საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილს ლეგალურად ცხოვრების უფლება მიეცემა - საბერძნეთის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობის პროცესში ჩართულია ორივე ქვეყნის მთავრობა. ამ ეტაპზე ლაპარაკია პირებზე, რომლებიც, მაგალითად, წლების განმავლობაში რიცხავდნენ თანხებს საბერძნეთიდან საქართველოში. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე, რომლებიც საბერძნეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უვლიან. რატომ არის სახიფათო უკანონოდ ცხოვრება საბერძნეთში და რას მოუტანს უფლებრივი ცვლილებები საქართველოს მოქალაქეებს?
საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთის საემიგრაციო კანონში (2017 წლის 28 მარტს) შესული ცვლილებები ახალ უფლებებს ანიჭებს, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი. მისი თქმით, „მესამე ქვეყნებისთვის“ გამიზნული ცვლილებები საქართველოსაც შეეხება და კონკრეტულ შემთხვევაში გაფართოვდა იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებზე დაყრდნობითაც საბერძნეთში არალეგალურად მყოფ პირებს ლეგალურად ბინადრობის საშუალება მიეცემათ. იოსებ ნანობაშვილი კონკრეტულ მაგალითს ასახელებს:
„ასეთ საბუთად ჩაითვლება 7 წლის განმავლობაში საქართველოში ფულის გადარიცხვის ქვითრები. უნდა ფიქსირდებოდეს, რომ ეს პიროვნება ყოველწლიურად რიცხავდა თანხას საბერძნეთიდან საქართველოში. ჩვეულებრივად გამოყენებული იქნება ამ კანონის შესაბამისი მუხლი და პირს მიეცემა ლეგალიზაციის საშუალება, ანუ ვინც არალეგალურად იმყოფება საბერძნეთში, მას მიეცემა ლეგალურად ყოფნის უფლება. ქვითრების საკითხი გარკვეულწილად ჩვენ უკვე შევისწავლეთ და იმ საფინანსო ინსტიტუტების უმრავლესობა, რომლებსაც იყენებენ ჩვენი თანამემამულეები ფულის გადმოსარიცხად, გასცემენ ამგვარ ცნობას“.
იოსებ ნანობაშვილის განმარტებით, დოკუმენტებს შორის, რომლებიც არალეგალ მიგრანტებს საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვებაში დაეხმარება, იგულისხმება ასევე საქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც გაცემულია საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ. თუმცა ელჩი ჯერჯერობით ისევ ხედავს საჭიროებას, რომ ბერძნულ მხარესთან ერთად გასაგებად განმარტონ კანონში შესული ცვლილებები და დააზუსტონ პრაქტიკაში მათი რეალიზების გზები. საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრთან, იოანის მუზალასთან, მისი შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ ბერძნული მხარე ქართულ მხარეს შესაბამის ტექნიკურ დახმარებას გაუწევს.
როცა არალეგალი ხარ, არანაირი ჯანმრთელობის დარღვევა შენ არა გაქვს, არანაირი უფლებები შენ არა გაქვს, სულ შიშის ქვეშ ხარ, რომ პოლიცია გაგაჩერებს... დამსაქმებლები გიწევენ ექსპლუატაციას, არაფრის უფლება შენ არა გაქვს...მაია ნინუა
ამასთან, იოსებ ნანობაშვილის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს სხვა მიმართულებებითაც და, მაგალითად, საბერძნეთში ლეგალურად ყოფნის უფლების იმ პირებისთვის მისანიჭებლად, რომლებიც დასაქმებული არიან ოჯახებში და უვლიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ელჩის განმარტებით, ასეთი „საკანონმდებლო ფანჯარა“ 2013 წელს 6 თვით იყო გახსნილი და ახლა ქართულმა მხარემ თხოვნით მიმართა ბერძნულ მხარეს, რომ ეს „ფანჯარა“ კვლავ გაიხსნას და რაც შეიძლება ხანგრძლივად, რათა მოესწროს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება. პარალელურად საელჩო მუშაობს იურისტებთან, რომ შემუშავდეს არალეგალთა სხვა კატეგორიებთან დაკავშირებული ინიციატივებიც.
ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენი არალეგალი მიგრანტია ამჟამად საქართველოდან საბერძნეთის რესპუბლიკაში ჩასული, თუმცა, როგორც ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა გვითხრა, არაოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი 150-დან 220 ათასამდე მერყეობს და უმრავლესობა ქალია.
ეს არც ერთ შემთხვევაში არ გამოიწვევს მიგრაციის ტალღების გაზრდას საქართველოს მხრიდან, რამდენადაც შეღავათები შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან არალეგალურად და ჩართული არიან რაღაც შრომით საქმიანობაში...გოგიტა ღვედაშვილი
49 წლის მაია ნინუა უკვე 9 წელია საბერძნეთში ცხოვრობს, კერძოდ - ათენში. მართალია, ახლა ის ე.წ. ცისფერი საბუთით ლეგალური ბინადრობის უფლებას ელოდება, მას დეპორტაცია არ ემუქრება და გარკვეული მცირე უფლებებითაც სარგებლობს, მაგრამ ცუდი სიზმარივით იხსენებს უკანონო მიგრანტობის წლებს:
„როცა არალეგალი ხარ, არანაირი ჯანმრთელობის დარღვევა შენ არა გაქვს, არანაირი უფლებები შენ არა გაქვს, სულ შიშის ქვეშ ხარ, რომ პოლიცია გაგაჩერებს... დამსაქმებლები გიწევენ ექსპლუატაციას, არაფრის უფლება შენ არა გაქვს... შენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის, რადგანაც შენ ხარ არალეგალი და სახელმწიფომ არ იცის, შენ სად იმყოფები. თუ შენი მომკითხავი არავინ არის, შეიძლება სიცოცხლის ფასადაც დაგიჯდეს“.
კარგია, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო აქტიური მუშაობა არალეგალი მიგრანტებისთვის შესაძლებლობების გამონახვის საკითხზე, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გოგიტა ღვედაშვილი, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის მკვლევარი, და იქვე აღნიშნავს, რომ ასეთი ვალდებულება ასახულია ევროკომისიის დასკვნით (მეოთხე) ანგარიშში, რომელიც უვიზო მიმოსვლის სამოქმედო გეგმის შესრულების შეფასებას ისახავდა მიზნად. ექსპერტი ფიქრობს, რომ პრობლემის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევა სასარგებლო იქნება ყველასთვის და ეს არ გაზრდის მიგრანტთა ნაკადს:
„ეს არც ერთ შემთხვევაში არ გამოიწვევს მიგრაციის ტალღების გაზრდას საქართველოს მხრიდან, რამდენადაც შეღავათები შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან არალეგალურად და ჩართული არიან რაღაც შრომით საქმიანობაში... ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც წავლენ საზღვარგარეთ და დაარღვევენ უვიზო მიმოსვლის პირობებს, მერე შეძლებენ ლეგალური სტატუსის მიღებას. თავისთავად ცხადია, ეს იქნება განსაზღვრული ჯგუფისთვის, განსაზღვრული პირობებით და ვადებით და არავითარ შემთხვევაში ეს არ შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, უვიზო მიმოსვლის მონიჭების შემდეგ“.
სხვა არაერთი ექსპერტის მსგავსად, გოგიტა ღვედაშვილი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ სავიზო ლიბერალიზაცია მოკლევადიან სტუმრობას გულისხმობს და ის არ გვანიჭებს ევროკავშირის/ შენგენის ზონის ქვეყნებში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას.