Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 22 ივლისი


მოსკოვში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი ნინო ბურჯანაძე "კომსომოსლკაია პრავდის" ჟურნალისტს, ვლადიმირ ვორსობინს, ესაუბრა. გამოცემა ბურჯანაძესთან ინტერვიუს ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც საუბარია მოსკოვში ვიზიტზე, იქ განხილულ თემებსა და ასევე პოლიტიკოსის ხედვაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქართულ-რუსული ურთიერთობები.

პირველ შეკითხვაში ჟურნალისტი შეეხო სანქციებს, რომლებიც რუსეთს აშშ-მა და ევროკავშირმა დაუწესეს, ასევე იმას, თუ როგორი გამოხმაურება ექნებოდა ამ დროს რუსეთში პოლიტიკოსის ვიზიტს საქართველოში. ბურჯანაძემ ამაზე თქვა, რომ რეალურად რუსეთი არ არის იზოლაციაში და ის მოსკოვში სწორედ საქართველოს ინტერესების გამო იმყოფება. როდესაც შეკითხვადაისვა ევრაზიის კავშირისა და ამ კავშირის მიმართ საქართველოში ხალხის დამოკიდებულების თაობაზე, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ევრაზიის კავშირის მომხრე მოსახლეობის 31%-ია. ჟურნალისტმა საუბარში აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში იყო და იგრძნო ქართველების იმედგაცურება დასავლეთის მიმართ. ეს რეპლიკა ქართველმა პოლიტიკოსმა დაადასტურა და თქვა, დასავლეთით იმედგაცურება გამოიწვია იმან, რომ მხარს უჭერდა სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, არავითარი დემოკრატი სააკაშვილი არ იყოო.

ინტერვიუში ბურჯანაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამჟამინდელ საქმიანობაზეც ილაპარაკა და თქვა, "კორუფციასთან ასეთი ბრძოლა ოდესელებს ძვირი დაუჯდებათო". ამასთანავე, დასძინა,კორუფციასთან ბრძოლა მხოლოდ შირმაა და რეალურად სააკაშვილი არასდროს აქცევდა ყურადღებას კანონებსო.

ინტერვიუს ბოლოს ნინო ბურჯანაძე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება.

საქართველოში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკის ვიზიტს ეხება გიორგი დვალის სტატია გაზეთ "კომერსანტში". დვალმა ისაუბრა ტუსკის ვიზიტზე კონფლიქტის ზონაში და აქცენტი გააკეთა რამდენიმე განცხადებაზე, კერძოდ, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის იმ კომენტარებზე, სადაც მან საქართველოს "აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი უწოდა" და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ილაპარაკა. ჟურნალისტმა მოიყვანა დონალდ ტუსკის ციტატა: "ეს მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე მხარს დაგიჭერდით ამ საკითხში. თუმცა ვიზების გაუქმებისთვის საქართველოს მოუწევს კიდევ რიგი რეფორმების გატარება".

რუსეთის პრესისთვის საქართველო კიდევ ერთი თემის გამო გახდა საინტერესო. გასულ კვირაში რუს მომღერალ ზემფირას, რომელიც ცოტა ხნისწინ საქართველოში ფესტივალზე "Tbilisi Open Air" გამოვიდა, მსმენელმა 2013 წელს ჩადენილი საქციელის გამო უჩივლა. საქმე ეხება 2 წლის წინ როსტოვში გამართულ კონცერტზე მომხდარ ინციდენტს, როდესაც ზემფირამ, მბრალდებლის თქმით, შეურაცხყოფა მიაყენა ორ მსმენელს და თქვა, რომ "აღარასდროს დაბრუნდებოდა როსტოვში". საქართველო ამ ყველაფერთან იმ შუაშია, რომ, მომჩივანის განცხადებით, მას ინციდენტი მაშინ გაახსენდა, როცა თბილისში კონცერტზე დაინახა, როგორ გამოართვა ზემფირამ მსმენელს უკრაინის დროშა და სცენაზე ააფრიალა. როგორც „კომერსანტი“ წერს, მსმენელს ზემფირას მიერ თბილისში უკრაინის დროშის სცენაზე ატანამ გაახსენა ის სტრესი, რომელიც მან 2 წლის წინ როსტოვში მიიღო. ამ შემთხევევას დიდი გამოხმაურება ჰქონდა რუსულ პრესაში. ამაზე წერდნენ "კომერსანტი", "ნეზავისიმაია გაზეტა" და "მოსკოვსკი კომსომოლეცი".

XS
SM
MD
LG