოვითხოვეთ, ჩემი ცოლისთვის, რომელიც კანადის მოქალაქეა, მისი მიღება ძალიან მარტივი აღმოჩნდა, ჩემ შემთხვევაში კი საქმე გართულდა, რადგან დასაქმებული ვარ პოლონეთში და არა საქართველოში“.
არტურ ბარისი ჰყვება, რომ მას მოსთხოვეს წარედგინა საბანკო ანგარიშის ამონაწერი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ გარკვეული რაოდენობის შემოსავალი აქვს. მისი თქმით, იუსტიციის სახლის სხვადასხვა თანამშრომელი სხვადასხვა რაოდენობის თანხას უსახელებდა:
„მოგვიანებით, როდესაც ეს დოკუმენტი წარვადგინე, აღმოჩნდა, რომ მას ძალა საერთოდ არ ჰქონდა, ამიტომაც შემდეგ მომთხოვეს მიმეტანა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამოწმებული ქორწინების მოწმობა. ესეც მივიტანე, მაგრამ ისევ პრობლემა შეიქმნა, რადგანაც ქორწინების მოწმობაში ჩემი მეუღლის სახელთან ერთად მეორე სახელი და ჩემი გვარიც ეწერა, ხოლო მის პასპორტში -მხოლოდ სახელი და გვარი. იუსტიციის სამინისტროს სჭირდებოდა, ყველაფერი ზუსტად ერთნაირად ყოფილიყო დაწერილი. ასე რომ, ახლა ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობ“.
მსგავსი პრობლემა შეექმნა ამერიკის მოქალაქე ბილი სტრაიტვოლტსაც, რომელიც საქართველოში დაახლოებით ერთი წელია ცხოვრობს და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციაში მუშაობს. მართალია, მან დროებითი ბინადრობის ნებართვა უკვე მიიღო, მაგრამ ამისათვის, როგორც ამბობს, საკმაოდ ჩახლართული პროცედურების გავლა მოუხდა:
„როდესაც იუსტიციის სახლში პირველად მივედი, თან მქონდა წერილი სამსახურიდან იმის შესახებ, თუ რამდენი ხანია ვმუშაობ და რა თანხას გამოვიმუშავებ. მითხრეს, რომ ჩემი პასპორტის თარგმანი მჭირდებოდათ, მაშინ როდესაც ჩემს იტალიელ მეგობარს ეს არ დასჭირდა, ალბათ, იმიტომ, რომ მისი სახელი ქართულად უკეთ იკითხება. როდესაც მეორედ მივედი, უკვე სამუშაოს დამადასტურებელი წერილის გადათარგმნაც მომთხოვეს. მესამედ მისვლისას კი აღმოჩნდა, რომ ჩემი პასპორტის თარგმანი არ მოეწონათ და კიდევ ერთხელ უნდა გადამეთარგმნა. საბოლოოდ კი, როდესაც დოკუმენტები ჩაიბარეს, აღმოჩნდა, რომ პასპორტის თარგმნა საერთოდ არ სჭირდებოდათ“.
ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მიღება არ გართულებულა, იმიტომ რომ არ შემოსულა რამე ახალი რეგულაცია, რომელიც უარის თქმის დამატებითი საფუძველია ვიზაზე ან ბინადრობის ნებართვაზე. გარკვეულწილად, განსხვავებული რეგულაციებია პროცედურებთან დაკავშირებით...სოსო გიორგაძე
საქართველოში ბინადრობის ნებართვა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონის მიხედვით, საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია. ნებართვას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს. მსგავსი დოკუმენტი სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში სამუშაოდ, სასწავლად ან ოჯახის გაერთიანების მიზნით ჩამოდის, ასევე იმ უცხოელებს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი დაუდგინდათ. მსგავსი დოკუმენტი, ყველაზე დიდი, 6 წლით გაიცემა.
იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი სოსო გიორგაძე ამბობს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ ქვეყნის საზღვრები არალეგალური მიგრაციისა და მსგავსი პრობლემებისაგან ბევრად დაცული იქნება, ბინადრობის მოთხოვნის წესები კი, მისივე თქმით, არ გართულებულა:
„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მიღება არ გართულებულა, იმიტომ რომ არ შემოსულა რამე ახალი რეგულაცია, რომელიც უარის თქმის დამატებითი საფუძველია ვიზაზე ან ბინადრობის ნებართვაზე. გარკვეულწილად, განსხვავებული რეგულაციებია პროცედურებთან დაკავშირებით და ეს პროცედურები, თუნდაც, ვთქვათ, რომ გართულდა, უბრალოდ, ერთი ოპერაციის მაგივრად შესასრულებელი გახდა ორი ოპერაცია კონკრეტული კატეგორიის მიღებისთვის, მაგრამ ეს რამე დამატებითი მოთხოვნა არ არის. ვიზა მას ისედაც სჭირდებოდა“.
როგორც სოსო გიორგაძე ამბობს, ახლად მიღებული კანონი სრულიად ითვალისწინებს იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნებს, რომლებთანაც საქართველოა მიერთებული.
საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი, კანონის მიხედვით, არის ის, რომ ქვეყანაში ამა თუ იმ უცხოელის ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან საქართველოში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მიხედვით, უარის თქმის საფუძველია ისიც, თუ, „საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა“. ამავე კანონში განმარტებულია, რომ ზემოთ აღწერილ შემთხვევებში „საქართველოს ვიზის გაცემის ან საქართველოში შემოსვლის მიზანშეუწონლობის შესახებ დასკვნა არ საბუთდება“.
თათული თოდუა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, ამბობს, რომ სწორედ ეს არის ახლად ამოქმედებული კანონის ერთ-ერთი უმთავრესი ხარვეზი. მისი თქმით, როცა საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, შეიძლება სახელმწიფომ დასკვნის დეტალები არ გაამხილოს, მაგრამ როდესაც ადამიანს საზღვრის გადაკვეთაზე ან ქვეყანაში დარჩენაზე უარს ეუბნებიან, დარღვევის შესახებ უნდა მიანიშნონ მაინც:
„უნდა იყოს შესაძლებელი ამ უარყოფითი დასკვნის სასამართლოში გასაჩივრება, რაც დღეს უზრუნველყოფილი არ არის. საქმე ისაა, რომ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო მსგავს დასკვნას იღებს, ეს დასკვნა ეგზავნება სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, შესაძლებელია მხოლოდ სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნისა“.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი არ აქვთ, შეუძლიათ ქვეყანაში მხოლოდ 90 დღე დაყონ, უკან დაბრუნება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ საზღვარგარეთ კიდევ 90 დღეს გაატარებენ. იმ უცხოელებს, რომლებიც საქართველოში 1 სექტემბრამდე, ანუ ახალი წესების ამოქმედებამდე, ჩამოვიდნენ, შეუძლიათ ქვეყანაში იმდენ ხანს დარჩნენ, რამდენსაც ძველი კანონი ითვალისწინებდა. ვადის გასვლის შემდეგ კი ვიზის ან ბინადრობის ნებართვის მიღება მათაც მოუწევთ.