Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანა ნაცვლიშვილი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ახალი ხელმძღვანელი


საიას ახალი თავმჯდომარის წარდგენა
საიას ახალი თავმჯდომარის წარდგენა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. დღეს ანა ნაცვლიშვილი ამ თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინეს. მან შეცვალა კახა კოჟორიძე, რომელიც ასოციაციას 2012-2014 წლებში ხელმძღვანელობდა.

ანა ნაცლიშვილი პროფესიით იურისტია. მასესექსის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. 2013 წლიდან მუშაობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივნად. ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ ანა ნაცვლიშვილის კანდიდატურა თავად დაასახელა. მისივე თქმით, ორგანიზაციას თავისი სტრატეგია აქვს და მხოლოდ თავჯდომარეზე არ არის დამოკიდებული:

„რა თქმა უნდა, თავმჯდომარეს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თავმჯდომარეზე არ არის ჩამოკიდებული ეს ორგანიზაცია. არც ჩემზე იყო დამოკიდებული, როგორი იქნებოდა საია. რა თქმა უნდა, რაღაც კუთხით დამოკიდებულია, მაგრამ საიას აქვს თავისი სტრატეგია, თავისი მიდგომები და ეს მიდგომები მარადიულია“.

ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

თავად ანა ნაცვლიშვილიც ამბობს, რომ მისი ამ თანამდებობაზე მოსვლით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პრიორიტეტები არ შეიცვლება. ორგანიზაცია ისევ იმავე საკითხებზე იმუშავებს, მით უფრო, რომ მომავალი წლის სტრატეგია ორგანიზაციას ისედაც განსაზღვრული ჰქონდა:

„საიას თავმჯდომარეობა არის ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლო პოზიცია, რადგან ხელმძღვანელობ ორგანიზაციას, რომელსაც ადამიანის უფლებათა სფეროში ოცწლიანი გამოცდილება აქვს. საიას სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია სამოქალაქო სექტორში, ამიტომ სრულად ვაცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მეკისრება ამ თანამდებობაზე არჩევით. საიას პრიორიტეტები უცვლელი დარჩება“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ორგანიზაცია 20 წლის წინ დაარსდა და დღეს უკვე მეთერთმეტე თავმჯდომარე აირჩია. აქვს ორი ფილიალი, ასევე ოფისები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევაა. საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ მხოლოდ თბილისში მათ დღეში ორმოცი ადამიანი მიმართავს:

„ჩვენთან კონსულტაციების გაწევა ხდება როგორც სისხლისსამართლებლივ, ასევე ადმინისტრაციულ საკითხებზე და, ბუნებრივია, მოქალაქეებიც ყველა ამ მიმართულებით მოგვმართავენ. სხვადასხვა დროს სხვადასხვა თემები ხდება ხოლმე აქტუალური, მუდმივად აქტუალურია შრომით-სამართლებრივი საკითხები, ასევე - სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი. ძალიან ბევრი პატიმარი მოგვმართავს“.

თუ სად წავალ, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტზე ვფიქრობ, მათ შორის, კერძო საადვოკატო პრაქტიკის გაგრძელებასა და საკუთარი იურიდიული კომპანიის შექმნაზეც. მაქვს რამდენიმე შემოთავაზებაც. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია და არ იქნება სწორი, რომ გავაჟღერო...
კახა კოჟორიძე

რა გამოწვევები შეიძლება ჰქონდეს დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები ხშირად ირღვევა, თანაც მაშინ, როცა ორგანიზაცია დონორების გაღებულ ფულზეა დამოკიდებული?

„გრანტები, სამწუხაროდ, არასდროს არ არის საკმარისი იმ გამოწვევებთან საბძოლველად, რაც ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას, მაგრამ საია 20 წლის განმავლობაში აკეთებდა ძალიან ბერვ საქმეს ისე, რომ არანაირი კონკრეტული დაფინანსება ამ საქმისთვის არ გვქონია“, ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

დღესვე ახალგაზრა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში თავმჯდომარის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს გიორგი ჭიქაბერიძე. რაც შეეხება საიას ყოფილ ხელმძღვანელ კახა კოჟორიძეს, მას ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არა აქვს საქმიანობას სად და როგორ გააგრძელებს:

„მესამე ვადით რომ აღარ მივიღებდი არჩევნებში მონაწილეობას, ეს ჯერ კიდევ ორი წლის წინ გადავწყვიტე. თუ სად წავალ, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტზე ვფიქრობ, მათ შორის, კერძო საადვოკატო პრაქტიკის გაგრძელებასა და საკუთარი იურიდიული კომპანიის შექმნაზეც. მაქვს რამდენიმე შემოთავაზებაც. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია და არ იქნება სწორი, რომ გავაჟღერო“.

მისივე თქმით, ის ორიოდე კვირაში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დატოვებს, თუმცა მისი გამგეობის წევრად მაინც დარჩება.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG