Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელოვნების რუსი კოლექციონერები უზბეკეთის გავლით არიდებენ თავს სანქციებს


მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ 2022 წლის თებერვალში და დასავლეთმა მოსკოვს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა, რუსი კოლექციონერები მოწყვეტილი იყვნენ მსოფლიო ბაზრებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ 2022 წლის თებერვალში და დასავლეთმა მოსკოვს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა, რუსი კოლექციონერები მოწყვეტილი იყვნენ მსოფლიო ბაზრებს.

დასავლეთის სანქციების პირობებში საეჭვო რეპუტაციის უზბეკური კომპანია შუამავლად იქცა რუსი ხელოვნების კოლექციონერებისთვის.

ახალი, 2023 წლის დადგომიდან ცოტა ხანში ჰოლანდიურმა კომპანიამ, რომელიც სპეციალიზებულია ძვირადღირებული ნაწარმოებების გადატანისა და შენახვის დელიკატურ საქმეზე, სურათებისა და ქანდაკებების პარტია გადმოტვირთა იახტიდან, რომელიც ფლისინგენის პორტში იდგა. სურათებს შორის იყო სალვადორ დალის, პიერ ოგიუსტ რენუარისა და ანრი მატისის ნამუშევრები.

68-მეტრიანი იახტა სახელად Triple Seven იმართებოდა ოფშორული კომპანიის მიერ, რომელიც დაკავშირებულია ალექეი რეპიკთან, ფარმაცევტიკის სფეროს რუს მაგნატთან. ის ასევე უძრავი ქონების დეველოპერი იყო უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული დამანგრეველი ალყის შემდეგ.

შეფუთული ხელოვნების ნიმუშების გახსნის შემდეგ ისინი გაგზავნეს ამსტერდამის აეროპორტში, შემდეგ უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, სამ დღეში კი ისინი რეპიკთან გაგზავნეს მოსკოვში, რისთვისაც გამოიყენეს ლოგისტიკის უზბეკური კომპანია Bek Broker.

მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ 2022 წლის თებერვალში და დასავლეთმა მოსკოვს უპრეცედენტო სანქციები დაუწესა, რუსი კოლექციონერები მოწყვეტილი იყვნენ მსოფლიო ბაზრებს. ხელოვნებით მოვაჭრეებმა დატოვეს მოსკოვი, მსხვილმა სააუქციონო სახლებმა, როგორებიცაა Christie's და Sotheby's, დახურეს თავიანთი მომგებიანი ოფისები რუსეთის ტერიტორიაში.

ალექსეი რეპიკი 2021 წელს
ალექსეი რეპიკი 2021 წელს

ვაკუუმის შესავსებად საქმეში ჩაერთნენ ისეთი ჩრდილოვანი ლოგისტიკური კომპანიები, როგორიცაა Bek Broker-ი, რომელმაც უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში რუსეთში 200-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშის იმპორტში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ იტყობინება რადიო თავისუფლების საგამოძიებო ჯგუფი „სისტემა“.

„სისტემა“ ვარაუდობს, რომ ამ პერიოდში რუსეთში იმპორტირებული ხელოვნების ნიმუშების საერთო ღირებულება 36 მილიონ დოლარს აღემატება.

ვინ არის Bek-ი?

კომპანია Bek Broker-ი, რომელსაც ტაშკენტში აქვს შტაბ-ბინა, ერთ დღეში არ შექმნილა. საბაჟოს თანახმად, კომპანია ორი ათეული წლის განმავლობაში მონაწილეობდა რუსეთში ტვირთების ჩატანასა და საბაჟო ბროკერობაში. მათ ათასობით გადასაზიდი ოპერაცია აქვთ ჩატარებული რუსი კლიენტებისთვის. მათ შორის არიან ნავთობგიგანტი „ლუკოილი“ და მილსადენების სახელმწიფო ოპერატორი „ტრანსნეფტი“.

კომპანიამ, რომელიც უზბეკეთის ოთხ მოქალაქეს ეკუთვნის, 2011 წელს დაარეგისტრირა რუსული შვილობილი საწარმო, რომელსაც ბინა უდევს მოსკოვში, საცხოვრებელ რაიონში მდებარე ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში. კომპანიის ფინანსების შესახებ საჯარო ინფორმაცია არ მოიპოვება.

Bek Broker-მა არ უპასუხა „სისტემის“ მრავალრიცხოვან თხოვნებს, კომენტარი გაეკეთებინა შექმნილ ვითარებაზე.

საბაჟოს ცნობით, 2018-2022 წლებში Bek Broker-მა რუსეთიდან უზბეკეთში არანაკლებ 8700 სატვირთო გადაზიდვა შეასრულა. საპირისპირო მიმართულებით, უზბეკეთიდან რუსეთში, განხორციელდა მხოლოდ 106 გადაზიდვა.

მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, Bek Broker-ის ლოგისტიკა შეიცვალა.

შეჭრიდან ორ-ნახევარი წლის განმავლობაში Bek Broker-მა შეასრულა 1962 გადაზიდვა უზბეკეთიდან რუსეთში. ამ ტვირთების გაცხადებული ღირებულებაა 41,6 მილიონი აშშ დოლარი. საბაჟოს ეს მონაცემები გასული თვისაა. საპირისპირო მიმართულებით, რუსეთიდან უზბეკეთში, Bek Broker-მა მხოლოდ 61 გადაზიდვა განახორციელა.

საბაჟო მონაცემები ასევე აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა გადაზიდული ტვირთების კატეგორიებში. ხელოვნების ნიმუშები გახდა კომპანიის ძირითადი ტვირთები, რომლებსაც ის რუსეთში აგზავნის. გადაზიდული სურათების, ქანდაკებებისა და სხვა საგნების გაცხადებული ღირებულება 36,6 მლნ დოლარს შეადგენს.

შედარებისთვის: ყველა სხვა ტვირთის ღირებულება, რომელთა იმპორტიც განახორციელა Bek Broker-მა, მხოლოდ 5 მლნ დოლარს შეადგენს.

Triple Seven

დოკუმენტირებული კვალი, რომელიც რეპიკს აკავშირებს 2023 წლის გადაზიდვასთან, ნაწილობრივ მომდინარეობს ე.წ. „პანამის ქაღალდებიდან“ – 2016 წელს გაჟონილი დიდი რაოდენობით იურიდიული ხასიათის დოკუმენტებიდან, რომლებიც ნათელყოფს, როგორ მალავდნენ თავიანთ ქონებას მდიდარი ადამიანები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის რუსები.

კომპანია, რომელიც მართავს იახტა Triple Seven-ს, არის Nawton Ltd. მას ბრიტანეთის ვირგინიის კუნძულებზე უდევს ბინა. Nawton-მა ჰოლანდიურ საზღვაოსნო კომპანია Kortmann Art Packers and Shippers B.V.-ს თანხა გადაუხადა იმისთვის, რომ მან ხელოვნების ნიმუშები ჩამოტვირთა იახტიდან და ისინი გააგზავნა ტაშკენტში, შემდეგ კი - მოსკოვში.

„პანამის ქაღალდების“ გაჟონვამ ნათელყო, რომ Nawton-ი ასევე ფლობდა თვითმფრინავს ბორტის ნომრით M-FINE. როგორც ფრენის მეთვალყურეობის მონაცემებმა აჩვენა, ადრე თვითმფრინავს იყენებდა კატერინა ტიხონოვა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ქალიშვილი.

მთლიანობაში ნიდერლანდულმა კომპანიამ იახტიდან ჩამოტვირთა 44 ხელოვნების ნიმუში და სხვა ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ნივთი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 4,6 მლნ დოლარს. მათ შორის იყო დალის, რენუარისა და მატისის სურათები; რემბრანდტ ბუგატისა და ფერნანდო ბოტეროს ქანდაკებები; იაპონური გრავიურები. იქვე იყო ასევე რეპიკის ოჯახის საყვარელი ნივთები: ბევრი სპილო - ლარნაკები, სამელნეები, პრესპაპიე, შანდლები.

ხელოვნების რუს კოლექციონერებს შორის თავად რეპიკი არ მიიჩნევა განსაკუთრებით უნარიან კოლექციონერად.

„ბაზრის იმ მოთამაშეთა წრეებში, რომლებიც რუსეთთან არიან დაკავშირებული, რეპიკი პრაქტიკულად უცნობია და არაფრით გამოირჩევა,“ მოუყვა „სისტემას“ ხელოვნების ისტორიკოსი და ყოფილი ჟურნალისტი კონსტანტინ აკინშა. „ის არ არის კოლექციონერი. მას სპილოები უფრო აინტერესებდა, ესაა ინტერიერის დეკორატორი გემოვნებისა და ცოდნის გარეშე“.

მაგრამ რეპიკის ცოლი პოლინა სოციალურ მედიაში ღიად ლაპარაკობს თავის კოლექციონერულ ოსტატობაზე.

ინსტაგრამში თავის გვერდზე მან გამოაქვეყნა თავისი ხელოვნების კოლექციის ზოგიერთი სურათი. ერთ-ერთზე, რომელიც 2021 წლით თარიღდება, გამოსახულია იახტა Triple Seven და სპილოს ფორმის ლარნაკი, რომლის ავტორია ფრანგი ხელოვანი ნიკი დე სენტ-ფალი. ეს ნამუშევარი, საბაჟოს ცნობით, 35 ათასი დოლარი ღირს.

იახტების არენდის კომპანიის ფოტოზე გამოსახულია Triple Seven, ძრავიანი იახტა, რომელიც მილიარდერ ალექსეი რეპიკთან არის დაკავშირებული.
იახტების არენდის კომპანიის ფოტოზე გამოსახულია Triple Seven, ძრავიანი იახტა, რომელიც მილიარდერ ალექსეი რეპიკთან არის დაკავშირებული.

ნიდერლანდური გადამზიდი კომპანია Kortmann-ის წარმომადგენლებმა „სისტემას“ შეატყობინეს, რომ მათთვის არ არის ცნობილი იმ ხელოვნების ნიმუშების გადაზიდვის საბოლოო მისამართი, რომელთა გადაზიდვაშიც მონაწილეობდნენ ისინი 2023 წლის იანვარში.

მაგრამ ერთი თვის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა რეპიკს პირადად დაუწესა სანქციები. ბრიტანელთა თქმით, რეპიკი იყო ბიზნესმენი, რომელიც რეგულარულად ხვდებოდა პუტინს. მოგვიანებით ბრიტანეთის მაგალითს მიბაძეს ავსტრალიამ და კანადამ.

წელს იანვარში იახტა Triple Seven თურქეთის ნაპირებთან შენიშნეს, პოლინა რეპიკი კი ინსტაგრამში განაგრძობდა თურქეთში გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას.

ალექსეი რეპიკმა პასუხი არ გასცა „სისტემის“ თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა. მაგრამ პოლინა რეპიკმა „სისტემას“ შეატყობინა, რომ ოჯახმა 2021 წელს გაყიდა Triple Seven.

საჯარო საზღაო რეესტრმა Equasis-მა, რომელიც შეამოწმა „სისტემამ“, აჩვენა, რომ მიმდინარე თვის მონაცემებით იახტა კვლავაც რეპიკის სახელზეა რეგისტრირებული.

რეპიკის მეუღლემ დაადასტურა, რომ მართლაც განხორციელდა ხელოვნების ნიმუშების რუსეთში იმპორტი, მაგრამ თქვა, რომ ისინი გადაეცა მუზეუმს, რომლის დასახელებაზეც უარი განაცხადა.

აბრეშუმის გზა ხელოვნებისთვის

ცენტრალური აზიის მთელი რეგიონი იქცა არხად სხვადასხვა სახის კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ, გვერდი აუარონ დასავლეთის სანქციებს და რუსეთში საქონლის იმპორტი განახორციელონ.

2022 წლის მარტში ევროპის კავშირმა შეერთებულ შტატებთან, შვეიცარიასთან და სხვა ქვეყნებთან ერთად ერთობლივად შემოიღო სანქციები რუსეთში ფუფუნების საგნების იმპორტზე. შეზღუდვები გავრცელდა ხელოვნების ნიმუშებსა და ანტიკვარიატზე, რომელთა ღირებულება აღემატება 300 ევროს.

მანამდე რუსეთში ხელოვნების ბაზარი ცოცხალი და მომგებიანი სფერო იყო კოლექციონერების, ექსპერტების, გადამზიდი კომპანიების, რესტავრატორებისა და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სახის ბიზნესებისთვის. ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში, რომელიც ოდესმე გაყიდულა აუქციონზე, იყო ფერწერული ტილო „სამყაროს მხსნელი“, რომელიც ლეონარდო და ვინჩის მიეწერება. 2017 წელს ის 450,3 მილიონ დოლარად იყიდა რუსმა მილიარდერმა დმიტრი რიბოლოვლევმა.

მაგრამ 2023 წელს რუსეთში 125 პროცენტზე მეტით გაიზარდა საკუთრივ რუს ხელოვანთა ნამუშევრების გაყიდვა და 25 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ იტყობინება რუსული ბაზრის შემსწავლელი ფირმა ARTInvestment. ეს კი იმის ერთ-ერთი ნიშანია, როგორ შეიცვალა ორიენტაცია რუს კოლექციონერთა ბაზარმა და გადაერთო რუს ხელოვანთა ნამუშევრებზე.

ფუფუნების საგნების იმპორტზე შეზღუდვის დაწესებასთან ერთად დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს რუსი ოლიგარქების - პოლიტიკური კავშირების მქონე ბიზნესმენების - აქტივების კონფისკაცია.

2022 წლის მაისში ბრიტანეთის ხელისუფლებამ კონფისკაცია უყო ფაბერჟეს კვერცხს, რომელიც ეკუთვნოდა ვიქტორ ვექსელბერგს, რუს ოლიგარქს, რომელმაც ქონება დააგროვა ნავთობითა და ლითონებით ვაჭრობით. თითქმის ორი ათწლეულის წინათ ვექსელბერგმა ხელოვნების სამყაროში ფურორი მოახდინა, როცა აშშ-ში ფორბსების ოჯახისგან შეიძინა რამდენიმე ფაბერჟეს კვერცხი და სხვა ნივთები და პირობა დადო, რომ ამ ნივთებს რუსეთში დააბრუნებდა.

2022 წლის ნოემბერში გერმანიის პოლიციამ 30 ფერწერული ტილოს კონფისკაცია გააკეთა იახტაზე, რომელიც ჰამბურგში გადიოდა რემონტს. იახტა ეკუთვნოდა ალიშერ უსმანოვს, უზბეკური წარმოშობის მილიარდერს, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული კრემლთან. პოლიციამ მას ასევე ოთხი ფაბერჟეს კვერცხი ჩამოართვა.

2022 წელს ხელოვნების ნიმუშები ამოიღეს იახტიდან, რომელიც ეკუთვნოდა ფარხად ახმედოვს, აზერბაიჯანული წარმოშობის რუს ბიზნესმენს, რომელიც ადრე რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაში მუშაობდა.

ალექს პრეზანტი, ბრიტანელი იურისტი და თანადამაარსებელი არაკომერციული ორგანიზაციისა State Capture: Research and Action, ამბობს, რომ ნებისმიერი მოქალაქე ან ორგანიზაცია, რომელსაც დიდ ბრიტანეთში ან ევროკავშირიში უდევს ბინა, შეიძლება მიეცეს პასუხისგებაში, თუ დადგინდება, რომ ის რუსეთში ხელოვნების ნიმუშების იმპორტს ეწევა სანქციების გვერდის ავლით. მისი თქმით, პირი შეიძლება პასუხისგებაში მიეცეს, თუკი ხელოვნების ნიმუში აღმოჩნდება მესამე ქვეყანაში, მაგალითად, უზბეკეთში და თუ გამგზავნმა იცის, რომ ტრანსპორტის საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთია. მაგრამ პასუხისმგებლობა დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა იცოდა ან უნდა სცოდნოდა ტვირთის გამგზავნს ხელოვნების ნიმუშის საბოლოო მფლობელზე და დანიშნულების ადგილზე.

Make Art, Not Guns

რეპიკები ერთადერთი მდიდარი რუსები არ ყოფილან, ვინც Bek Broker-ის მომსახურებას იყენებდა ხელოვნების ნიმუშების გადასაზიდად.

საბაჟო მონაცემებმა აჩვენა, რომ ტაშკენტის გავლით ხელოვნების ნიმუშების იმპორტს ეწეოდა ასევე მკრტჩ ოქროიანი, ბიზნესმენი, რომლის კომპანიები აწარმოებენ ძრავებს ფრთოსანი რაკეტებისთვის და სათადარიგო ნაწილებს სამხედრო ვერტმფრენებისთვის, რომლებსაც რუსეთის არმია იყენებს.

მკრტიჩ ოქროიანი
მკრტიჩ ოქროიანი

2023 წლის თებერვალში მკვლევრებმა, რომლებიც კორუფციასთან მებრძოლ, აწ გარდაცვლილ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნისთან იყვნენ დაკავშირებული, გამოაქვეყნეს გამოკვლევა. მასში ნაჩვენებია, რომ ოქროიანის ოჯახი ლონდონში ფლობს სამოთახიან სახლს, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 10 მილიონი გირვანქა სტერლინგი.

ამ გამოაშკარავების შემდეგ ზოგიერთი სურათი და ხელოვნების სხვა ნიმუშები, რომელთა საერთო ღირებულება 286 ათასი აშშ დოლარია, საბაჟო მონაცემების თანახმად, გაიგზავნა უზბეკეთში. ერთ-ერთ რუსულ საბაჟო დოკუმენტში, რომელიც 2023 წლის 21 თებერვლით არის დათარიღებული, მითითებულია ოქროიანის ცოლი ალა. ის ხელს აწერს შეკვეთას სურათების ტაშკენტში გადაგზავნის თაობაზე. შემდეგ Bek Broker-მა ტვირთი ტაშკენტიდან მოსკოვში ჩაიტანა.

ექვსი თვის შემდეგ, 2023 წლის სექტემბერში, შეერთებულმა შტატებმა ოქროიანი და მისი ოჯახი სანქციების სიაში შეიყვანა. რამდენიმე თვის შემდეგ იგივე გააკეთეს ევროპის კავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა.

რადიო თავისუფლებამ კომენტარის თხოვნა გაუგზავნა პირადად მკრტჩ ოქროიანს და მის კომპანიას, მაგრამ არცერთისგან არ მიუღია პასუხი.

XS
SM
MD
LG