24 მაისს “თავისუფლების დილის” სტუმარი იყო ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტმა შექმნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზა, რომელიც არის მეოცე საუკუნის საქართველოს შესახებ დღემდე ინტერნეტსივრცეში არსებული ყველაზე დიდი რესურსი (20 000-მდე პირი, 12 000-მდე ფაქტოიდი, 3 500-ზე მეტი წყარო).
ბაზაში დოკუმენტირებულია 1918-1921 წლების პერიოდიკა, საქართველოს სახელმწიფო არქივისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დოკუმენტები, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ლიტერატურის მუზეუმში დაცული პირადი არქივები.
პროსოპოგრაფია არის ისტორიული მეცნიერება, რომელიც ცალკეული პიროვნებების ბიოგრაფიების საფუძველზე შეისწავლის ისტორიული ჯგუფის საერთო მახასიათებლებს. პროსოპოგრაფიის ძირითადი მიზანია ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის დამახასიათებელი სოციალური თუ სხვა მარკერების გამოვლენა.
დაბადების და გარდაცვალების თარიღები, ქორწინების და ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაცია, სოციალური წარმომავლობა, საცხოვრებელი ადგილი, განათლება, საქმიანობის სფერო, რელიგია და სხვა მსგავსი ტიპის ბიოგრაფიული მონაცემებით სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე დაკვირვება ისტორიის რეკონსტრუქციის საშუალებაა.