წელს ივლისში, მთელი თვის განმავლობაში, თანამედროვე ქართული ლიტერატურა, თანამედროვე ქართველი მწერლები და პოეტები მოექცევიან ყურადღების ცენტრში. ისინი საჯაროდ წაიკითხავენ თავიანთ ტექსტებს, შეხვდებიან მკითხველებს, გაიცნობენ უცხოელ კოლეგებს. და ეს მოხდება არა თბილისში ან საქართველოს რომელიმე სხვა ქალაქში, არამედ ათასობით კილომეტრის მოშორებით: 31 ქართველი პოეტი და მწერალია მოწვეული ცენტრალური ევროპის უდიდეს ლიტერატურულ ფესტივალზე, სახელწოდებით „ავტორთა კითხვის თვე“. ის თავის დროზე ჩეხეთში დაარსდა და ამჟამად კიდევ სამ ქვეყანაში - პოლონეთში, სლოვაკეთსა და უკრაინაში - ტარდება.
ჩვენ რადიო თავისუფლების პრაღის სტუდიაში მოვიწვიეთ ფესტივალის ორგანიზატორები, მათ შორის, ფესტივალის დამფუძნებელი, ჩეხი ლიტერატურათმცოდნე და გამომცემელი პეტრ მინაჟიკი: „ამ ფესტივალის კონცეფცია თანდათან ყალიბდებოდა. იყო პატარა ფესტივალი, რომელიც 2000 წელს ქალაქ ბრნოში დაარსდა და რომელიც მარტო ჩეხ ლიტერატორებს მასპინძლობდა. 2005 წლიდან ფესტივალი გამდიდრდა მეორე, პარალელური, პროგრამით - ჩეხი მწერლებისა და პოეტების პარალელურად არსებობს უცხოელი ლიტერატორების პროგრამა. და ფესტივალი ბრნოს ფარგლებს გასცდა, ახლა უკვე ოთხი ქვეყნის ხუთ ქალაქში ტარდება: ბრნოში, ოსტრავაში, კოშიცეში, ვროცლავსა და ლვოვში. ამდენად, მართლაც შუაევროპული ფესტივალია“, - გვეუბნება პეტრ მინაჟიკი ცენტრალური ევროპის უდიდეს ლიტერატარულ ფესტივალზე.
როცა ფესტივალის ორ პროგრამაზე საუბრობს, მინაჟიკი განმარტავს, რომ, ერთი მხრივ, არიან მასპინძელი ქვეყნების სალიტერატურო წრეების წარმომადგენლები - ჩეხები, პოლონელები, სლოვაკები და უკრაინელები - და, მეორე მხრივ, ყოველ წელს ერთი რომელიმე ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანები. ასეთ, საპატიო სტუმრის, რანგში უკვე აღმოჩნდნენ კანადელი, ავსტრიელი, ფრანგი, გერმანელი მწერლები და პოეტები. შარშან ჯერი ესპანელებზე იყო, წელს ქართველებზეა.
რასაკვირველია, ყველაზე მეტად მაინტერესებდა, რატომ შეაჩერეს არჩევანი საქართველოზე და, შესაბამისად, ენაზე, რომელიც - გარდა იმისა, რომ, ძალიან ბევრ სხვა ენასთან შედარებით, მას ცოტა ადამიანი ფლობს - ინდოევროპული ენების ოჯახსაც არ ეკუთვნის და, ამდენად, ძალიან განსხვავებულია ფესტივალის სლავური სამშობლოს ენებისაგან.
„ვცდილობთ, ამ ფესტივალს აზრი ჰქონდეს არა მარტო ლიტერატურის გამო, არამედ ვეძიოთ მსგავსება კონტექსტის თვალსაზრისით - იქნება ეს ლიტერატურა თუ, ზოგადად, კულტურა, მსგავსება ოთხ მასპინძელსა და ერთ სტუმარ ქვეყანას შორის, რათა 31 ქართველი მწერლისა და პოეტის ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყოს აქაც - ჩეხეთში, პოლონეთში, უკრაინასა და სლოვაკეთში. და ვფიქრობთ, რომ ეს მსგავსება არსებობს რაღაც „მახლობლად მდებარე ეგზოტიკასთან“, როგორც, ვფიქრობ, საქართველოს შეგვიძლია ვუწოდოთ “, ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი.
მაშ ასე, „მახლობელი ეგზოტიკური“ ქვეყნიდან ივლისში შუა ევროპაში ჩამოვა 31 მწერალი და პოეტი, მათ შორის, აკა მორჩილაძე, ლელა სამნიაშვილი, ზვიად რატიანი, ნიკა ჯორჯანელი, დიანა ანფიმიადი, დავით გაბუნია, დათო ტურაშვილი, ასევე ჩვენი რამდენიმე კოლეგა - პოეტები და მწერლები, რომლებიც პარალელურად ჟურნალისტებადაც მუშაობენ და რომელთა ხმა რეგულარულად ისმის ჩვენი რადიოს ეთერში. ესენი არიან: თეა თოფურია, ეკა ქევანიშვილი, შოთა იათაშვილი, ლაშა ბუღაძე. თითოეულს ამ 31 ავტორიდან თითო-თითო დღე დაეთმობა ცენტრალური ევროპის ხუთ ქალაქში, სადაც ლიტერატურის მოყვარულებს შეხვდებიან, თავიანთ ტექსტებს წაიკითხავენ, ბუნებრივია, ქართულად, მაშინ როცა ეკრანზე ტექსტების თარგმანი დაიწერება. თითოეული ქართველი ლიტერატორი ხუთ ქალაქში - ბრნოში, ოსტრავაში, კოშიცეში, ვროცლავსა და ლვოვში - იმოგზაურებს ადგილობრივ კოლეგასთან ერთად.
დეტალებში გაგვარკვია ფესტივალის კოორდინატორმა, რენატა ობადალკოვამ: „მწერალი 1 ივლისს ჩამოვა ჩეხეთის რესპუბლიკაში, სადაც ფესტივალი იწყება და ბრნოში იმავე დღეს გაიმართება პირველი საღამო, რომელზეც თავის ტექსტებს წაიკითხავს. მეორე დღეს ის პოლონეთში გაემგზავრება თავის ჩეხ, სლოვაკ, უკრაინელ ან პოლონელ კოლეგასთან ერთად. იქ გაიმართება მისი საღამო ვროცლავში და ასე გაგრძელდება მისი ტურნე ოსტრავის, კოშიცეს გავლით და დასრულდება მეხუთე დღეს ლვოვში. პროგრამა ყველა სტუმრისათვის ერთნაირია“.
ოთხ ქვეყანაში, რომელშიც ქართველი ავტორები იმოგზაურებენ, საქართველოს მიმართ ინტერესი, ცხადია, ერთმანეთისაგან განსხვავდება. ფესტივალის ჩეხ ორგანიზატორ პეტრ მინაჟიკს შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ პოლონეთსა და უკრაინაში საქართველოს შესახებ გაცილებით მეტი იციან, საქართველოს მიმართ გაცილებით უფრო ემოციური დამოკიდებულება აქვთ, ვიდრე ჩეხეთში და, მით უმეტეს, სლოვაკეთში.
რაც შეეხება ლიტერატურას... „ქართულ ლიტერატურას აქ არავინ იცნობს, მაგრამ საქართველო გვიზიდავს, როგორც ქვეყანა, როგორც ფენომენი... რატომ უნდა შევიტყოთ საქართველოზე მარტო პოლიტიკის გამო, მარტო შუამავლების მეშვეობით? რატომ უნდა იყოს მთავარი ცნობა საქართველოზე ის, გაუუქმებენ თუ არა ვიზებს? ეს ქვეყანა ნამდვილად უფრო საინტერესოა და, ჩვენი აზრით, საინტერესოა არა მარტო ბუნების და მინერალური წყლის, ბორჯომის გამო, არამედ საინტერესო უნდა იყოს სულითაც, იმით, თუ რას ფიქრობენ ადამიანები. და ჩავთვალეთ, რომ ფესტივალისათვის, რომელიც თავს ცენტრალური ევროპისას უწოდებს, საქართველო იძლევა ფანტასტიკურ შესაძლებლობას! „შუაევროპულს“ რომ ვამბობთ, არ ვგულისხმობთ, თითქოს სადღაც მართლაც არსებობდეს ცენტრი - ზოგს ის ბელორუსიაში ეგულება, ზოგს ვენაში და ა.შ. როგორც თავის დროზე ჩეხი მწერლის, მილან კუნდერას მიერ ითქვა, ცენტრალური ევროპა სულის მდგომარეობაა. ამ გადმოსახედიდან კი - ყოველ შემთხვევაში, ასე ვფიქრობთ ფესტივალის ორგანიზატორები - საქართველო ისევეა ცენტრალური ევროპა, როგორც ჩეხეთი და პოლონეთი“, - გვიხსნის პეტრ მინაჟიკი.
აქამდე უცხოელებთან საუბრისას ხშირად იმის ახსნა მჭირდებოდა, რატომ შეიძლება მიაკუთვნო ევროპისა და აზიის მიჯნაზე მდებარე, გეოგრაფიულად აზიის კუთვნილი საქართველო მაინც ევროპას... ახლა შევიტყვე, რომ საქართველო არათუ აღმოსავლეთ ევროპა, არამედ სულაც ცენტრალური ევროპაა - სულის მდგომარეობით! თუმცა ეს ხედვა, რასაკვირველია, საქმეს არ უადვილებს ფესტივალის ორგანიზატორებს ქართული ენიდან გამომდინარე სირთულეების გამო.
„ის გარემოება, რომ ქართული ენა ფართოდ არ არის გავრცელებული, რომ ჩეხეთში მას არ იცნობენ, ჩვენთვის ყველაზე დიდი ბარიერია, რომელსაც წლევანდელი ფესტივალის შემთხვევაში ვაწყდებით. მაგრამ უკან არ ვიხევთ! ფესტივალისათვის მთელი რიგი თარგმანები მზადდება. ავტორებს, რომლებიც ტექსტებს, ცხადია, თავიანთ დედა ენაზე წაიკითხავენ, დავურიგებთ საგანგებო საფესტივალო გამოცემებს - პატარა, 50-60- გვერდიან წიგნებს, რომლებიც არის ის, რაც ფესტივალის შემდეგაც დარჩება“, - ამბობს რენატა ობადალკოვა.
ის განმარტავს, რომ კვალიფიციური მთარგმნელების ნაკლებობის გამო ჩეხური თარგმანები ზოგ შემთხვევაში მზადდება მესამე ენიდან: ინგლისურიდან, გერმანულიდან, რუსულიდან, უკრაინულიდან, რომლებზეც ქართული ტექსტი უკვე არის ნათარგმნი. თუმცა ეს გზა, ნათარგმნის თარგმნა, ფესტივალის ორგანიზატორებს იდეალურ გამოსავლად, ბუნებრივია, არ მიაჩნიათ.
დაბრკოლებების მიუხედავად, ინტენსიური მზადება გრძელდება. გამოსცემენ 31 ქართველი მწერლისა და პოეტის წიგნებს, გადაიღებენ სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმებს ლიტერატურული ფესტივალის ქართველ მონაწილეებზე, მომზადდება რადიოპროგრამები. ივლისში საქართველოზე იმდენად ბევრი და მრავალფეროვანი ინფორმაცია გავრცელდება, რომ ვფიქრობთ, ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზრდებაო, ამბობს პეტრ მინაჟიკი.
და ეს ყველაფერი მოხდება ერთი წლით ადრე, ვიდრე საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი მსოფლიოში უდიდეს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.
„საქართველოზე დიდხანს ვფიქრობდით, ვცდილობდით გაგვერკვია, საერთოდ რამე გამოგვივიდოდა თუ არა, ვიპოვიდით თუ არა პარტნიორს... და ვიპოვეთ პარტნიორი, „მწერალთა სახლი“, სადაც მართლა საუცხოო ხალხია. ძალიან გვეხმარებიან, მათ გარეშე ნამდვილად არაფერი გამოგვივიდოდა! მაგრამ აღმოჩნდა ისიც, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომ იტყვიან, ღვთით ბოძებული ძღვენია, რადგან, როცა საქმე თარგმანებს ეხება - ქართველი ავტორების მთელი რიგი ნაწარმოებებია გადათარგმნილი გერმანულად, ინგლისურადაც, რაც ჩვენ ძალიან გვეხმარება. იმედია, რომ ცენტრალურ ევროპაში საავტორო კითხვის თვე (საქართველოსათვის) კარგი მოთელვა იქნება იმ დიდი დღესასწაულისათვის, რომელიც გაისად ჩატარდება“, - დიდ დღესასწაულამდე, როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მოიხსენია პეტრ მინაჟიკმა, წელიწადზე მეტი რჩება.
მანამდე კი, სულ ოთხ თვეში, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და უკრაინა უმასპინძლებენ ქართველ მწერლებსა და პოეტებს ცენტრალური ევროპის უდიდეს ლიტერატურულ ფესტივალზე.
რადიო თავისუფლება ამ ფესტივალის პარტნიორი მედიასაშუალებაა. ივლისში შევეცდებით გავერკვეთ, რატომ მიაჩნიათ საქართველო ცენტრალური ევროპის ქვეყნად და, ამავე დროს, „მახლობელ ეგზოტიკად“.